16 იანვარს ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, ჯონ კარპენტერის იუბილეა, რომელიც საკმაოდ დაუფასებელ რეჟისორად რჩება საქართველოში, რადგან მისი ნამუშევრებისადმი განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმია ქართულ სატელევიზიო სივრცეს და მაყურებელს. დღეს მის საკულტო ფილმზე, სახელწოდებით „ისინი ცოცხლობენ“ მოგიყვებით. ფილმის სიუჟეტი სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა ჟანრის და ექშენის ელემენტების საოცრად გასართობი კომბინაციითაა კონსტრუირებული, თუმცა მის ფუნდამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მსჯელობა გვხვდება.

პირველივე კადრებში, მელანქოლური და ენიგმატური მუსიკის ფონზე, ვეცნობით მთავარ პერსონაჟს და იმ გარემოს, რომელშიც ჩვენი გმირის თავგადასავალი განვითარდება. რეჟისორი გვიჩვენებს ავთენტურ ლოს ანჯელესს, არა რომანტიზებულ და გლამურით სავსეს, როგორც ძირითადად გვიხატავენ ხოლმე მას, არამედ რეალისტურს, სადაც ერთ მხარეს ფეშენებელური სახლები, ცათამბჯენები, სიმდიდრის და კომფორტის სივრცეებია, მეორე მხარეს კი სიღარიბე, უსახლკარობა და ბედის ანაბარა მიტოვებული მშრომელთა კლასია. მთავარი პერსონაჟი ჯონ ნადა ამ მეორე სამყაროს წარმომადგენელია. ძლიერი, ღირსებით სავსე ადამიანი, რომელიც სამუშაოს საძებნელად დადის ქალაქიდან ქალაქში.

კარპენტერი ფილმს სახელმწიფო აპარატის კრიტიკით იწყებს, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური სოციალური პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე აღებული. გვიჩვენებს დასაქმების სააგენტოს, სადაც მუდმივი რიგებია, თუმცა არანაირი ვაკანსია არ იძებნება. როგორც ფრანგი ფილოსოფოსი, ჟან ბოდრიარი საუბრობს სიმულაციის შინაარსზე, ესაა საგნები, რომლებიც არსებობს იმისთვის, რომ დაგვიმალოს რეალობა, შეგვიქმნას ილუზია, რომ მაგალითად დასაქმების სააგენტოს არსბეობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, თავის დანიშნულებას ასრულებს და ქმედითუნარიანია, თუმცა ეს მხოლოდ სიმბოლური, მოჩვენებითი მანევრია, რადგან რეალურად მზრუნველობის აქტი არ ხორციელდება. უბრალოდ იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებობდეს იდეა, თითქოს სახელმწიფო ცდილობს დახმარებას, ხდება მსგავსი იდეოლოგიური ფასადების კონსტრუირება.

ჯონ ნადა შემთხვევით აღმოაჩენს მზის სათვალეებს, რომლის პრიზმაში გახედვის შემდეგაც, ირგვლივ არსებული სამყარო იცვლება, ყველაფერი ტრანსფარენტული ხდება, პირველადი ხასიათი და დანიშნულება შიშვლდება და ვხედავთ, რომ სარეკლამო ბილბორდებიზე, რომლებიც ბედნიერ დასვენებას თუ გართობის სხვადასხვა საშუალებებს გვასაღებენ როგორც წარმატებული ცხოვრების აუცილებელ წინაპირობას, სინამდვილეში ცდილობენ ხალხის დამორჩილებას, ხარბ მომხმარებლებად გარდაქმნას. სატელევიზიო თუ ბეჭდვითი მედია ემსახურება აზროვნების და ფიქრის პროცესის შეჩერებას, ავტორიტარიზმის გავრცელებას და ა.შ. სათვალეების დახმარებით, ჯონ ნადა ხედავს კაპიტალისტური სამყაროს რეალურ სახეს, სადაც ადამიანის ცნობიერების ფარული ოკუპაცია მიმდინარეობს.

 

 

1 2