რვა მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა მისი პირვანდელი დანიშნულება ყოველ წელს სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას. არადა კლარა ცეტკინი თუ ალექსანდრა კოლონტაი თავის დროზე ამ სიმბოლური აღნიშვნის მოტივად ქალებისათვის თანასწორობის მოთხოვნას და მათი უფლებებისათვის ბრძოლას ხედავდნენ. იქიდან გამმდინარე, რომ მეინსტრიმულ დღის წესრიგში მდგარი ლიბერალური ფემინიზმი ქალთა უფლებების საოცრად ვულგარულ და პრიმიტიულ გაგებას ტირაჟირებს, საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ საკითხისადმი კომპლექსური და ყურადსაღები მსჯელობები მოვიშველიოთ. ამ ტექსტში თანამედროვე სამყაროში ქალის როლის შესახებ გადაღბულ ერთ-ერთ საუკეთესო და მრავლისმთქმელ ფილმს გავიხსენებ, ფრანგული ახალი ტალღის ერთადერთი ქალი რეჟისორის, ფრანგული კინოს პატარა დედოფლის, ანიეს ვარდას სურათს, სახელწოდებით „თავშესაფრის გარეშე, კანონს მიღმა“.

ფილმი შემაძრწუნებელი კადრით იწყება. თხრილში ქალის გვამი გდია, რომელიც მალე სიუჟეტის ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდება და თანმიმდევრულად მივყვებით იმ მოვლენებს, რამაც მსგავსი ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. ვარდა პირველივე წამებში გვეუბნება, რომ ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, რითაც მაქსიმალურად დისტანცირდება მაყურბელზე მანიპულაციური ილეთებისგან. ყოველ შემდგომ სცენაში, სადაც მთავარ გმირს, მონას, საფრთხე ემუქრება, სასპენსის შეგრძნება გამქრალია, რადგან ხიფათის დროს, ჩვენ აღარ შეგვიძლია იმის იმედი გვქონდეს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, რომ დაძაბულ მომენტებში მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება გვექნება, რადგნ რეჟისორმა წინასწარ მოგვცა ცოდნა იმის შესახებ თუ როგორი სასრული წერტილი ექნება ისტორიას.

სურათი 1985 წელს გამოვიდა, შესაბამისად, იმ დროის საფრანგეთის სოციალურ რეალობას აღწერს, თუმცა ის დღეისთვისაც მოდერნულ ნაწარმოებად აღიქმება. ეს კი პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ფილმი პატრიარქალურ სამყაროში ქალად ყოფნის სირთულეებს აღწერს. მონა სიკვდილთან მიმავალ გზაზე მრავალ ადამიანს შეხვდება, ყველა კლასის წარმომადგენელს, უცხოელ მშრომელებს, მუშებს, მძღოლებს, მომვლელებს, ელიტარულ წრეში შემავალ ინდივიდებს, წარმატებულ ადამიანებს და სოციალურად მარგინალური ჯგუფების წევრებს. ყოველ მათგანს მონაზე სუბიექტური წარმოდგენები ექმნება და ამას ინტერვიუების სახით გვიყვება ვარდა, სადაც საუკეთესოდ ჩნდება სუბიექტური აღქმის მრავალფეროვნება. აქ კი რეჟისორი იდეალურად ახერხებს იმაზე ხაზგასმას, რომ უცხო, ეკონომიკურად ღარიბი ადამიანისათვის მცირედი დახმარების გაწევის აქტი, თანამედროვე საზოგადოებაში პირადი გამორჩენის გარეშე არ ხორციელდება.

ყველა ვინც რაღაც ტიპის დახმარებას უწევს მონას, ამას აკეთებს არა მისი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგისთვის ინტერესი მონას სხეულია, ზოგისთვის მისი ფრივოლური ბუნება, ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავი უკეთ იგრძნოს, დააჯეროს საკუთარ თავს, რომ სიკეთე ჩაიდინა, როდესაც რეალურად მაინც ბედის ანაბარა ტოვებს მას. მოტივაციები მრავალნაირია, თუმცა შედეგი მუდამ ერთნაირი: მონა, უსახლკარო ახალგაზრდა ქალი პროტექციის გარეშე, მუდმივი ჩაგვრის, ღირსების აყრის და მზრუნველობის გარეშე მიტოვების მსხვერპლია.

ვარდა დოკუმენტური და მხატვრული კინოს ილეთებების სინთეზირებით უფრო მეტად აძლიერებს რეალისტურობის შეგრძნებას და მაყურებელს აყენებს მონას ცხოვრების მცირე მონაკვეთის უშუალო თვითმხილველის მდგომარეობაში. მონა არ არის პერსონაჟი, რომლის მიმართაც სიმპათიები მარტივად გაგიჩნდებათ, ის ხშირად უხეში და თავხედური ქცევებით ფიქსირდება, ჭუჭყიანია და როგორც არაერთხელ ეუბნებიან, სუნი ასდის, მაგრამ საკითხი პიროვნულ სიმპათიებზე არ დგას, აქცენტი მის სოციალურ მდგომარეობაზე და საზოგადოებრივ როლზე კეთდება.

დასაწყისში, მას სატვირთოს მძროლი ეუბნება, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენ ქალაქში 90 000 ადამიანი ცხოვრობს, ახლა კი მხოლოდ სამიათასი კაცია დარჩენილიო, რაზეც მონას ერთ-ერთი პირველი სიტყვები გვესმის – ანუ 87 000 თავისუფალი საწოლია დარჩენილიო. მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ ახერხებს თავშესაფრის გამოძებნას და ყინვაში გარეთ უწევს ღამის გატარება, საუკეთესო შემთხვევაში კი მას სხვადასხვა ტიპის გამორჩენის მიზნით იტოვებენ სახლში. ვარდა საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობის ტრაგიზმზე აკეთებს კომენტარს, სახელმწიფო აპარატზე, რომელიც ნუგეშის გარეშე ტოვებს საკუთარ მოქალაქეებს, საზოგადოებაზე, რომლისთვისაც ეს მოცემულობა პრობლემურ საკითხს არ წარმოადგენს, რადგან მათ არ ეხება, კულტურაზე, სადაც დასავლური, ევროპული ცივილიზაცია და განმანათლებლობა განხორციელდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარგინალიზებული ადამიანები მზრუნველობის და ღირსების გარეშე არიან მიტოვებულები.

მნიშვნელოვანი მსჯელობა ჩნდება აგრეთვე თავისუფლების ეტიმოლოგიასთან მიმართებაში. ლიბერალური თავისუფლების კონცეპტი, რომელიც ინდივიდუალისტურ საზოგადოებას ახალისებს, რეალურად იმას აღნიშნავს, რომ გაჭირვებაში ყოფნა მხოლოდ შენი ბრალია და არავინაა პასუხისმგებელი ან ვალდებული, რომ დაგეხმაროს მის გადალახვაში. მონა ყოველმხრივ თავისუფალი ადამიანია, ოჯახისგან, სახელმწიფოსგან, რელიგიური კონფესიისგან, სოციალური კონტრაქტებისგან, ის არ მიეკუთვნება არავის და არაფერს, მხოლოდ საკუთარ თავს, ასეთ გარემოებაში კი ის მუდმივი რეპრესირების ობიექტად იქცევა, რადგან არავინ აღიქვამს მას როგორც მიზანს, ის ყველასათვის მხოლოდ საშუალებად აღიქმება. ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ სცენაში, პლაჟზე მარტო მყოფ მონას ორი მამაკაცი მხოლოდ იმიტომ არ გააუპატიურებს, რომ ერთს სამსახურში ეჩქარება და ამის დრო არ აქვს. თავისუფლება, იმ ტიპის, როგორც ამას ლიბერალური იდეოლოგია რომანტიზებულად გვკარნახობს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ადამიანის პირველადი საჭიროებაა, სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ პირადი ინტერესების მიღმა არავის აინტერესებ.

მონას როლის შემსრულებელი, სანდრინ ბონერი არქეტიპულ პერსონაჟს ქმნის, სიცოცხლით სავსეს და რეალისტურს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ პირველად უსულო მდგომარეობაში ხედავ და იცი, რომ მისი ნაადრევი აღსასრული გარდაუვალია, მაინც მრისხანებით გავსებს, რადგან ისიც იცი, რომ ეკრანს გარეთ განაგრძობს სიცოცხლეს. მონა არ არის კონკრეტული ინდივიდის ისტორია, ის უთანასწორობის კოლექტიური სახეა, ყველა ჩაგრული ქალის ავატარია, რომლებიც ცდილობენ დღევანდელ უპასუხისმგებლო სამყაროში გადარჩენას.

ფილმის ფერთა ტონალობა ცივი და გახუნებული, მკრთალი და უნაყოფოა, რაც რეზონანსულია მის სიუჟეტთან და ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალურად მუშაობს. კამერა თანაბრად კონცენტრირდება როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე და კონკრეტული ინტერაქციის აღბეჭდვის შემდეგ, მხოლოდ სივრცული პანორამის აღწერას აგრძელებს, თითქოს იმის აღსანიშნავად, რომ მართალია კადრი დატოვეს პერსონაჟებმა, მაგრამ ამ ტერიტორიას მალე სხვა ადამიანები დაიკავებენ იგივე საზრუნავითა და პრობლემებით.

ვარდა ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე აღწერს თანამედროვე საზოგადოების ცნობიერებას, რომელთანაც მართალია სიუჟეტურად 35 წელი გვაშორებს, მაგრამ თემატურად კვლავ ერთ მანკიერ სიბრტყეზე ვიმყოფებით. „თავშესაფრის გარეშე, კანონს მიღმა“ ერთ-ერთი საუკეთესო ფემინისტური ფილმია, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებს სოციალურ განზომილებას ყოველგვარი რომანტიზაციის გარეშე, მაქსიმალური სიშიშვლით და რეალიზმით აღწერს. ის პირველ რიგში რეფლექსიისთვისაა შექმნილი, რომ დასასრულს, მსჯელობის დაწყების აუცილებლობა გააჩინოს. იმედი მაქვს როდესაც ფილმს ნახავთ, თქვენც მრავალ კითხვაზე პასუხების მიღების საჭიროების ვნებით იქნებით აღვსილი.