***

შუაღამისას გამეღვიძა. ღამის ნათურა ჩართული დაუტოვებია, ალბათ ადრე მაქვს ნათქვამი, რომ სრული სიბნელის მეშინია.

სინათლეს ვუყურებ და რაღაც მონოტონური ხმა ჩამესმის, რიტმული. ჭერიდან წვეთავს.
სინათლე, წკაპუნი, სინათლე, წკაპუნი. ძილს თავისთან მივყავარ.

დილით, თვალის გახელამდე, შემწვარი კვერცხის სუნი მეცა. შეუ სამზარეულოში ჭურჭელს აჩხარუნებს. ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! ოთახში ნესტის მსუბუქი სუნი დგას. იატაკი სველია, ეტყობა ცოტა ხნის წინ მოწმინდა. ჭერიდან აღარ წვეთავს, მაგრამ სველი ლაქა იმის დასტურია, წუხანდელი წკაპუნი არ დამსიზმრებია. ჭერის ეს კუთხე მალე გაყვითლდება და ყოველთვის ჩვენს აქაურ პირველ ერთობლივ ღამეს გამახსენებს.

ღმერთო, ოღონდ ეს არა! ლაქას შიშით ვაკვირდები. არა, მრგვალი გვერდები აქვს, პროფილს არაფერი უგავს. არც პროფილი, არც შლაპა, არც ღაბაბი, არაფერი. კიდევ კარგი. მიხარია, ისე მიხარია, მინდა წამოვხტე და ვიყვირო, რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი და თავისუფალი.

თავისუფალი ჩემი წარმოსახვებისგან, შიშებისგან, ფაქიზი ფსიქიკისგან, მაგრამ ლაქის წრის შიგნით ორ სველ წერტილს ვამჩნევ. ვამჩნევ და სანამ ისიც შემამჩნევს შეუს ვეძახი.

_ მეფის კარის მზარეული ახლავე გეახლებათ! – მპასუხობს.

სანამ შეუ ჭურჭელს აჩხარუნებს, წერტილებს მივჩერებივარ და წერტილებიც მომჩერებიან. ოთახში შეუს შემოსვლამდე ცალი წერტილიდან წვეთი ვარდება და იატაკზე ეცემა. ცრემლივით, სიმწრის ოფლივით, თხოვნასავით და უკვე ვიცი, შეუსთან ვეღარ გავცემ, მოსაკლავად ვერ გავიმეტებ.

 

 

 

 

1 2 3 4 5