***

– დეეე, დედუაა… არც დედი, არც დედიკო… –  დედუა…  ეს ,,დედუა“  და მერე შეღერებულზე, სიცილ-ტკრციალით: “უიმე, დედაია!“

ვარდისფერ ყვავილთა გვირგვინი უკვე აღარაფერს ნიშნავს, თმაში ჩასამაგრებელ სავარცხელზე ოცნებას აიკვიატებს გული, ამ მორკალული სავარცხლით შუბლიდან ტალღა თმას წაიღებ და თხემის შუაში ჩაიმაგრებ, ტალღად მოწოლილ თმას შეაკავებ…

ასეთი სავარცხელი ლითონისაც იყიდება – ვერცხლისფერი, მაგრამ მასზე ვინ იოცნებებს, შავი პლასტმასისგან დამზადებულიც კი დიდ ბედნიერებად ჩანს.

დედა ბებიას მიმადენის, პენსიას ის ელის… ბებიაც პენსიას აიღებს – 18 მანეთს და 80 კაპიკის ხურდას მუჭში ჩამიყრის, რომ უნივერმაღის ზედა სართულზე, სადაც გალანტერეაა, მოკრიალებული პარკეტი, დიდი სივრცე და პაწია კოშკებივით ჩამწკრივებული სუნამოები ერთი დიდებული სუნთქვით სუნთქავენ, იქვე, პატარა სექციაში შავი პლასტმასის მორკალული სავარცხელი ვიყიდო.

სულ რამდენჯერმე დავიმაგრებ თმაზე ამ სარჭს და  ბოლოჯერზე მეტს ვეღარ შეძლებს მისი სიმყიფე.  გატყდება  სავარცხელი ორად.

ცოცხალი თავით არ მინდა მისი დათმობა, იქნებ შეწებდეს…

დავაღვენთებ სანთელს, არ შეწებდება, ასანთის ცეცხლზე მოვულღობ განატეხ პირებს – დავატყუპებ, მაინც არ  შეწებდება, მხოლოდ გაიბდღალება…

წყალი გადაღვრილია, სალესი ქვა გადაგდებული… გადავაგდებ  სავარცხელსაც…

გავა დრო და  იმ ადგილას, სადაც სიმინდის ყანა ქარში მწვანე ზღვად ღელავდა, ნამგალთა სალესი ქვით მოპირული ფხები  მცხუნვარე მზეში ელვარებდა,  მშობლებს  ჩალის აქუბვაში ვეხმარებოდით, ტირიფის წკნელებს გარს ვავლებდით მოკონილ ჩალებს, მარმარილოსფერ  ტაროების გვედგა გორები, გაჩნდება ტყე – აკაციის…

– გავჩეხოთ დედა ეს ტყე, აკაცია მარგილებად გამოვიყენოთ, მორღვეული ღობეები შემოვზღუდოთ,  საზღვარი გავამაგროთ,  თუ სიმინდის ყანა  არ გვინდა, ხორბალი დავიბრუნოთ, ჩვენი პური მოვიწიოთ, უკეთესს რას ვინატრებთ… სასჯელია უმუშევრად მოცდენილი მიწა, ველურ კოლტივით გადმოამთაბარებს ღმერთი უცხო ტომებს  და ამ ჩვენს მიწებს დაუსაკუთრებს…

– ვის აქვს ამის ძალა, შვილო, გამოიფიტა ადამიანი… შრომა აღარავის უნდა, მის სიმძიმეს ყველა გაურბის…  ყველას გასაქცევად უჭირავს თვალი…

დამბადებელო, ამ ნოყიერ რიადაგეზე ჩვენო დამრგველო, შეგვინდე ეს მცონარობა და ნუ აღმოგვფხვრი, ამოგვძირკვავ ამ წალკოტიდან.

და როს ღრუბლიდან გარდამოხვალ შენი დიდებით,  ანგელოზთა საყვირები  ცელიან ჩონჩხებს კაცთა მკისკენ უფრო ძლიერ გააქეზებენ, სტიქიათა ხანძრები კი მთვრალი კაცივით იბორგებენ და ენებს ჩვენი ქალური, განმკითხველი ენებივით მიმოდასდებენ, ამ მიწიდან გამოგვიხმე,  ჩვენი ფერფლი წამოკრიფე, ხელმეორედ გამოგვძერწე სველი თიხისგან, ხელმეორედ  ჩაგვითქვი სული და კვლავ  მიწაზე დაგვადგინე, ამ აყვავებულ ხეების ქვეშ, სად გამთენიის ჩიტები გიგალობენ გიჟურად და გადარეულად…

 

1 2 3 4 5 6 7 8