გეფერები სხვა რა გზა მაქვს რა მაქვს უფრო უკეთესი
გეფერები და აბები მილღვება მარცხენა ხელში
კი არ ვდარდობ შენს თავს მუდამ რომ მართმევენ სხვა რა გზა მაქვს
შეგიძლია დაივიწყო ერთ ოთახში მყოფი ლეში
მოხვალ აღარ მოგაბეზრებ ჩემს თავს ან თავგადასავალს
მოხვალ შენი გაყინული საცეცები გამაშეშებს
მე ვიცხოვრე ქუჩაშიც და მიწურშიც და სასახლეშიც
ყველაფერი დავაშავე ყველაფერმა დამაშავა

 

ცივი წყალი მინდა მხოლოდ ან ცივი წყლის სურნელება
ცხელი წყალი აირჩიონ ჩემზე უფრო სულელებმა
გეფერები ზოგჯერ სხვასაც წვერზე ხელებს ჩამოვუსვამ
ვიყურები ცაში წავალ ვიცი რომ დაუბერებლად
ამ სიყვარულს სად წავიღებ ამ სიყვარულს რაღას ვუზამ
გვიანია ჩემი მაღლა ასვლა ან გასუპერება
არაფერი აღარ მინდა სულ ფერებად სულ ფერებად
ვიფანტები ოღონდ ხელი არ დამადო წყლიან გულზე

 

იმ ქალაქში სადაც ცხოვრობს თუნდაც ერთი მეგობარი
ვერასოდეს მოგკლავენ და ვერასოდეს შეგღობავენ
მაგრამ იმ დღეს ჩუმად მითხრა კონსტანტინე არჩვაძემ
მალე ყველა მიგატოვებს ყველა შენი მეგობარი
მე დავფირდი მეგობრების მოსალოდნელ წასვლაზე
თუმცა ყველა უბანშია თითო პაბლო ესკობარი
თითო საავადმყოფოც და თითო მკაცრი მეზობელიც
კოკამ მითხრა შესაძლოა გააბუქა ნასვამზე

 

საით მიდიხარ წყალო

საით მიდიხარ კი არადარა გზით მოხვედი
ჭა მახსოვს კიდევ წყარო მახსოვს
ზღვაც და ონკანიც
წყალი ხარ წყალო
ჩემი გული რატომ მოკალი
მე შევეგუე სხვის ცხოვრებას ქარით მოხვეტილს
წყალო მე ვხედავ ფეხის ტერფებს როგორ მლოკავენ
შენი ტალღები და ამ ფურცელს არ ამოვხევდი
ჩემი მოთეთრო დღეებიდან ჩემი წიგნიდან
წყალო თავს რატომ არ მკარნახობ რატომ მიკეტავ
ყველა შენაკადს და გასასვლელს ამ ჩიხებიდან
რატომ მაშინებ შეშინებას რატომ არ მიშლი
ამ უსარგებლო და მომწამვლელ კვარცხლბეკებიდან
მალე გამიშვი
თორემ ხომ ხედავ ვბერდები და ხმაც კი დამემსხვრა
გავაღმერთე და თავს დამესხა თავბრუც დამესხა
ლაფიც და თავქვეშ ამოვიდე რბილი ბალიში
ხელები მშვიდად ამოვიწყვე და დავიძინე
და მაშინებდა საკუთარი გულის სიმძიმე
მეღვიძებოდა არყოფნაში და გაუგებრად
მეღვიძებოდა პანიკური ხმით და სიცილით
წყალო ფერები რად წაშალე ჩემ შეუღებავ
დაუსრულებელ უნაყოფო მარტოობიდან
წყალო მე ბევრი დრო არა მაქვს უფრო უფლება
თორემ მოვალ და ლურჯ ყვავილებს გულით მოგიტან

 

***
დამავიწყდა ჯერ უნდა გავმდიდრებულიყავი და მერე გავფუჭებულიყავი
თორე მდიდრებსა აქვთ მარტივი გზები სასწაულმოქმედ ხატებისკენაც
და დიდ ფსიქოთერაპევტებთანაც
დამავიწყდა ჯერ უნდა მომეწყო ცხოვრება და მერე გავგიჟებულიყავი
ჯერ ყველაფერი თავის ადგილას მქონოდა და მერე შემყვარებოდა
ჯერ დიად პიროვნებად შევმდგარიყავ და მეგობრებიც მერე გამეჩინა
ჯერ საწოლი მეყიდა და მერე ჩავწოლილიყავი
აბა ეგრე სადაა არაფერი იყო და დახმარებაც დაგჭირდეს
არაფერი იყო და სიყვარულიც გინდოდეს
არაფერი იყო და ხრამში სხვებიც გაიყოლო
მაპატიე ღმერთო დღეს ხორცის ნაჭერი შევჭამე
მარხვა დამერღვა
რამე მინდოდა აი ისეთი რო გგონია საკუთარ გულს ჭამ
მერე მშვიდად დავიძინე
აღარ განვიცდი
შეშინებული რომ მიყურებს
ვისაც დახმარება უნდა და არ შეუძლია
მეც მხოლოდ მას ვგრძნობ ვისაც შეუძლია და არ უნდა
მეც შენსავით ეგოისტი ვარ
მთავარია რო მეგობრები აღარ მოვატყუო სწორ გზას ვადგავარ
აი აი შუქიც გამოჩნდა
ერთი მაგისიც
ერთი შენიც ერთიც შენი მოციქულების

 

***
არ გამითავდებოდე გულში იმედო ბაღში ბალახო კარადაში ღვინოვ
არ გამითავდებოდე სიხარულის ტკივილო და ტკივილის სიხარულო
სხვა ცხოვრება აღარ გამომდის
არსად არ ვარ არსად არ მინდა

 

***
რომ მიკითხონ და აღარ ვიყო არაფერი არ უთხრათ იმათ
ვისაც ვუყვარდი ან პირიქით
არ მოვლენ მხოლოდ დარეკავენ
თქვენ კი გაეცით მოკლე პასუხი
რომ კარგად ვარ რომ უკვე მივხვდი
ყველაფერი ზღაპარი იყო რომ განვიკურნე
ასეც ხომ ხდება მიყვებიან დიდი კაცები
ეს ისე თუკი მიკითხავენ თორემ თქვენ თვითონ
ნურც მახსენებთ
ნურც გაიცინებთ

 

***
მე არაფერი გამაჩნია, გარდა ამ შენი
აფეთქებების და გულწრფელი ისევ არა ვარ.
ვზივარ და სუსტი მონაქროლი სიოც მაშინებს,
რომ ქარიშხლად არ გადაიქცეს, ჩემი კარავი
არ მოისროლოს ჯანდაბაში ასე გულღია
არ დავრჩე ცის ქვეშ, არ იწვიმოს, ან არ მოთოვოს
და თუ ჩემს ძვალ-რბილს ქუჩის ძაღლებს გადაუყრიან,
შენ ჩემი გული შეინახე, ის ხომ თოთოა
და მოუარე, მას უყვარდი, ის გაშენებდა,
მას არაფერი გააჩნია, გარდა ამ შენი
აფეთქებების. ჩემს უკუღმართ გადარჩენებთან
შენს ბნელ ოთახში შემოსაძრომ სარკმელს ვაშენებ.
არ დასრულდება არაფერი, ყველა ოცნებას
მივიწყებულს და იმედჩავლილს სადმე აგიხდენ,
სანამ ნელ-ნელა დავიხოცები.
მინდა და მაინც არ გამომდის რამე სხვა გითხრა.
მთელი დღე-ღამე უშენობის მწარე სუნია.
ჩემს კარადაში შენი ყავის ჭიქა დაობდა.
ერთი შეხედვით რა მარტივი დასასრულია.
ვზივარ ჭაობთან
და აღარავინ აღარ მოდის, მხოლოდ მირჩევენ,
რომ ჩანთა შევკრა და გავფრინდე სხვა ქვეყანაში.
სუყველაფერი აბსურდია. მოდი, მიშველე.
თოკზე გამფინე და გამაშრე. მოდი, გამაშრე.
შაკო ბაკურაძეს
მე რომ ქრისტე ვარ და შენ ღვთისმშობელი
ამაზე ალბათ გაიცინებენ
მაგრამ ჩვენ გარდა ხომ
აღარავინ არსებობს სამყაროში
შენ ახლა ჩუმად ხარ
მე ვსაუბრობ შენი ენით
და ჩვენ ვიცით რომ
პოეტების გარდა არავინ არაფერია
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ლოთები
ან ქეშები
ჩვენ შეიძლება გვქონდეს ვალები
ჩემი ნუგეშია შენი ცრემლები
და ჩემი ნუგეშია ნიკოლო
რომელიც შენმა ცოლმა შობა
და მაპატიე რომ ვიყავი ბოროტი
რომ მქონდა იარაღი
ყოველი შენი სიტყვა პოეზიაა
ჩვენ არ ვართ მეომეებჯ
უბრალოდ ვიცით რომ
ყველა მოღალატე სიკვდილს იმსახურებს
და სიკვდილიც რაა
ბახ და შეიძლება აღარ ვიყოთ
ბახ და შეიძლება მოვკლა ჩემი შეყვარებული
რადგან ასეთია ჩემი სიყვარული
ისე მიყვარს რომ გავანადგურებ
მადლობა რომ მასწავლე სიყვარული
მადლობა რომ ამიხსენი სიტყვა
შენ ხარ ჩემი ნუგეში
მე რომ ქრისტე ვარ
და შენ ღვთიშობელი
და რომ უვლი ჩემს ჭრილობებს

 

***
ცხოვრება ჩემთან რა სახითაც უნდა მოვიდეს,
ცუდით, თუ კარგით, რამდენიმე შანსს მაძლევს ხოლმე.
რომელიმედან უნდა ვისწავლო, რომელიმედან მცირედს დავჯერდე.
ის საბოლოოდ მიგახვედრებს, სიმარტოვიდან
იწყება ყველა მშვიდობა და აგრეთვე ომიც.
ან შეგიძლია, მზეს უყურო, სულაც არცერთი
არ აირჩიო. შენი მხრები – შენივე ტომი
გზას დაგანახებს და გასწავლის ფარულ ნახტომებს.
რომ შეგვძლებოდა, ერთხელ მაინც გადავარჩენდით
ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს ეს არ მომხდარა,
რადგან დავიწყე ჩემი გულის შიგნიდან ჭამა.
გული ჩავკეტე.
არ გამიგია არც შენი ხმა, მისი მუდარაც
დაფარა ტვინში მოწკრიალე ათასმა ზარმა.
სუპერმარკეტი
რომ არის ბანკთან, მოედანზე, იმ დღეს მის გვერდით
სამი საათი გელოდე, რომ გამოივლიდი.
რაც უფრო მეტად თენდებოდა, ქალაქს ვისმენდი
და მერე სახლში წამოვედი. იმ სიცილისთვის
მადლობა, მე რომ დავაყარე ჩემს თავს მოსულმა
სახლში, მშიერმა, უძილომ და უსიგარეტომ
მთელი უბანი მიყურებდა ისე ბოზურად,
ცივი წყალი რომ გადავივლე, თავი გარედან
დავინახე და გეფიცები, ბევრი ვიცინე,
მერე ცრემლებიც მომერია, მაგრამ ეგ რაა.
ამ სიყვარულის სიდიდემ, თუ მისმა სიმცირემ
შემაშინა და უცებ მივხვდი, ასე ვერ გავა
მთელი ცხოვრება. რა სახითაც უნდა მოვიდეს
ხოლმე ის ჩემთან, რამდენიმე შანსს მაძლევს, მე კი
სუყველას ერთად ჯანდაბაში მოვისვრი, მეტის
იმედით. რომელს აირჩევდი ჩემგან – ორიდან?
სანამ მთელ ნაგავს არ ამოკრეფ შენი სულიდან,
სანამ მის გულში არ დააცდი ყვავილს, იხაროს,
მანამდე სალამს კი მოგიძღვნის კეთილს, გულითადს.
ბოლოს კი შენი თავიც გეტყვის, სუ მკიდიხარო.

 

***
“მე დავწერ წიგნს, საიდანაც ჩემგან არ წახვალ.”
მიშო დადიანი

*
ყველაფერს დავწერ რაც იყო და რაც შეიძლება
მომხდარიყო და აღარ მომხდარა
ეს ჩვენი წიგნი ასე იწყება :
მე ხის ქოხთან ვარ
და მოდის გოგო შავგვრემანი თხელი ტუჩებით
და მოაქვს ჩემთვის გარჩეული თხილის გულები
და ვხვდები რაღაც აუხსნელს ვერ გადავურჩები
ყველა საფეხურს უფრო მეტად გაართულებენ
ყველაფერს დავწერ ჩემი ხელი როგორ ეჭირა
როგორ უვლიდა ჩემს ჭრილობებს როგორ მაცლიდა
საძირკველს როგორ ვერ შევძელი გადამერჩინა
როგორ წავიდა ჩემგან როგორც სუნთქვა კაციდან
მაგრამ დაბრუნდა და ცხოვრება ისე გავლიეთ
ხმა მივაწვდინე ყველა წასულს ყველა მშიშარას
და მაპატიე. სიგიჟეა. ჩემი ბრალია.
წიგნი თავისით პირველ გვერდზე გადაიშალა :
მე ხის ქოხთან ვარ
და მოდის გოგო შავგვრემანი თხელი ტუჩებით
და მოაქვს ჩემთვის გარჩეული თხილის გულები