***

ამ ძელსკამზე წლებია არ ჩამოვმჯდარვარ, ნერვიულობისგან თითები მეყინება. პირველად ამოვედი ჩემების სახლთან ისე, რომ არ წვიმს. ხომ ამდენი წელი გავიდა და არაწვიმიან ამინდში ამოსვლის მაინც მეშინია. თან, გაზაფხულზე. არ მინდა გამოვტყდე, რომ ამ იდიოტის სანახავად მოვედი. თითქოს სინამდვილე არცაა, რომ აქ, ჩემი ბავშვობის სახლის მოპირდაპირე მხარეს, გატეხილ სკამზე ვზივარ და ვეუბნები, რომ მართა მქვია, გამარჯობა. მშრალზე შეიძლება ვერ მიცნო, მაგრამ ის ვარ, მაშინ წვიმაში ჩამბალი რომ მნახე.

_ ესე იგი – მართა. მართა, მართა… იშვიათი სახელია. ლამაზიც. მე შეუმდგარი მსახიობი ვარ.
სახელადაც გამოდგება, ან უფრო – ფსევდონიმად.

_ მილიონერიდან მსახიობამდე ერთი ნაბიჯია? – რიჩარდისგან ნასწავლი ტუჩის მარცხნივ აქაჩვით ვიღიმი, რომ ნათქვამი ირონიულს დავამსგავსო.

_ თუ წინ „შეუმდგარი“ უდგას, ის ერთი ნაბიჯიც არ სჭირდება. – ისიც ტუჩების რაღაც ხელოვნური მიმოხვრით იღიმის, რომ ნათქვამს როგორმე „ოქრო იუმორის“ ბეჭედი დაუსვას.

არალოგიკურია, მაგრამ ასეა: როგორც კი ფურცელს ჰორიზტალურად წელავენ, თვალებში სევდა უდგება. ამ შტრიხს რომანში გამოვიყენებ. ღიმილის დროს – თვალებში სევდის ჩადგომა და სერიოზულ მდგომარეობასი თვალებით ღიმილი, ან რამე ეგეთი.

_ რას საქმინობ, მართა?

_ ვწერ.

_ წვიმაში დგომისგან გარდაცვლილთა ნეკროლოგს, მათი მაყურებელი შეუმდგარი
კრიკატურისტების ბედს თუ…

ჩაგვირისტებული ფრაზებით თავის მოწონების თავი სად მაქვს, თუ ძმა ხარ, მოკლედ ვუჭრი:

_ რომანს.

_ რაკი საქმე „რომანზე“ მიდგა, ბარემ… მარტო ცხოვრობ თუ?..

_ თუ.

_ ანუ?

_ რიჩარდი ჰქვია.

_ აჰ. ოჰ. ანუ. თან „რრრრიჩჩჩჩარდ!“ მაშასადამე. ვაითუ. სახელდობრ?

_ სახელდობრ, სახელი მისი – რიჩარდი. აქვს ძალიან დახვეწილი პროფილი, კარგი ფორმის თავი და იმ თავზე ღია ნაცრისფერი შლაპა. ჰო, აგრეთვე აქვს პატარა, ძალიან საყვარელი ღაბაბიც, კი.

_ ღაბაბიც თავზე?

 

***

ინტერვიუს, როგორც წესი არ ვთანხმდები, რიჩარდს აღიზიანებს, მაგრამ გამომცემელმა ძალიან მთხოვა და დავთანხმდი. რიჩარდს, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა. ბოლო დროს ნერვები ისე აქვს დაჭიმული, არავის დანახვა არ უნდა.

ჩაიდასხმული ჩუსტები გავრეცხე. ნარეცხმა წყალმა დარიჩინის სუნი აუშვა და გამიკვირდა, რომ ვიგრძენი. ანუ მშვიდად ვარ, არაფერზე ვნერვიულობ და ყველა შეგრძნება მიმუშავებს.

კარზე ზარია. დარიჩინის სუნი წამში გაქრა. გაბრაზებული გამოვვარდი და კარი გამოვაღე.

ფეხსაწმენდ ტილოზე გოგო კი არა, ნამდვილი შაშვის ბარტყი დგას, ჭრელი ჩანთით. ხასიათი წამში გამომიკეთდა, მაგრამ ბარტყმა შინდისფრად შეღებილი ნისკარტი გააღო და დაიჭიკჭიკა:

_ გამარჯობათქალბატონომართა. მეთამთავარ. მადლობარომდამთანხმდით.

ეს სამი გენმოდიფიცირებული სიტყვა თქვა თუ არა, მაშინვე ვინანე, რომ ინტერვიუზე უარი არ ვთქვი.

_ ტილოს ქვეშ წერილი დაგიტოვე, – ვეუბნები და ტილოს ვწევ, ქაღალდის ნაგლეჯს ვუჩვენებ.

დაიხარა, აიღო, გაშალა.

_ „ჩუსტებს… ვრეცხავ… გთხოვთ მოიცადოთ…“ – კითხულობს და ქვედა ნისკარტი უცახცახებს.

_ არა უშავს, – ვუღიმი. – შაშვები მიყვარს. შემოდი.

შემოვიდა და მისაღებისკენ წავიდა დაბნეული, დარეტიანებული. ჯერ ვიფიქრე, ვაცადო რას იზამს, მივყვე, მაგრამ მისაღებში ინტერვიუს ჩაწერა და გვერდით, საძინებელში შეკეტილი რიჩარდის „გასკდა თავი“ სახე რომ წარმოვიდგინე, ფრთაზე ხელი მზრუნველად მოვუთათუნე და თავით აქეთ, სამზარეულოზე ვანიშნე. ისეთი პატარა და დაბნეულია. ლამის შუბლზე ვაკოცო და ვუთხრა:

_ შაშვი, შვილი, ნუ ღელავ. შენც ახლა მარგარეტ ეტვუდთან არ იყო მოსული ინტერვიუს ჩამოსართმევად!

რიჩარდს ამქვეყნად ყველაზე მეტად სტუმრები არ უყვარს და მე კიდევ ყველაზე მეტად სტუმრებისთვის რიჩარდის დამალვა მიყვარს. ამ მხრივ, იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს.

სამზარეულოს კარი მოვხურე და შიგნიდან ჩავკეტე. ჟურნალისტი თამთა გაფითრდა. _ ჩაკეტილი სივრცის შიში გაქვს? – ვეკითხები და გულში ვამატებ „ჰა, შაშვი, შვილი?“ _ არაარმაქვს.

მიყურებს ეგრე გადიდებული თვალებით. მე რომ რედაქტორი ვიყო, ჟურნალისტს ისე არ მივიღებდი, თუ კლაუსტროფობიაზე არ გამოვცდიდი.

კარს ისევ ვაღებ და ზუსტად ვიცი, ამის გამო რიჩარდს იქითა ოთახში ნერვები მოეშალა. გონებაში თვალს ვუკრავ და ვეუბნები: „უბრალოდ, ჩავთვალე, გერჩივნა სახლში ხმაური აგეტანა, ვიდრე სახლიდან გვამი გაგეტანა.“

გოგოს ფერი უბრუნდება. ჩაის ვუსხამ, სამ კოვზ შაქარს ვუყრი, დარიჩინის ჯოხს ვუფშხვნი, თაფლს ვუმატებ, ღოღნაშოს მურაბის წვენსაც. ძალინ მინდა, მოვუბოდიშო, რომ საკენკი არ მაქვს, მაგრამ იუმორთან დიდად შემეგობრებული არ ჩანს. ამიტომ, უსიტყვოდ ვურევ ჩაის და ვაწვდი.

_ დავიწყოთ.

_ გმადლობთ. რასგვეტყვით თქვენსპირად ცხოვრებაზედა ახალრომანზე, რომელსაც მკითხველი სულმოუთქმელად ელოდება?

_ გეტყვი, რომ ორივე დაწყებული მაქვს: რომანიც, პირადი ცხოვრებაც. – ვუღიმი.

ჰა, რიჩარდ, გვისმენ? აღიარე, რომ სუპერ პასუხი იყო!

_ და… როდის დაასრულებთ?

_ რომელს, რომანს თუ პირად ცხოვრებას? – ვუღიმი.

ჰე, ჰეე, რიჩარდ! ესეც აღიარე, რომ ქალი კი არა, მოსიარულე „მჯობნის მჯობი არ დაილევა“ ვარ. ღმერთო, როგორ გაგიმართლა, რომ გყავვარ!

გოგომ ერთი ყლუპი მოსვა და ზუსტად ისეთი ძალისხმევით გადაყლაპა, როგორც მე მაშინ, რიჩარდის ჩუსტის წაბილწვამდე. ფეხები სასწრაფოდ სკამის ქვეშ შევიკეცე. დღეში ერთი წყვილი ჩუსტის გარეცხვა სრულიად საკმარისია.

აჰა, გაირკვა – არა მხოლოდ მჯობი არ დაილევა ვარ, არამედ პლუს „ამის გაკეთებული ჩაი არ დაილევაც“. ხომაა პოეზია-რითმა-რიტმი, ჰა რიჩარდ?

_ მაპატიეთ, ქალბატონო მართა, მე მხოლოდ ყავას ვსვამ ხოლმე… უშაქროდ.

გესმის, რიჩარდ? ერთი ყლუპიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიტყვები დაეცალკავებინა. ნამდვილი ჯადოქარი ვარ!

_ ისა… როგორ ვთქვა… თქვენ ყველაზე თავისებური ბუნების, უცნაურ მწერლად გაღიარებენ, ამაზეც მინდა მესაუბროთ, თუწინააღმდეგი არიქნებით.

_ ვითომ წეღან უფრო საჭირო იყო, ვიდრე ახლა?

_ …რრას გულისხმობთ?..

_ „მაპატიეთ“-ს. ჩამოვყალიბდეთ, რისთვის იქნებოდა უფრო „უპრიანი“ პატიება გეთხოვათ – რატომღაც თქვენობითზე გადავდივარ, – იმისთვის, რომ ყავას სვამთ უშაქროდ თუ იმისთვის რომ ყველაზე უცნაურ მწერალს მიწოდებთ. გინდა თქვათ რომ ნორმალურ-ჩვეულებრივის სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებ? ნუ დაიძაბებით, რატომ იძაბებით? მე ხომ გიღიმით.

რიჩარდ, მაპატიე, ამწამს გავიფიქრე, რომ შესაძლოა შენთვის გვამის გატანა უფრო ნაკლებ გამაღიზიანებელი ყოფილიყო, ვიდრე ამეების მოსმენა. ბუაჰაჰაჰა. რიჩარდ! ნუ ახველებ, იცოდე, თუ გოგოს დააფრთხობ, სულს გააფრთხობს!

 

1 2 3 4 5