სიუზენ ზონტაგი ამერიკელი ავტორია. XX საუკუნისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალური სტილის  ფილოსოფოსი, მწერალი, ესეისტი, რადიკალი განმანათლებელი და რაღა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტივისტი. ამ წერილის მომიჯნავე შრომა  მას დაწერილი აქვს ფოტოგრაფიაზე, სადაც კადრის რეალობის ასახვის, შენახვის და გადაცემის ფუნქციას განიხილავს. კინემატოგრაფზე  მისი ეს სტატია  კი 1994 წელს გამოქვეყნდა. ის წუხილი, ის აქცენტები, რაც გამოკვეთილია ტექსტში, დღევანდელი პერსპექტივიდან კიდევ უფრო თვალნათლივ დასანახია. სიუზენ ზონტაგის მთავარი სათქმელი ისაა, რომ კინოს დაბადებამ შექმნა ასევე სინეფილია, რომლის უცილებელი წინაპირობა კინოში სიარული გახდა. აქტიური მოქალაქის კონცეპტი და ცნობიერება მეტწილად თუ ევროპის კაფეტერიებში და სალონური სივრცის საუბრებში ჩაისახა, კინოდარბაზში სიარულმაც დაბადა რაღაც მნიშვნელოვანი. მან შექმნა ახალი ცხოვრების წესი, პრაქტიკულიდან ესთეტიკურზე გადასული. სადაც სწავლობდი  იმას, რომ მაგალითად, საწვიმარი ლაბადა მხოლოდ წვიმის დროს არ უნდა ჩაიცვა.. სიუზენ ზონტაგის აზრით, კინოს ამგვარი მასშტაბის ფენომენს პრობლემა შეუქმნა კომერციალიზაციამ და ხელოვნების სფეროს ინდუსტრიის სივრცეში გადატანამ, ტელევიზორის მასობრივმა მოხმარებამ, კინოს სახლში წაღებამ და ა.შ. 1994 წელი, უკვე ის პერიოდია, როდესაც კულტურა ძირითადად კომერციული ხდება. ამან მზარდი ტენდენციიის ფორმა შეიძინა კინოშიც და საერთოდ, მთელ ვიზუალურ (და არა მარტო) საინფორმაციო ველზეც. მაშინ, როდესაც, დეფიციტური იყო ინფორმაცია, სიახლეების მიღება დადებით მოვლენას წარმოადგენდა, ახლა პირიქითაა, სიახლეებისგან თავდაცვაა საჭირო, აუცილებელია მათი სწორად შეფასება და გაფილტრვა. ეს ეხება, რაღა თქმა უნდა, კინოსაც. ახლა კიდევ უფრო მეტი არქეოლოგობა გიწევს კარგი ფილმის მოსაძიებლად. მარკეტინგულად რასაც გაწოდებენ, ძირითადად სუსტი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებებია. უამრავი გამოცემაა, რომელიც წერს კინოზე, მაგრამ დაკარგულია ავტორიტეტული ხმა. ძველი, რესპექტაბელური გამოცემებიც კონვეირის პრინციპით ახარისხებენ ფილმებს – პროცენტებით. ადრე კინოთეატრში ღირებული ფილმის ნახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან მეინსტრიმს განეკუთვნებოდა, ახლა კი, რასაც საავტოროს ვეძახით, უკვე ანდერგრაუნდია. მოკლედ, სიუზენ ზონტაგის წერილის მნიშვნელობა დღეს ერთი-ორადაა გაზრდილი.

 

მთარგმნელისაგან

 

გამოქვეყნდა ჟურნალში „The New York Times“  (25.02.1994)

კინემატოგრაფი, თავისი არსებობის 100 წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, განასახიერებს სასიცოცხლო ციკლს: გარდაუვალი დაბადება, შემდეგ სტაბილური დიდების მოპოვება, ხოლო ბოლო დეკადა კი პროგრესირებადი დეკადანსის პროცესი. ეს არ ნიშნავს, მომავალის რწმენის გაქრობას და თავად ლოდინის პროცესის უიმედობად გადაქცევას. მოლოდინში იგულისხმება, ლოდინის ის ფორმა, როდესაც ახალ ფილმის იმედი გაქვს, რომელსაც გააღმერთებ. თუმცა, ასეთი ფილმები და ასეთი ნამუშევრები ხელოვნების ყველა დარგში უკვე დიდი მიღწევაა. მსგავსი დიადი კინოსურათები  იმ კულტურული ლოგიკის და ეკონომიკური ნორმების აშკარა დარღვევაა, რაც კაპიტალისტურმა ფორმაციამ შემოგვთავაზა. ხოლო ჩვეულებრივი (კომერციული) ფილმები შექმნილია გართობისათვის და მათი მიზანი უმრავლესობისათვის რთული მისახვედრია. რთულია  ცინიკური ფონის დანახვა, თანაც იმ პირობებში, როცა თანამედროვე დიადი ფილმების მიზანი არის, დაფიქსირდეს გამონაკლისად, რაც ამ ხარისხით მანამდე არასოდეს ყოფილა. კომერციულმა კინომ შექმნა მეორადი კინოწარმოების პრაქტიკა, თავხედი კონვეირული სისტემა, რომელიც იმედოვნებს წარსულის მონაპოვარის რეპროდუქცია შექმნას. კინემატოგრაფი, რომელიც მეოცე  საუკუნის არტად მოიხსენიებოდა, ახლა  დეკადანსის პროცესშია. თუ კინოს დეკადანსზე ვსაუბროთ, მაშინ არა მხოლოდ კინო ქრება, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი – სინეფილიაც. სინეფილია არის ფენომენი, რომელიც ასახავს კინოს სიყვარულის ძალიან სპეციფიკურ ფორმას. ყოველი ხელოვნება ბადებს საკუთარ ფანატიკოსებს. სიყვარული, რომელიც კინომ წარმოშვა, იყო სხვათაგან განსხვავებული. კინოს სიყვარული დაიბადა იმ რწმენით, რომ ესაა ხელოვნება სრულიად ახლებური თხრობის მანერით, რომლის მსგავსიც არ არსებობდა მანამდე. ეს იყო კვინტესენციურად თანამედროვე, ზედმეტად ხელშესახები და ხელმისაწვდომი, პოეტური, მისტიკური, ეროტიკული და მორალური ერთდროულად. კინომ შექმნა ერთგვარი რელიგია, მას ჰყავდა მიმდევრები, მოციქულები. კინემატოგრაფია ჯვაროსნების მსგავსი რამ იყო. სინეფილებისთვის კინო იყო ყველაფერი, ხელოვნების  სახელმძღვანელოც და ცხოვრების წიგნიც. როგორც ნათქვამია, კინოს კეთება 100 წლის წინ დაიწყო და მას ჰქონდა ორი მიმართულება. 1895 წლისთვის ორი ტიპის ფილმი იქმნებოდა: კინო, როგორც ტრანსკრიფცია, ასახვა რეალური ცხოვრებისა (ძმები ლუმიერები) და მეორე – კინო, როგორც გამოგონება, მხატვრობა, წარმოსახვა, ფანტაზია (ჟორჟ მელიესი). თუმცა ეს არ იყო რეალური დაპირისპირება. საქმე იმაშია, რომ პირველი აუდიტორიისათვის, სადაც ძმებმა ლუმიერებმა აჩვენეს “მატარებლის შემოსვლა სადგურ ლაკიოტაზე”, ერთი მხრივ იყო ბანალური რეალობის ასახვაც და მეორე მხრივ, შესანიშნავი გამოცდილებაც. კინო დაიწყო საოცრებით, სასწაულით, რომ ადამიანს უკვე შეუძლია რეალობის შენახვა. ყოველი კინოსმიერი მცდელობა, გამოიგონო სასწაული, ესაა ხელახლა ქმნადობის აქტი, კინოში ყველაფერი მაშინ დაიწყო, 100 წლის წინ,  როდესაც  მატარებელი შევიდა სადგურზე. ხალხი გაოცებული იყო, მატარებელი მათ თვალწინ მოძრაობდა… სანამ ტელევიზია ჩაანაცვლებდა და ტელევიზია გახდებოდა უკვე თავად კინოთეატრი, მანამდე ხალხი ყოველკვირეულად დადიოდა კინოდარბაზებში, რათა მიეღოთ გამოცდილება, ესწავლათ, როგორ მოეწიათ, როგორ ეკოცნათ, როგორ ეჩხუბათ, როგორ დამწუხრებულიყვნენ. ფილმები იძლეოდნენ მისაბაძ ფორმებს, რჩევებს,  როგორ გამხდარიყავი მიმზიდველი. მაგალითად: ლამაზია როდესაც გაცვია საწვიმარი ლაბადა, მაშინაც კი, როცა ეს საჭირო არაა. ამ ყველაფრის შემდეგ სახლში მიგქონდა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც სხვათა ცხოვრებისეული პრაქტიკიდან ითვისებდი. სურვილი, დაკარგო საკუთარი თავი სხვების ცხოვრებაში… ეს სურვილზე უფრო მეტია, უფრო ინკლუზიური ფორმაა სურვილისა. მეტიც, ის რასაც შენ გამოცდილებას ეძახი, არის პროდუქტი, რომელიც მიიღე ეკრანიდან და მერეღა შექმენი საკუთარი თავი. ძველ  დროში ხალხი მძევლად ჰყავდა აყვანილი კინოს – და კინოთეატრში სიარულის რიტუალი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი იყო. ტელევიზორში დიადი ფილმის ნახვაც კი არ არის ჭეშმარიტი აქტი, ბოლომდე ვერ ეზიარები მას. არ გეგონოთ, კინოში სიარულის და ტელევიზორში ყურების შედარებისას, საქმე იმაში იყოს, თუ რამდენად დიდ გამოსახულებას უყურებთ, ან რამეს წყვეტდეს ის ამბავი, თუ რამდენჯერ ფართოა კინოს ეკრანი ტელევიზორისაზე. არა, საქმე განწყობაშია, კონცენტრაციის ფორმაში, როდესაც შენ ფილმს სახლში უყურებ, ის მოხმარების ობიექტად იქცევა, შინაური სივრცე უპატივცემულოდ განგაწყობს კინოსადმი. მით უმეტეს ახლა, როდესაც სახლის კინოთეატრები არსებობს და ეკრანი შეიძლება მისაღები ოთახის კედელივით დიდი იყოს. მაგრამ შინაური სივრცე მაინც შინაურ სივრცეა.  კინომ  რომ მიგიზიდოს, გაგიტაცოს, მძევლად აგიყვანოს – აუცილებელია,  წახვიდე კინოთეატრში, იჯდე სიბნელეში უცხო ადამიანებთან ერთად. რაც არ უნდა ვიგლოვოთ, მაინც ვეღარ აღდგება იმ ბნელი კინოდარბაზების ეროტიკული რიტუალები. 

 

1 2