***

სახლში დავბრუნდი თუ არა, აბაზანაში შევვარდი. არ მინდოდა, რიჩარდმა ასეთი გალუმპული მნახოს. ცხელ წყალს ვივლებ და ვფიქრობ, როგორ შეეცვალა რიჩარდს ხასიათი. დრო იყო, დღე ისე ჩაივლიდა, ხმას არ ამოიღებდა. ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია. ყოველდღე ვჩხუბობთ. ონკანო, ნება მიბოძე, დაგადუმო. სხეულო, მაპატიე – დუშგელების თავი არ მაქვს, წყლის გადავლებაც საქმეა. აჰა, თავზე მასაჟიც გავიკეთე და ძუძუებიც გავიწურე. მინდა, შიგნიდან ის ჭუჭყიანი წყალი გამოვიწრიტო, ან ის შეგრძნება მაინც, რომ ჭუჭყიანი წყალი შიგნით ჩამიგუბდა, მაგრამ მგონი არაფერი გამომივა. ორივე გაგებით.

„ხსენი გამოიტანს, მართავჩემო, ოდესმე.“ – გავიფიქრე, თვითირონიითაც და იმედიანადაც.

გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი. გვერდიგვერდ მდგარი ფინჯნებიდან ჩაი მხოლოდ რიჩარდის ფინჯანში ჩავასხი – ჩემთვის. როცა გაბრაზებულია, სჯობს ჩაის ხომ არ დალევ საყვარელოსებრი კითხვებისგან თავი შევიკავო.

როცა ცუდი დღე მაქვს, გემოს შეგრძნებას ვკარგავ, არაფრის გემოიანი ჩაის სმა კიდევ მძულს. ამიტომ ერთის ნაცვლად სამ კოვზ შაქარს ვყრი და ბოლო ნამცეცის გადნობამდე ვურევ. დაფქულ დარიჩინსაც ვამატებ. ლიმონს შუაზე ვჭრი, ერთ ნახევარს ფინჯანში ვწურავ, მეორეს – სამზარეულოს ნიჟარაში. ამ მეორეს ისე ძალიან – ყველა კუნთი მეჭიმება. წარმოვიდგენ, ვითომ ამ წვენს, სინამდვილეში, ძუძუდან ვიწურავ და ვთავისუფლდები.

ჩაისთან ვბრუნდები, ერთ სავსე სუფრის კოვზ თაფლსაც ვამატებ და საძინებლისკენ მივდივარ. შევედი თუ არა, მოვსვი. ისეთი უგემურია, როგორც რა ვთქვა… როგორც ძუძუდან გამოწურული სითხე, რომელიც არც რძეა, არც ხსენი, არც ლიმონის წვენი. რიჩარდის რომ არ მერიდებოდეს, პირიდან ისევ ფინჯანში გადმოვასხამდი, მაგრამ რიჩარდს არაესთეტიკური რამეები სძულს.

_ ჩემების სახლთან ვიყავი, რიჩარდ. – ვეუბნები.

ვცდილობ მშვიდად ვისაუბრო. დილით საკმარისად ვიშალეთ ნერვები ორივემ.

თავიდან უხაროდა, რომ ჩემს ახალ რომანს მასზე ვწერ. ბოლო დროს გაღიზიანებულია, ეჩვენება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ადრე, როგორც ყოველთვის და ეს რომანის ბოლო თავებსაც დაეტყო.

არც შეტოკებულა. თითქოს არც შევსულვარ, თითქოს არაფერი მითქვამს. როცა ასე გაიქვავებს ხოლმე თავს, სულ მეშინია, რომ მოკვდა. ან ახლა მოკვდა, ან ოდესმე მოკვდება და რომანს ვერასდროს დავასრულებ. ხან რა სულმოკლე ვარ, ღმერთო.

ვგრძნობ, როგორ მკვრივდება და იჭიმება ოთახში ჰაერი. სანამ რამეს იტყვის, წინასწარ ვგრძნობ ამ გატკიცინებულ ჰაერში როგორ იწყენებენ ვიბრირებას უხილავი ტალღები. რიჩარდის შუბლზე გადმოფხატული შლაპის კიდე – ძლივსშესამჩნევად თრთის.

_ შენების სახლთან.. და სხვა არაფრის მოყოლა არ გსურთ ჩემთვის, მწერალო მართა?

ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს: ან პასუხის გაცემა, ან, დროის მოსაგებად, ჩაის დალევა. როგორღაც ვყლაპავ კიდევ ერთ ყლუპს და ძალიან ვცდილობ, გული არ ამერიოს. რიჩარდს თვალს ვაცილებ, პირში კოვზს ვიდებ, კბილებს ვაჭერ და თავს ვაჯერებ, რომ თუ ადამიანს უნდა, გული არ აერიოს, ასეთ დროს პირში კოვზის ჩადება და ზედ კბილების დაჭერა უებარი, ნაცადი მეთოდია.

_ ეს, ბებიაშენის ჩვენთვის ნაჩუქარი სახლი აღარ გაკმაყოფილებს, მწერალო მართა? როცა „მწერალოს“ მეძახის, ნიშნავს, რომ ძალიან გაბრაზებულია.

_ ატყობ, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად დადიხარ იმ დაწყევლილ სახლში? – რიჩარდმა ტუჩის მარცხენა მხარე ოდნავ განზე გაქაჩა, რომ ირონია გაამძაფროს.

_ მხოლოდ გაზაფხულის წვიმებისას, როგორც ყოველთვის. – სიმშვიდის თამაშს განვაგრძობ.

ვიცი, რომ საოცარი ინტუიცია აქვს და იმ გაწელილსახიან კაცთან შეხვედრას გრძნობს.

_ როდესღაც დგება ხოლმე წუთი, როცა აღარაფერი ისე აღარ არის, „როგორც ყოველთვის,“ მწერალო მართა. ვ. მართა-ვ.

აქამდე თვალს ვარიდებდი. ახლა ავხედე. იმის სახე ჩემსაზე ერთი მტკაველით მაინცაა მაღლა. მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. „სახეზე მიტკლისფერი ედო“, – როგორც ვინმე ჩემზე უნიჭო მწერალი იტყოდა. თითქოს ღაბაბიც უფრო მეტად გამოეკვეთა, ვიდრე აქამდე. უცებ იმ გაწელილის პროფილი გამახსენდა და შევადარე. რა ბოროტებაა ასაკი, ღმერთო. ის „შეუმდგარი მილიონერი“ უბრალოდ რიჩარდზე ახალგაზრდაა, თორემ რიჩარდს გაცილებით უფრო დახვეწილი ნაკვთები აქვს, ხასიათიც – ბევრად უკეთესი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის გაწელილსახაიანი უგებს, იმიტომ რომ ღაბაბი ნებისმიერ ვრიანტში რიჩარდს რჩება, როგორც დამარცხების უტყუარი ნიშანი.

_ შეგიძლია ჩემი ნათქვამი ფრაზა – „როდესღაც დგება ხოლმე წუთი….“ ჩაწერო შენს ძვირფას

რომანში, მწერალო მართა. შენ ხომ რეალურად მხოლოდ ამისთვის გჭირდები, რომ რომანისთვის გამომიყენო.

გადასაყლაპად გამზადებული ჩაი პირიდან ამოვასხი და რიჩარდს ჩუსტებზე დაესხა.
ჩაისთან ერთად ნერვებმაც ამომასხა:

_ „რომ გამომიყენო, რომ გამომიყენო!“ ამ სისულელეს რა ჯანდაბად მიმეორებ ყოველ წუთში?! ჩუსტზე ბოდიში, გაგირეცხავ.

 

 

1 2 3 4 5