_ მოდი, ვაღიაროთ, რომ სასაცილო მიზეზით გამოწვეულ დასასრულზე ვოცნებობთ. ვთქვათ, ფილტვების ანთებით სიკვდილზე. 21-ე საუკუნეში. ჰაჰა. სასაცილო თამაშია, კი.

ჩემს დამამშვიდებელ გარინდებაში ვიღაცის ხრეშივით შემოყრილმა სიტყვებმა უცებ ამამღვრია, საკუთარი თავის მყუდრო ფსკერიდან ისევ სააქაოში ამომატივტივა. თვალებს მაინც არ ვახელ. ვცდილობ, სახურავის საწვიმარი მილიდან ჩემს თავზე თხლიშინით ჩამოქცეული წყლის ხმაზე ვკონცერტრირდე, შიგ გარეული უცხო ხმის ფუჭი მარცვლები ამოვარჩიო და ჯანდაბაში მოვისროლო.

გონებაში ნახაზს ვადგენ: წვიმის წყვეტილი ხაზები ჯერ სახურავზე ეშვება, სახურავიდან ბლაგვი კუთხით – საწვიმარ მილში და იქიდან – წრის ცენტრში დასმულ წერტილში. ფიქრი გამირბის – ნეტა, ზედხედში მართლა ასე წრესავით მრგვალი თავი მაქვს, თუ ცალ მხარეს, წოლისგან ოდნავ შეზნექილი?

წარმოსახვითი ძაბრით წყვეტილების კონას ჩემში, ჩემს შიგნით ვუშვებ.

_ მდაჰ…

ეს ვიღაც იდიოტი არ მეშვება. ერთ, ორი, სამი, ოთხი. ოთხი ასო ჭიანი ლობიოს ოთხი მარცვალია: მ, დ, ა, ჰ. ვყრი. დანარჩენ ხმას, წყვეტილ ხაზებთან ერთად, ნახვრეტის ძაბრი ისრუტავს და ჩემს შიგნით უშვებს.

ეს თხლიშინით ჩამოსული წვიმის წყალი ჩემს შიგნით რაღაცნაირი ზანტი ხდება, მდორე. ამდენი ხანია ვდგავარ და ჯერ წელამდეც ვერ გამომრეცხა. ჩამიგუბდა ეგრე შიგნიდან ძუძუებში და გაჩერდა. დღეს ძნელი იქნება ჩემი გამოსუფთავება, ვგრძნობ.

როცა რიჩარდთან ვჩხუბობ, ასე მემართება. შიგნიდან ვიბურდები, ამ კამათისას გაშვებულ ფესვებს წვიმა ვერაფერს აკლებს, პირიქით, მიჯირჯვლდება და სუნთქვა მიჭირს. სხვა შემთხვევაში, ეს მეთოდი ყოველთვის მშველის. კონკრეტულად ამ სახურავმოვლილი, ამ ჟოლობიდან ამ წარმოსახვით ძაბრში ჩამოსხმული წვიმა ყოველთვის საფუძვლიანად მასუფთავებს ნეგატიური ამბებისა და შეგრძნებებისგან. ჯანმრთელობაც კი მიუმჯობესდება.

_ აჰა, ანუ ძალიან ექსტრავაგანტულ როლს ვირგებთ… – გაჩუმებას აშკარად არ აპირებს. – არ ვიმჩნევთ ჩვენი მისამართით ნათქვამ სიტყვებს, არ ვაფასებთ სიტყვების პატრონის უმაგრეს იუმორს და წვიმაში ჩამბალი ბათინკის ლანჩზე ვიკიდებთ. კვლავ და კვლავ – მდაჰ.

აი, როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ თავსხმა წვიმისთვის თავშეშვერილ უცხო ქალთან იდგე და რაღაც სისულელეებზე ისე ელაპარაკებოდე, ვითომც არაფერი.

_ ოჰო. აჰ. უჰ. ავაჰმე. მოწევთ?

ჯანდაბა! წარმოსახვით ნახაზზე წყვეტილი ხაზები საბოლოოდ ქრება, კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებ. რიტუალის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნახაზს ვჯღაბნი, ვხევ, ვანაკუწებ და ამ იდიოტს თავზე ვაყრი. მერე რა, რომ ვერ გრძნობს.

მედიტაციის გაგრძელების მცდელობას აზრი არ აქვს, თვალს ვახელ.

_ მოდი, ჩამოვყალიბდეთ: სასასცილო მიზეზით სიკვდილს ირჩევთ თუ შეუმდგარ მილიონერთან ერთად მოწევას?

არ ვიცი წვიმის ილუზიაა თუ მართლა ასეთი სახე აქვს, თითქოს წელვად ფურცელზე დახატეს, ზემოთ და ქვემოთ ხელი მოკიდეს და გაწელეს. წარბები ზემოთ აიქაჩა, ცხვირის წვერი და ნიკაპი – ქვემოთ.

_ არ ვეწევი, – ვეუბნები.

_ როგორც ვხედავ, არც კვდებით. მდაჰ…

ფურცელს ახლა ჰორიზონტალურად წელავენ. მიღიმის.

 

 

1 2 3 4 5