ჯერ კი დახუთულ დიდ ოთახში, სადაც ფანჯარაც კიარ იღება, სახლის თავანი სიმხურვალეს გადასდებს   ჩელტებს, წყნარი შრიალი, შვარშვალი გააქვთ ჭიებს, მოკბეჩილ და დანიკბულ ფოთლის მხოლოდ ყუნწი თუღა დარჩება, ანდა ჭერზე დაკიდულ მტვრის ფანთხივით მოკონწიალე  ძარღვი…

სანამ წარბის კანიდან ჭია დიდ კანში გადაწვება, ბჟოლის ფოთლების მარაგი ამოწურული გვაქვს და ტოტების ჩამოსაბელავად  ბებია კოლექტივის საბარგო მანქანას მერიკო აბულაძესთან, თინა ჭრელაშვილთან და სხვა ქალებთან  ერთად  ქუთაისში მიჰყვება, ეს ქალები მოწინავე მეაბრეშუმენი არიან, მთელ უბანში და იქნებ რაიონშიც ყველაზე მეტ აბრეშუმის ჭიას უვლიან,  მათთვის გადაცემული მური 5 გრამზე ბევრად მეტიც იქნება… სხვა დროა, არც ბეღელი და აღარც ხულა, ან ამგვარი სათავსოები  ამ დროს უკვე აღარ იგება და  მათი დიდი სახლების მეორე, გამოუწყობელი  სართული მთლიანად ჩელტებითაა მოფენილი, ჩვენი მწირი მონაგარი მას რას შეედრება, არც სათავსო გვაქვს ხეირიანი, ფოთოლიც ყოველ ჯერზე საძებნელია, მაგრამ შრომის ამ საყოველთაო ფერხულს რას ჩამოვრჩებით, ვინ ჩამოგარჩენს,  უსაქმურად სახლში ვინ დაგსვამს, ქუდზე კაცს იხმობს კოლექტივი, ჯერ  კოლექტივის დრო არის და ყველამ რაღაც უნდა აკეთოს … ჩვენც ვშრომობთ, მშობლები  შრომობენ და ჩვენ  ვეხმარებით…

ქუთაისში ბევრი ბჟოლაა,  ერთ ყველაზე საყვარელ უბანს ახლაც ხომ ,,ბჟოლებს“ ეძახიან.  და როცა ფოთოლი სულ გაწყდება ჩვენს არეზე, მიჰყვებიან ქალები და ჩამობელავენ ქუთაისში  ბჟოლის  ხეების ფართო, პრიალა და ნაზ ფოთლება ტოტებს. ეს სინაზით განედლებული ფოთლები ხომ აბრეშუმის ჭიის მეშვეობით გადასცემენ ქსოვილებს  ზედაპირის სიპრიალეს, სილბოს, სიცინცხლეს… ქალები ისე დაჭრიან ტოტებს, ზოგ ახალ ნერგზე მხოლოდ ბენძოს თუ დატოვებენ. ტოტებს ბჟოლაკაკალაც გამოჰყვება უმწიფარი-წითელ-მწვანე, მკვახე და მუხლუხებივით დახორკლილი, მხოლოდ რამდენიმე ცალი თუ გამოერევა შეთვალული და  პირველად შემოსული  ხილის კვალობაზე-  ნუგბარი.. ამ დროს  ქუჩებიც სუფთაა, ავტომანქანები და გამონაბოლქვი ძალიან ცოტა. თუმც არც მტვრიან ფოთოლს იწუნებენ აბრეშუმის ჭიები.

ჭიამ წარბის კანიდან ამოსვლა დაიწყო, ეს იმით შეეტყო, რომ ერთხანს გაშეშდა, ცოტა ხანში ამოძრავდა, ანუ დიდ კანში ჩაწვა, თავის ქნევა- ქიანი დაიწყო, საკვები მომიტანეთო და იქნებ დედასაც კი სცნობს, ისე გაირინდება, როცა ის უხვად  უყრის ბჟოლის დასხეპილ ტოტებს…  ჭიამ სწრაფად იმატა ზომაში და ეს პაწია, ცვილისფერი არსება დიდ, თეთრ, ფაფუკ მუხლუხოდ გარდაიქმნა,  ახლა შეიძლება ხელშიც აიყვანო და მოეფერო კიდეც, ის ხომ უფუნთულესი,  უბოროტო,  მშრომელი არსებაა, თეთრ ზამბარასავით იკუმშება და იწელება, ყალყზე დგება, პატარა ფეთუნებით სწრაფ-სწრაფად  გადაადგილდება და მჭიდროდ  ეკვრის ტოტებს.  ტყემლის ფერად მუხლუხოსავით შემაშინებელი სულაც არ არის,  განგებას ზურმუხტისფერი ბრჭყვიალა თვლებით რომ გაუწყვია მისი კანის ზედაპირი.

აბრეშუმის მუხლუხო უკვე გაიზარდა და  ბუნების ზეიმიც დაიწყო, როცა  მის მთელ სიგრძეზე, ბროლივით გამჭვირვალე კანქვეშ თხევადი აბრეშუმი გამდნარ სანთელივით, მდნარ ოქროსავით გამობრწყინდა. ამ ოქროს ღელვა შემდეგ არაერთხელ გამახსენდება, ძარღვებშიც ვიგრძნობ  მის ტორტმანს და მის მდინარებას.  სხვა სასწაული ან რა იქნება, შენ კი ჩქარობ, სულ სხვა  რაღაც სასწაულს ელი და სული ყელში გებჯინება, ჩემო მკითხველო.

დადგა დიდ კანში ჩაწოლიდან მეცხრე დღე და  თეთრმა მუხლუხებმა  ბოდიალი  დაიწყეს, ისინი ახლა პარკის ამოსახვევად ემზადებიან,  თავს აქიანებენ, აქიცინებენ და ბებია მეზობლის ქალზე, რომლის ენაჭარტალობის გამო გაბრაზებული იყო და ახლა ვხვდები, რომ მას პარკისონის დაავადება სჭირდა -იტყვის; ,,ნეტა მახვიერი აბრეშუმივით არ აქიცინებდეს თავსო’’… ის ქალი მერე მართლაც  გამოიქსოვება თავის აბრეშუმის პარკში და სულ მალე სულის პეპელაც სადღაც გაფრინდება.

თვენახევარი უკვე გადის  და ჩვენც ჭალისპირის ის გვიმრები, რომლითაც ჩემთვის საკუთრად ქოხის აშენება მინდოდა,  მოჭრილი და გამზადებული გვაქვს. ახლა ჭია გვიმრის ჩელტებზე პარკს აახვევს, მთვარით ნაქსელ აბლაბუდაში გალაქტიკის კვერცხებივით გაახვევს პარკებს, ის იქნება მკვიდრად ნაგები, და როგორც მთვარის მოვანება ვერცხლის ჰამაკში, გამოკრთებიან თეთრ, აბრეშუმის ბადეებში აბრეშუმის სარკოფაგები…

მკვრივი, ქათქათა, ხარისხიანი პარკი მხოლოდ მარტოობით მოიქსოვება, უხარისხოა მსხვილი პარკი_  ორი ჭიისგან გვერდიგვერდ მოქსოვილი,  ერთ ბუდედ შეზრდილი, თუ ორ აკლდამად გაერთებული,  დომფალებს რომ უწოდებენ მეაბრეშუმენი.

ჩემი სიბერის ნავთსაყუდელს ამ დომფალობით ვერ მოვიქსოვდი… და მასზე მხოლოდ ერთი მოგონება დავიტოვე-  მუხლუხებივით გვერდიგვერდ ვქსოვდით საერთო პარკს, ის გაირინდა და ჩუმად თქვა, (არ ვაჭარბებ, ზუსტად ასე თქვა)- ,,ჩემს სულში ახლა ვარდებივით იშლებიან მეწამული აბრეშუმები”…

მალე გვიმრათა გამხმარ-გაჩიჩინებულ ტოტებზე   ბამბის ფთილასავით გაბმულ აბრეშუმს  ქათქათა პარკებს ავართმევთ, გოდორს ავავსებთ… და გაფრინდება  აბრეშუმის ჭიის პეპელა, თუკი სარკმლის გამოჭრა დასცალდა და ქვაბში მდუღარემ არ დაფუფქა, რომ მერე ერთი შტოლა, იგივ ლანდი, (ასე ჰქვია) რაც  ერთი ჩაყრა პარკისაგან ამოიღება- აბრეშუმის ძაფად იქცეს, ქათმის ერთ კვერცხად შეფასდეს- ერთი ჩაყრა პარკი ხომ ერთი კვერცხი ღირს  და რვა კვერცხი- ერთი გირვანქა  შტოლა და ეს უნაზესი ძაფები  ეკლესიაში ღმერთს მიერთვას შემწირველის ნაჯაფი ხელით.

მე,  კი ვინც მთელი სიყმაწვილე ვაგროვებდი ამონაჭრებს ფერადი ჟურნალებიდან, ნაირნაირ კაბების თარგებს,  ახლა ვიშორებ სულის სიმძიმეს, უცნაურად ვმსუბუქდები  ღამეული ფრენის სიამით და დილაობით  მხრები მეწვის… შიშით შევყურებ, წუთისოფლის  მოთუხთუხე ქვაბში  წვალებით როგორ ამოსდით სული დაღლილ ადამიანებს. მე ხომ  საკუთრად სულ სხვაგვარი გარდასახვა მსურს- მზის ბილიკზე აბრეშუმის პეპელას მსგავსად ცისფერშერთული ატლასის კაბით, თეთრი ფრთებით გავფარფატდე, თეთრით ვეჩვენო პირსა ღვთისასა.

 

1 2 3 4 5 6 7 8