ქატო იქა…

გამწყვარია ქატო, თითქოს ცისქვეშეთში არ არსებობს. ზრუტუნებს ძროხა- ბალახ-კალამა არ ჰყოფნის და ერთ დღეს რაიონის ცენტრში წასული დედა აჩქარებით შემოაღებს კარს. ნარბენს ლოყები დასწითლებია, გახარებული სულს ძლივს ითქვამს- ბაბანაურის საწყობში ქატო ,,გამოჩენილა“.

ყოფილა კი, ოდესმე? დაცოტავებულზე- მარაგი შეივსო, თუ საიდან გაჩნდა ეს გამწყვარი ქატო, ვითარც იდუმალი ნათელი?!

ქატო- ხორბლის ეს პატარა, გარეთა ანაკვეთი, ცეხვა-ცემით მარცვალზე ქერქშემოძრობილი, განაცერი, უხეში და მსუბუქი ჩენჩო, ქარქუეტი, ქარი რომ ჰაერში განაბნევს და მიმოფანტავს, ნუთუ თავისთავში ამხელა სიხარულის მიზეზს ატარებს?

დედა რაღაცას ეძებს, ხან აქეთ მივარდება, ხან იქით… იცინის, ბრაზობს, ჩქარობს, ხელისგულზე ნაშალ ფულს ითვლის- კილო ქატო ოცი კაპიკი მაინც ღირს, ოცდაათ კილოს ექვსი მანეთი ეჭირვება, მეტს საწყობიდან გამოსატანად ვერც მოვერევით და იქნებ არც ნორმის ზემოთ მოგვცეს ვინმემ; ამიტომ იმდენი უნდა მოაგროვო, რამდენსაც პირუტყვს ცოტა ხნით მაინც ამყოფინებ.

დედა ნაცრისფერ ჯვალოს ტომრებს გაშლის, დაბერტყავს, ააფრიალებს, ნაჩქარევად დახედავს; ერთზე ნესტით ბუნდოვნად რაღაც არის გამოსახული, მეორე დაჩვრეტილია ნატყვიარებივით, შემდეგ ამ ტომრებს დააწყვილებს და ორივეს ერთად შეახვევს, გადაგრაგნის…

თქმაც არ მჭირდება, არც საშინაო- ორმტკაველა სიგრძის ქვედა ბოლოსა და მოკლემკლავიანი პერანგის შეცვლა, დედას დასახმარებლად ასე უნდა გავყვე. მაგრამ ჯერ ,,რქას“ ვერ ვატევთ შინიდან, წასვლა გვიგვიანდება… საბარგო მანქანისთვის აუცილებელი სამი მანეთიც მოსაძებნია. მთლად უკეთესი, თუ ჩვენი ქატოს ტომრებით სხვის ქატოს გამოვყვებით და მძღოლი უფულოდ ზედ ქუჩის პირზე ჩამოგვსვამს, მაგრამ სხვის იმედად წასვლა ძნელია.

დედა ახლა იმ მაგიდის საფარქვეშ ეძებს ფულს, სადაც მამა უბრალო ფანქრით საკუთარ ლექსებს, კორესპონდენციებს, ან გარდაცვლილთა ქვებისთვის შეკვეთილ ლექსებს წერს და იქედან ჭაობისფერ, ნამგლითა და უროთი დადაღულ სამმანეთიანს გამოაცურებს.

მამის ფულს ვიღებთ, მამა კი არ ჩანს ამ სურათში, ნეტა სად არის?

აქ კვლავ ვიპოვით შემდეგ არაერთხელ, ამ მაგიდის საფარქვეშ, მის წიგნებსა და ჟურნალებში, ბზუილა ხოჭოსავით გარინდულს, წყნარად მიყუჟულს, უმნიშვნელო, თავის დროზე მეტად საჭირო, თუმც დროებით მივიწყებულსა და უკვე გაბონებულ საფასურს. ხომ ყველაფერი ბონდება ცისქვეშ?! თვით დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ბონიც-გულის ამათრთოლებელი ემბლემით დამშვენებული- კამარაშეკრულ, გაფრენილ ცხენზე მოსასხამ აფრიალებული წმიდა გიორგით… მაინც ძლეული, საკუთარი ძალმოსილების ურწმუნოებით მახვეწარი: ჩემი ,,მიღება სავალდებულოა, თანაბრად რუსეთის სახელმწიფო-საკრედიტო ბილეთისა“-ო…

,,ბაბანაური“ ჩვენგან თითქმის ორ კილომეტრშია, თავდაღმართში, მდინარის პირას. აბანოს გვერდს ჩავუვლით, რომლის ეზოშიც რკინის ბოძებზე შეკოშკებული ოთხკუთხა, ზამთრობით ორთქლადენილი, უზარმაზარი რკინის ავზებია, ჩვენი შთამფვლელნი და განმბანელნი სოფლის მწვირისგან… და იქნებ ეს ,,ბაბანაური“- ,,აბანოურია“, ან კიდევ ,,ბაბანება“-მდინარის პირის სუსხი კაცს რომ სიცივით ააბაბანებს…

გახურებულ ასფალტზე გუდრონი დუღს, ჯერ სიგარეტის მაგვარი, პრიალა და ნაზ ფურცლებში გახვეული ვარდისფერი კევები გადამყიდველთან არ გამოჩენილა და მოპრიანებაზე, ამგვარი გუდრონის პაწია, ცვილად ქცეული და პატარაკბილებდამჩნეული ნატეხები შავი მარგალიტებივით გვიბრჭყვინავენ გაცინებისას. უცნაურია, პატარებსაც, კი, ამ ნახევრად ანგელოზებრივებს, რარიგ გვიტაცებს კუპრი… გზადაგზა, ფეხშიშველა, ცხელი ,,გუდრონით “ ქუსლებგაშავებული ბიჭებიც გვხვდებიან, ისინი ანკესებს და წკირით ბოლოგამოსკვნილ ძუაზე ახინცლულ თევზებს შინ ხალისიანად მიაქანებენ.

საწყობი მდინარის პირას მდგარი წაგრძელებული შენობაა, ორკარიანი, ფართო შესასვლელით. მის წინ, შარაგზიდან მარჯვნივ ბონდის ხიდია, შორიდან ის ბეწვის ხიდივით მოსჩანს… დადგები, ამ ხიდზე, საქანელასებრ შექანდები, გრეხილ მავთულთა ,,მოაჯირებს“ ჩაეჭიდები, თვალს გაადევნებ -ერთდროულად, ზემოთაც და ქვემოთაც მდინარე მიდის, ზემოთ-სილურჯეში ჩაფენილ ურწყულ ღრუბელთა, ქვემოთ -მზის შუქით მწვანედ დარწყულ ტალღათა…

აქ, კი საწყობში, თითქოს მილეთის ხალხი შეკრებილა, ზოგი ნიჩბით, ზოგი აკალთავებით ისეთი სასოებით აგროვებენ ამ ქერქეტა ქატოს, თითქოს ციდან ნაწვიმი ზეციური ბურღული იყოს… საწყობში ცხელა, გნუსხავს ძირს დაყრილ, ქატოს ცხელი და მოტკბო ფშვინვა. ჩვენც ტომარას პირს გავუხსნით, ავარდნილ ბდღვირში საწყობის ფილაქანზე ორივე ხელით წამოვაფორთხებთ და ტომრებიც მუცელს აივსებენ ჩახურებულ ქატოთი. ეს სუნი, სიტკბო, როგორც ხორბლის სული-ნათელი, ამ სურათს აჯადოვებს, დროს აჩერებს, ამ წამისთვის ინახავს, რადგან… სანამ დავტოვებთ ამ შენობას, ეს სურათი მეხსიერების ვეება გრაგნილს, სადღაც კუთხეში ბეჭდად დაესმის…

გარეთ, კი ხვატში, მოჭერილ მზისას, ცხელი ქარი ხელს ამოურევს საწყობიდან წვალებით და სიხარულით გამოთრეულ ტომრების სტომაქს, განაბნევს თავზე მოყრილ ქატოსროგორც იმ ხალხს, ვინც იქ იყო, თავდახრილი, ჩამუხლული აგროვებდა, იკალთავებდა, სიხარულით ისაკუთრებდა; დედაჩემივით ტიროდა და უხაროდა ქატოს ნათელი… იმ ხალხივით ცალკე წავა ეს ქერქბუდე, ხმელი მომყოლი, მარცვლის გულზე მიწყვეტილი ჭიპლარით, სულ პაწაწა, სულ მუნუნა… ვით ხორბლის სული, ქარს გაჰყვება, შავ ხნულებში სამარადჟამოდ ჩაიფარცხება…

მისი გული კი, ფქვილი- ცხობილი, ოხშივარადენილი, ჩვენს ტაბლაზე დაეგება, შოთი პურებად დაიტეხება ყველა თაობის პატარების, მშივრების თვალწინ, ვითარც პური პატიოსანი -ტარიგივით განტეხილი; და ეს სიცოცხლეც_ ერთ წუთში ტანჯვა-წამებით გასათრევი, მეორე წუთში, როგორც ღმერთი, მშვენიერებით შეიმოსება…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8