არჩივი

მოიკითხა ბებიამ თავისი არჩივი. საწოლის გვერდით, იატაკზე განერთხა თეთრი, მსხვილი და ტუკებივით სწორი ფეხები. ასე ჩვეოდა, იატაკზე არჩევდა დაბუდებას, თუკი გარეთ ცხელოდა.

გაფითქინებულ და მოკრძალების აღმძვრელ, კოხტად გადაგებულ საწოლს, რომლის ნიკელის თავზე იატაკის რყევისას ფართო, შავი, თეთრყვავილებიანი სრიალა კაბები ცოცავდა ხოლმე, არც კი შეეხებოდა, საწოლზე არ ჩამოჯდებოდა, ბავშვებსაც კი გვიკრძალავდა შეხებას.

დედა ბრინჯის ფაფას ამზადებდა, რძიანს, ტკბილს. მაშინ ხომ ბრინჯი სულ სხვაგვარი იყო და გემოც სხვანაირი ჰქონდა. ხარშვისას მეტად ფართოვდებოდა და თუ ვინმეზე იტყოდნენ – ,,გადაბრინჯული“, უნდა მიმხვდარიყავი – მის ამოფუებულ სხეულზე იყო ლაპარაკი.

რძიანი ფაფა თითქმის მზად იყო და ასეც ვახარე ბებიას, იგი ბრინჯით მოპირთავებული დიდი და გულღრმა თეფშით უნდა მიმერთმია.

შეისხით ტრ-ში! – ისეთი მოსხეპით მითხრა ბებიამ, თითქოს კარი უკანმოუხედავად გამოაქანა და ზედ სახეზე მომაჯახა. მას ხომ ხორციანი კერძები მომეტებულად უყვარდა და დანარჩენს მხოლოდ ჩალა-ბულას ეძახდა…

შევცბი, ასე ახლადგამოკვირტული ნერგი თუ შეცბება, მოულოდნელად ყინვა-თოში რომ დაარტყამს.

თურმე ერთ სიტყვას შეუძლია მოგკლას, ან დაგარჩინოს, წარგწყმიდოს ან გაცხოვნოს.

ყველა ბავშვი განიცდის მშობლის ხელმოკლეობას, სიღარიბე გადიდებული თვალებით უცქერს, თაობათა შორის მისით მოვარდნილ ამღვრეულ მდინარეს, ხიდების ჩაშლას. მე კი ხელმოკლეობაზე მეტად ბებიას ნაიბარაზე წამოსროლილი ამგვარი სიტყვები მაშფოთებდა, რადგან ამ სიუხეშეს ჰქონდა ძალა ჩაექრო ირგვლივ ყოველგვარი ნათელი, დაემახინჯებინა ბებიას ედელვაისივით მშვენიერი სახეც – ახალგაზრდობაში თითებზე გადაკვანტილებული ძაფებით ბუსუსებისგან არაერთგზის ,,დახვეწილი“ და ის ღიმილიც, სახიდან პირმცინარე ყვავილივით რომ გამოუკრთოდა.

ყური არ უნდა შემეგუებინა ამ სიტყვებისთვის, უნდა ამესხლიტა, მხოლოდ კარგი შემეთვისებინა, რომ ბებიას ნათლისთვის ჩრდილი არ მიმეყენებინა. მან ხომ მთელი ბავშვობა ნახირში, ტყისპირებზე ძროხების დევნაში, დაუდევარი, ტლუ გოგო-ბიჭების გვერდით გაატარა.

თუმც ბებიას თავისახლი ჩვენგან იქვე, კარიყურში, ათიოდე კილომეტრის მოშორებით იყო, ის მაინც გამუდმებით ენატრებოდა. სული სულ იქით, თავისი ახლობლებისკენ მიუწევდა.

იმ სოფლამდე ნახევარი გზა ავტობუსით, ნახევარი ფეხით შეგვეძლო გაგვევლო.

ბებია თავისახლს წასვლამდე ტანს დაიბანდა, დაფორაჯებულ, სავსე სხეულს ღრუბლის ნაჭრით ბავშვებს კარგად გაგვახეხინებდა, მერე თავის რომელიმე შავფონიან, დიდ ბარდღალაყვავილებიან კაბას ჩაიცვამდა და უკან გაგვიდევნებდა. სადგურამდე გზას ბებია თითქმის შუა ქუჩაში გაივლიდა. ჩვენ ქუჩის კიდისკენ მივექაჩებოდით, ის კი თითქოს გზა ვერ იტევდა, ამაყად მაინც შუაგულისკენ მიიწევდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ აქა-იქ კანტიკუნტად მიმავალ ავტომობილთა მძღოლები გზას თვითონ დაუთმობდნენ და ასეც ხდებოდა.

თავისახლს მისვლამდე, ის ავტობუსში მგზავრებს გულითადად გამოელაპარაკებოდა, ამ საუბარში თავისახლისადმი მთელ თავის მონატრებას და სინაზეს დააფრქვევდა, იღიმებოდა – უხდებოდა.

იმ დროს დაუპატიჟებელი, გაუფრთხილებელი მისვლა-მოსვლა ჩვეულებრივი ამბავი, მოთხოვნილებაც კი იყო.

ბებიას თავისახლს მივყავდით, რომ თავისი ძმისშვილიშვილები – ორი გოგონა და ერთი ბიჭი გაეცნო, რათა ერთმანეთთან გვეახლობლა და თუკი მომავალში ცხოვრების გზა ისევ გადაგვყრიდა, არ დაგვვიწყებოდა, რომ ერთი სისხლის ხალხი ვიყავით..

ტყისპირას მდგარ სახლში იესე ბაბუა და ლიდა ბებია ცხოვრობდნენ. ცისფერთვალება, ლამაზი ბიჭი იესე ბაბუას მოსახელე იყო და სოსოია ერქვა. სახლი აგურის სვეტებზე იდგა, სახლქვეშ მიწა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ბუნებრივად დაფერდებულიყო. აქ, სახლქვეშ, ამოუშენებელ და ოთხივ კუთხით ღია ადგილას ბავშვიც კი ვერ გაიმართებოდა, თუმც წელში ისედაც მოხრილ-მოკუკულ ლიდა ბებიას ამ მომიწნულზე ხვინჭა უჯანგარას ცოცხით ისე გადაეხვეტა, მიწის ზედაპირი ისე გადაესუფთავებინა, ქინძისთავი რომ დაგვარდნოდა, იმასაც კი იოლად იპოვიდი.

სახლსგვერდით ბოსტანში ზაფრანა ღვიოდა მზისგულზე, მწვანე საშკვლავი, მუქი იისფერი რეჰანიც ადენდა სურნელს და როგორც დახუჭობანას მოთამაშე ბალღები, აქა-იქ დარჭობილ სარებთან მიკუნჭული ჩანდნენ მწვანეჭიპიანი კვერცხისოდენა წითელი პომიდვრები.

ეს პაწია ბოსტანი ისეთ სურნელს აზავებდა ჰაერში, ისე განუყოფელს, მთლიანს და დაუსრულებელს ხდიდა ადამიანის სიცოცხლეს ამ გულტკბილ მზეში, ვერაფრით იფიქრებდი, თუ ამ ქვეყნად მხოლოდ დროებით შემოხეტებული სტუმარი იყავი.

ბოსტანს იქით, კარგა მოშორებით, წვრილი ბილიკის ბოლოში, საქონლის საბმულის გვერდზე ხის ფიცრებით შემოკავებულ ადგილას ნაკელი მოეზვინათ. იმის იქით კი ხის საფეხურებიანი ფეხსადგილი იდგა კედელზე მიჭედებულ ლურსმნის თავზე წამოცმული დაჭრილი გაზეთ ,,სოფლის ცხოვრების“ ფურცლებით.

სახლწინ გვერდწითელი მსხალი – დაბალი, კაკვით იოლად მოსაწევი ტოტებით. ბლომად ჩამოცვენილ მსხალს ფუტკარი ესეოდა – ჩვენი ტერფების მტერი.

გადაღმა ტყეში კი, მუხის ფოთლებქვეშ, სველ ნეშოში პაწია ნაღმებივით ფეხებთან გვიფეთქდებოდა: სოკო მტრედუა, ისეთი ფერის, განთიადისას ბაცად, მტრედისფრად რომ იცის ამონთება, ღვინისფერი ღვინუა, ბუკივით ძირბუკა, ნუკრის დორბლიანი დრუნჩივით ხაოიანი ირმიტუჩა, მეფესავით ერთიანად ჩამრგვალებული და იშვიათი ნიყვი-სოკოწითელი და მეფის ასულივით, ბალერინასავით ცალ ფეხზე შემდგარი, წვრილად დაპლისულკაბიანი, თავზე გახეხილ შოკოლადივით ნაფერთალებმოყრილი-წერეწო-წეროსუა. და მწარე არყა, ჩვენი თვალების მტერი, თუკი არყიან ხელს თვალში ამოვისვამდით, სიმწარე თვალებს თითქმის ნახევარ საათს აღარ გაგვახელინებდა.

ტყის გადაღმა, სოფლის მეორე მხარეს ბებიას მეორე ძმისშვილი და ძმისშვილიშვილები ცხოვრობდნენ, კნაჭა, გრძელთმიანი გოგონები, რომელთაც მთელი სასოება თავიანთ თმებზე დაემყარებინათ. მაგრამ სანამ გინდა თმები იზარდო? მით უფრო თუ შიგ მკბენარი აგიფუთფუთდა და თმის ძირებში პაწია კვერცხებიც მიაწილა. სწორედ მათთან სტუმრობის დღეს ჩვენს, მათსავით პატარა გოგონების თვალწინ შეკრიჭეს ის გრძელი, შლილი თმები.

 

1 2 3 4 5 6 7 8