როგორც ავსტრიელი რეჟისორი, მიჰაელ ჰანეკე ამბობს, ფილმი არის 24 ტყუილი წამში, რომელიც ემსახურება სიმართლეს. ეს ალბათ ყველაზე მარტივი და ზუსტი დეფინიციაა კინემატოგრაფის განსასაზღვრად. ფილმებში ჩვენ ვხედავთ სტუდიურ პავილიონებს, ხელოვნურ სისხლს, ისტორიის ან ცხოვრების მხატვრულ რეკონსტრუქციას. თუმცა კარგი ფილმი, უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს, უნდა წარმოადგენდეს მცდელობას, მიუახლოვდეს მას. ოღონდ საუბარი არ მაქვს სუბიექტურ სიმართლეზე, არამედ უფრო მასშტაბურზე, სიყალბისგან გათავისუფლებასა და მაქსიმალური რეალიზმით ადამიანური ყოფიერების ილუსტრაციაზე. მსგავსი ტიპის რეალიზმს, რომელიც ადამიანურ გრძნობებსა და ურთიერთობებზე გააკეთებდა აქცენტს, ძალიან ცოტა რეჟისორმა მიაღწია, ერთ-ერთი ასეთი კინოჯადოქარი, ჯონ კასავეტესია, ხოლო მისი კვინტესენციური ნამუშევარი, ამერიკული კინოს რელიქვია, სახელწოდებით „სიყვარულის ნაკადები“ გახლავთ.

ძალიან რთულია გამოარჩიო ჯონ კასავეტესის ფილმოგრაფიიდან ერთი ფილმი, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს მოკლე დროში მასზე საუბარი და გაანალიზების მცდელობა. სიყვარულის ნაკადები კვინტესენციური კასავეტესია, კომპლექსური, ენერგიით სავსე, მოულოდნელი, სასაცილო და ჰიპერრეალისტური. ოღონდ საუბარი არ მაქვს დოკუმენტური კინოს კალიბრის რეალიზმზე, აქ უფრო მეტად ეგზისტენციურ სიმართლეზეა საუბარი, ადამიანური ვნებების ზუსტ გამოსახვაზე, ატმოსფეროს შექმნაზე, რომელიც ერთბაშად არის ძალიან ახლობელი და ნაცნობი და ამავდროულად შემაძრწუნებელი და დისკომფორტის გამომწვევი. კასავეტესის მთავარი საკვლევი თემა ყოველთვის იყო სიყვარული, მისი განხორციელების შესაძლებლობა და შეუძლებლობა, ადამიანის ცნობიერების მაქსიმალური დისპოზიცია, შესაბამისად, აქ ვერ ნახავთ რომანტიკულ პასაჟებს, იდილიურ ურთიერთობებს, ოჯახურ ჰარმონიას, პირიქით, მთავარი ფუძე კონფლიქტებსა და კომუნიკაციური არხების არევაში მოგვეწოდება.

 

 

1 2 3