კასავეტესი იყო რეჟისორი, რომელიც სამსახიობო კარიერას აგრძელებდა იმისთვის, რომ საკუთარი ფილმები დაეფინანსებინა. კომერცია მისთვის მკაცრად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია, პოპულისტური გამოვლინებები კი ადამიანური მანკიერებაა. მისი ნამუშევრები კომპოზიციური ეტიუდების ნაკრებია, სადაც სამონტაჟო ჭრა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილას მოხდეს, ხოლო ხანგრძლივი კადრი იმდენად ინტიმურ დეტალს დაეთმოს, რომ ვუაიერისტული განცდა დაგიტოვოს, თითქოს სხვის ავტნომიურ სივრცეში იჭრები, სხვისი ცხოვრების უეცარი თანაზიარი ხდები, იმის, რაც შენ ცხოვრებაშიც არსებობს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობ უცხო თვალს მოარიდო. კასავეტესი კი პირიქით, მაქაიმალურ გულახდილობას ითხოვს. გულახდილობა საკუთარ თავთან ის აუცილებელი წინაპირობაა, რომელიც მისი ფილმების ყურებისას არის საჭირო, სხვა შემთხვევაში მიღებული გამოცდილება უფუნქციო იქნება.

კასავეტესი გულახდილია თავის აუდიტორიასთან და იგივეს ითხოვს ჩვენგანაც. მისი პერსონაჟები, იქნებიან ისინი კრიმინალები, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები, ზრდასრული ბავშვები თუ ეგოისტი, ქედმაღალი სუბიექტები, ყოველი მათგანი ადამიანური ფსიქიკის და ცნობიერების ორგანულ სახიერებას წარმოადგენენ. შესაბამისად, ყოველი მათგანისათვის მიდგომა საჭიროა კომპლექსურად, კონტექსტის გათვალისწინებით. „სიყვარულის ნაკადები“ არარეპრეზენტაბელური ადამიანების გალერეასავით გამოიყურება, მთავარი პერსონაჟი სარა ლოუსონი ნევროზებით სავსე ქალია, რომლის ექსცენტრიული ქცევებიც შეუძლებელს ხდის მის მიმართ სიმპათიები გაგიჩინოს. მისი ძმა რობერტ ჰარმონი, უაღრესად ეგოცენტრული და ინდივიდუალისტური ეთიკის მატარებელია, რაც აგრეთვე აჩენს ბარიერებს მისდამი ორგანული კეთილგანწყობის წარმოსაქმნელად. თუმცა საქმეც სწორედ ამაშია, კასავეტესს არ ჭირდება იდეალიზირებული გმირები საკუთარი ისტორიების მოსაყოლად, მას ნამდვილი ადამიანები ჭირდება, თავიანთი ოდიოზური ქცევებით და კორუმპირებული ცნობიერებით.

ერთ-ერთ საყწის სცენაში, რობერტი ახალგაზრდა გოგონებთან ატარებს ინტერვიუებს, საკუთარი მომავალი რომანისათვის კვლევას აწარმოებს, უნდა გაიგოს როგორ ერთობიან ადამიანები. ჰარმონი გოგონას ეკითხება, თქვენი აზრით, რას ნიშნავს დროის კარგად გატარებაო, სწავლას, კითხვას, მუსიკის მოსმენას, ფილმების ყურებასო, რაზეც პასუხად იღებს, ვერ ვხვდებით რას გვეკითხებიო. ჩაძიების შემდეგ მაინც მიიღებს პასუხს, საუკეთესოდ დროს მაშინ ვატარებ, როდესაც ვოცნებობო. რაზე ოცნებობენ ახალგაზრდა გოგონები, რეჟისორი მათ სათქმელს აღარ ამთავრებინებს, სპონტანურ სამონტაჟო ჭრას ღამის კლუბში გადავყავართ, სადაც სცენაზე ქალი ბობ მარლის სიმღერას მღერის. პასუხიც ნათელია, კასავეტესს ძალიან აბრაზებს ის ფაქტი, რომ სამომხმარებლო კულტურა ადამიანებს წარმატების კონცეპტად ასაღებს პოპულარობას, მომხვეჭელობას, ფინანსური კეთილდღეობის აღმატებულებას სულიერ კეთილდღეობაზე. ფილმში არ არსებობს სექსუალური დრაივი, ის ყველა პერსონაჟს დაბუჟებული აქვს, კასავეტესისთვის ადამიანის უმთავრესი დანიშნულება იმ გზის გამონახვაა, რომლის საშუალებითაც სხვისი სიყვარული იქნება შესაძლებელი.

 

 

1 2 3