(ნაწყვეტი რომანიდან)

 

დედამ მითხრა, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ. თავზე ხელიც გადამისვა და მე გამიხარდა. გამიხარდა იმიტომ, რომ მე მიყვარს დედა და იმიტომაც,  ჭკვიანი რომ ვარ. დედამ იმიტომ გადამისვა თავზე ხელი, რომ სკოლაში მასწავლებელმა ვარკვლავი დამიწერა. მე კი ვიცი, რომ ვარსკვლავები მარტო ცაშია, მაგრამ დედამ არ იცის და უხარია. მეც მიხარია, ჭკვიანი რომ ვარ. მაგრამ თავზე ხელის გადასმა უფრო მეტად მიხარია.

ბოლო დროს დედას არაფერიც არ უხარია. ტუჩის კუთხეებს ზევით წევს და ჰგონია, რომ იცინის. ამ დროს დედა ტირის, მაგრამ დედას არ უნდა რომ  მე მივხვდე და მეუბნება, რომ დეიდა მაროს მაღალი წნევა აქვს და მაგიტომაა უხასიათოდ. დეიდა მარო ჩვენი მეზობელია, მესამე სართულზე, მარჯვნივ ცხოვრობს, ანუ, ჩვენს გვერდით. შვილიშვილები ჰყავს: ლუკა და ნინი, და შვილები, და ქმარიც, და რძალიც. ბევრნი არიან და სულ ხმაური გამოდის იმათგან. კიდე, ბევრ სარეცხს ფენენ ხოლმე. ჩვენც ბევრი ვართ: მე დედა და ბებია. დეიდა მარო ჩემთვის ბებია მაროა, სადარბაზოში შემხვდა წეღან, მაღაზიიდან მწვანილი მოჰქონდა. დედამ მწვანილი ვერ იყიდა და ამიტომ ტირის. ვიცი.

მინდა მწვანილის ბაღი გავაშენო,  დედამ რომ არ იტიროს. ბევრი სხვადასხვანაირი მწვანილი დავრგო და იმდენი იქნება, მერე ჩინურ ლარნაკშიც ჩავაწყობთ და სახლში კამის სუნი დატრიალდება. კამა ყვავილია. თუ ბაღს გავაშენებ, 8 მარტს კამას მასწავლებელს მივუტან ხოლმე.  ქალთა საერთაშორისო დღეს. დედას არ უყვარს ეს დღე, მაგრამ მე კამას დედასაც მივუტან და ვიცი, გულისგულში მაინც გაუხარდება, რომ მწვანილი მარტო დეიდა მაროს სახლში არ ხარობს, და ისიც, ქალთა საერთაშორისო დღე რომ მივულოცე. მერე  კამას დავჭრით და კარტოფილს მოვაყრით, დეიდა მაროს შვილმა რომ ჩამოიტანა ახალციხიდან.

ახალციხე ქალაქია, მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ. ძალიან ბევრ ადგილას არ ვყოფილვარ. თითქმის, არსად. თბილისში ვყოფილვარ და სოფელში, მაგრამ ეგ როცა მუცელში ვიჯექი. ახალციხეში კარგი კარტოფილი იყიდება და იაფი ღირს. რომ გავიზრდები, აუცილებლად ჩამოვიტან. კიდევ სოფლიდან  ჩვენს ორსართულიან სახლს ჩამოვიტან და რუსთაველზე დავდგამ, დიდი გამზირია როა, ფერადი ნათურებით რო რთავენ ხოლმე საახალწლოდ, ზუსტად იქ. ერთხელ, სკოლიდან წამიყვანეს და საწუწნი კანფეტები მაჩუქა თოვლის ბაბუამ. ხილის.

ჩემი კლასელები ამბობენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მაგრამ მე ვიცი, რომ რსებობს. ეს იქიდან ვიცი, რომ საწუწნი კანფეტები მაჩუქა და იქიდანაც, რომ დავინახე, ეზოში თოვლს რომ აგროვებდა. ალბათ კარგი ბავშვებისთვის უნდა წაეღო, ჩემთვის არასდროს  მოუტანია.

მუცელში რომ ვიჯექი, ბევრი წყალი იყო და გასაბერი ბუშტები როა, სულს რომ შეუბერავ და გაფრინდება, ეგეთები: უთვალავი. ოღონდ, ეგ ბუშტები წყალში ტივტივებდნენ და არ სკდებოდნენ. მაშინაც კი, როცა მე მათში შევდიოდი. აქ კედელს რო დაეჯახო, თავი გაგიტყდება, იქ ყველაფერი რბილი იყო და გლუვი. ხანდახან აფეთქების ხმა ისმოდა და წყალი იმღვრეოდა, და დედაჩემის ჰაერს პატარა, რკინის  კენჭები ამოყვებოდა ხოლმე. ისეთი, ნუკრიას სახელოსნოში როა. მაგრამ მერე წყალი ისევ წყნარდებოდა და კენჭები სადღაც ქრებოდნენ. მე ისევ ბუშტებში შევდიოდი, გარედან დიდი მანქანების ხმაური ისმოდა, ამიტომ ყურებში თითებს ვიკეთებდი და მანქანებს ენას ვუყოფდი.

ჩემი სახლიდან რომ დაეშვები, პირდაპირ მოედანზე ხვდები, სადაც წმინდა გიორგის ძეგლი დგას. მე მეშინია წმინდა გიორგისი და პირჯვარს ვიწერ, რომ არ გადმოვარდეს და არ გამსრისოს. ტასოს მამა გასრისა ეგრე რაღაც დიდმა, მშენებლობაზე მუშაობდა და პირდაპირ თავში დაეცა. მეც რომ გამსრისოს, მწვანილის ბაღს ვეღარ გავაშენებ და ეგ ცუდია. ისე, წმინდა გიორგი მიყვარს, გველეშაპი რომ დაამარცხა მაგიტომ და ეკლესიაში პირჯვარს რომ ვიწერ, ვეუბნები, რომ სულ დაამარცხოს ეგ გველები, ჩემთან რომ არ მოვიდნენ, სიზმარში. მაგრამ გველები მაინც მოდიან და მკბენენ. უშხამო გველის ნაკბენი ნახევარწრედაა განლაგებული და მე მიხარია, და ვფიქრობ, რომ წმინდა გიორგიმ გადამარჩინა.

მაგრამ მე სიზმარში მაინც ვყვირი და ეს ცუდია. ჩუმად ყვირილი უნდა ვისწავლო ამის მერე, ადამიანები რომ არ შევაშინო. ადამიანები არიან დედა და ბებია და კიდევ მეზობლის კედელი, იმიტომ რომ ხმა გადის. მეორე დღეს დედას რაღაცებს ეკითხებიან და სწყინს და საჭმელი ძალიან მლაშეა.  მე არ მომწონს დედას რომ სწყინს, ჩუმად თუ ვიყვირებ, მარტო მე, წმინდა გიორგი და გველები გავიგებთ და საჭმელიც არ დამლაშდება.

კიდევ, მლაშეა ნუკრიას სახელოსნოში იარაღები: ჩაქუჩები, დანები, ქლიბები და რაღაცები, რის სახელსაც ვერ ვიმახსოვრებ. ნუკრიას სახელოსნოში ხანდახან ჩუმად მივდივარ, სახლში რომ ვერ გაიგონ, ვითომ ეზოში ვთამაშობ, ქვიშაში. არადა, იარაღებს ვლოკავ. ნუკრია არ მიშლის, ამბობს, რომ გრიგორი მსუქანი დათვის ბელია და მეც ვიმეორებ „გრიგორი მსუქანი დათვის ბელია“ და მიხარია, მსიამოვნებს, რომ იარაღები ცივია და მლაშე. თუ იარაღები ტკბილი და ცხელი გახდება, – ეს ძალიან საშიშია, – ესეც ნუკრიამ მითხრა. ბებია მაროს ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ სადაც ნაძვის ხე იდგა, იქ ცეცხლმასროლი იარაღით მოკლეს ვიღაც, ეტყობა, ის იარაღი გატკბილდა.

ესე იგი, ტკბილი ხან კარგია და ხან ცუდი. უფრო სწორად, თუ რაღაც ტკბილი არაა და გატკბა, ისაა ცუდი, – როგორც იარაღი. და კიდევ, თუ რამე ხშირადაა. მაგალითად, ხშირად არ უნდა იყოს შოკოლადი, თორე გული აგერევა.  კარგი იმდენია, რამდენიც ცუდი. ესეც ხან კარგია და ხან ისევ ცუდი. კარგი ისაა, რომ შუქი გვაქვს, მაგრამ ამ დროს  ცუდიცაა, რადგან ხვალ შეიძლება აღარ გვქონდეს. სიბნელეში ყოფნაც კარგია, თავის კალთაში ჩადება შეიძლება და თან თვალებს ვერ ხედავ. თვალების დანახვა ზოგჯერ ძალიან საშიშია. განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ ტბებია და შიგნით გამხდარი ფისო იხრჩობა. თუ ვერ გადაარჩენ – იდარდებ, თუ გადაარჩენ – დასველდები. მაგრამ გადაარჩენ თუ არა, კნავილი მაინც ყურებში გაქვს და თვალებს თუ დახუჭავ, დაინახავ, როგორ აფართხალებს ფეხებს წყალში გამხდარი ფისო. სიბნელე ცუდია თუ კარგი ვეღარ გავიგე. მაგრამ ალბათ უფრო ცუდია, იმიტომ რომ ცივა. თუმცა, სიბნელეში ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან და არ ჩანს. მე მამაჩემის ხალათს ვეხუტები ხოლმე. არ ჩანს, მაგრამ მე მაინც მცივა.

ვერაფერი გავიგე.

ვერც ის, ბებო დედას რომ ეუბნება შენ მომიკვდიო. არ ვიცი, რა დააშავა. არაფერიც არ დაუშავებია, მგონი ბებოს სიხარული გამოაკლდა და ბრაზობს.

სიხარული რომ გამოგაკლდება, სულ გაბრაზული ხარ მერე და გგონია, რომ ყველა შენს წინააღმდეგაა, ამიტომ ბრაზი უნდა აწონო, – ნინო მასწავლებელმა თქვა ასე. სკოლაში რო სასწორია, იქ  დავდექი და მარტო მე ამწონა, ბრაზისთვის ხაზები აღარ ეყო. არც არაფერი გამომაკლდება და არც მომემატება, იმიტომ რომ სისულელეა და იმიტომ რომ არ შეიძლება სიხარული აიწონოს. ბებოს კი უნდა სიხარული ნუშის ნამცხვარივით აწონოს, მაგრამ არ გამოსდის და ალბათ ამიტომ მიმალავს სულ ნამცხვრებს.

მაგრამ მე მაინც სულ სიხარულში ვარ და ბებოს სულელი ვგონივარ. მიხარია და რა ვქნა. ბებოს კიდე სულ ნუშის ნამცხვარი უნდა და იმანაც რა ქნას. ვეგონო სულელი, არა უშავს.

 

1 2 3