ჩვენ თვალწინ იშლება ამერიკული სახელმწიფო, რომელიც თვითრეპრეზენტაციას დემოკრატიული ღირებულებებით ახდენს, თავისუფლების, ცენზურის არ არსებობის, თანაბარი შესაძლებლობის მიწად აჩვენებს თავს, ამ თავისუფლების სიმულაციური ფასადის მიღმა კი ვხედავთ რეალობას, სადაც მკაცრი კონტროლი, დამორჩილება, მოტყუება და კარნახი მიმდინარეობს, ხდება მორალური ფასეულობების ინფლაცია და უმაღლესი მსაჯულის ადგილს კი ღმერთის ნაცვლად მმართველი კლასი იკავებს, მისი საყდარი კი მსხვილი ბიზნეს კორპორაციები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მედია ხდება რომლებიც მომხიბვლელი მარკეტინგის მეშვეობით ცდილობენ შეფუთონ საკუთარი ავტორიტარული ბუნება.

სათვალეების მეტაფორული დატვირთვა ინტელექტუალურ ჭრილში რომ გადავთარგმნოთ, ეს არის ახალი პერსპექტივა, რომელსაც კრიტიკული თეორიები, ფილოსოფიური დოქტრინები თუ ანალიტიკური ტექსტები გვიყალიბებენ, გვიჩენენ კითხვებს საგნების და ჩვენს ირგვლივ არსებული სისტემების თავდაპირველი ბუნების შესახებ და გვიბიძგებენ გამოღვიძებისკენ. მართალია ფილმი ფანტასმაგორიული სცენარით ვითარდება, სადაც სამყაროს მსგავსი დაფარული ბუნება უცხოპლანეტელთა ინტერვენციითაა განპირობებული, რომლებთანაც მმართველი კლასი თანამშრომლობს, მაგრამ კარგი სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის არის მეტაფორული შინაარსის, რომელიც არსებულ რეალობაზე აკეთებს კომენტარებს. რეჟისორი რეიგანის პერიოდის ამერიკის, სამომხმარებლო საზოგადოების, კაპიტალისტური ეკონომიკის კრიტიკითაა დაკავებული და ცდილობს მისი ექსპლუატაციური ხასიათი მაქსიმალურად გასაგები და მარტივად აღქმადი ფორმებით წარმოაჩინოს. დაგვაანახოს, რომ სამყაროში არსებული უთანასწორობა, გაჭირვება და გაუცხოება არ არის ინდივიდუალური წარუმატებლობის ბრალი, არამედ იმ სისტემების იდეოლოგიური უკუჩვენებებია, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რომელთა დემონტაჟიც აუცილებელი და სასაიცოცხლო მნიშვნელობისაა.

სამი წლის წინ, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის დაწყების აღსანიშნავად გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს 26 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც მთელი პლანეტის ღარიბი მოსახლეობის 50 პროცენტი. „ისინი ცოცხლობენ“ სწორედ მსგავსი ფატალური კლასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ილაშქრებს, მაყურებელს მოუწოდებს, რომ თვალი გაუსწორონ სიმართლეს, რამდენად შემაძრწუნებლადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის, რადგან სხვანაირად, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში დავრჩებით, როგორც ფილმის პერსონაჟები მზის სათვალეების გარეშე, გზააბნეულები, გაუცხოებულები და მუდმივად გადარჩენისათვის მებრძოლები, ყოველგვარი კომფორტის, ნუგეშისცემის და ღირსეული ცხოვრების გარეშე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთო მტრის წინაშე გაერთიანება ფილმში მხოლოდ კლასობრივად ერთ სიბრტყეზე მყოფ ადამიანებს შორის ხდება. ყველა დანარჩენი ან კოლაბორაციონისტია, ან ცდილობს საკუთარი კეთილდღეობა სხვისი ჩაგვრის ხარჯზე მოიწყოს. ეს კი ძალაუფლებრივ სისტემებთან ბრძოლის ისტორიის ზუსტი ილუსტრაციაა, რადგან ყველა რევოლუციური მოძრაობა გაჭირვებული ფენიდან იწყება, დაჩაგრული სოციალური ჯგუფების გაერთიანებული ძალით წარმოებს და არა ინდივიდუალური ძალისხმევით, როგორც ამას ხშირად აღგვიწერს ხოლმე მეინსტრიმული გასართობი კინო სუპერგმირული ეთიკით.

„ისინი ცოცხლობენ“ ვიზიონერული ფილმია, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი 80-ანი წლების ამერიკულ კინემატოგრაფში. ის ერთბაშად არის საოცრად სანახაობრივი, ჩამთრევი, მხიარული, ატმოსფერული, სავსე საციტირო ფრაზებით და რამდენად ოქსიმორონივითაც არ უნდა ჟღერდეს, ფანტასტიკური რეალიზმის შემცველი. იმედია ჯონ კარპენტერის კლასობრივი წინააღმდეგობის მანიფესტი ისეთივე გზამკვლევად მოგემსახურებათ ცხოვრებაში, როგორც ფილმში აღწერილი მზის სათვალეებია.

 

 

 

 

1 2