/მინი პიესა/
ქურდი-გენერლის, სპილენძის ბიუსტის მომპარავი.
მყიდველი-ჯართის მყიდველი კაცი 50 წლის.
მყიდველი-რა არი ესა.
ქურდი-რა კი არა ვინ არის-თქო ძია კაცო.
მყიდველი-კაცო ჯართია ესა, ცოცხალი თავი ხო არა ?
ქურდი-დიდი კაცია.
მყიდველი-მერე ?
ქურდი-მეტი ღირს.
მყიდველი-ეგ როგორა კაცო, ცოცხალი ხო არ არი, ჯართია, სპილენძია.
ქურდი-სპილენძი რა შუაშია ?
მყიდველი-იმაში რო ჰა ჰა ორი თუმანი ღირდეს.
ქურდი-დიდი კაცია, ხო გეუბნები, მთელი მთავრობა იყო ამის გახსნაზე.
მყიდველი-ნწ. არააა. მაინც ფასი არ ააქ, აქვე ცხოვრობ, გიცნობ შენა, ჰა ჰა, ხათრით სამ თუმნამდე ავიდე, ძნელი დასაშლელია ვერ უყურებ ? მთლიანი მასაა, ამას არ წაიღებენ, იქ მელიცია დაგვადგეს, მოპარულია ის ხო არ არი…
ქურდი-რა სამი თუმანი, ათი ათასობით დაჯდა.
მყიდველი-რა ვქნა, არ გამოვა ეგ ამბავი. (ჩაფიქრდება) ტანი ჰქონდა ?
ქურდი-ხო, მარმარილო იყო, ეს უცბათ მოვაძრე.
მყიდველი-ვინ იყო რო ეგეთი ?
ქურდი-გენერალი იყო, დიდი კაცი მენშევიკების დროს.
მყიდველი-ვაა, მერე ?
ქურდი-მერე ისა რო მეტი ღირს ?
მყიდველი-მაგას არ გეუბნები მე. მერე ეს პატარა თავი ეკუთვნოდა ამხელა კაცსა ? სირცხვილია კაცო.
ქურდი-კიდე კაი დიდი არ გააკეთეს, რა წამოიღებდა, ნუ მემასხრები, თქვი ფული, უნდა გავიქცე.
მყიდველი-მაიცა, მომიყევი კიდე.
ქურდი-რა მოგიყვე, ფული მომე და გავიქცევი, ვაჰ.
მყიდველი-ამ კაცზე მომიყევი რა, შენ გეტყობა რაღაცეები იცი, განათლებული ჩანხარ.
ქურდი-შენი დაცინვაღა მინდა, ფული მომე, მისატანი მაქ.
მყიდველი-სამი თუმანი და მორჩეს.
ქურდი-კაცო ხო გითხარი, ვიღაცა არ გეგონოს, დიდი კაცია გენერალი, ვაბშე ბრძოლა არ წაუგია, მერე გაქცეული იყო რუსები რო შემოვიდნენ.
მყიდველი-ვააა ? მერე ?
ქურდი-მერე ისა რო სამი თუმანის მეტი არ გემეტება.
მყიდველი-მეტი არა ღირს. გავათაოთ.
ქურდი-რა მეტი არა ღირს, აჭარა და ბათუმი რო ჩვენია ამ კაცის ამბავია. ბოლოს ისა ქნეს, რუსების დედა რო მოვტყან.
მყიდველი-სამი თუმანი.
ქურდი-რუსეთ-თურექთის ომში იბრძოდა, იქაც დაიჭრა…
მყიდველი-სამი თუმენი.
ქურდი-ნიკოლოზ მეფე თვითონ ეწვია დაჭრილი რო იყო, დააჯილდოვა წმინდა გიორგის ჯვარით. თვითონ მეფის ქალიშვილები უვლიდნენ, მაშინ ეგრე არ იყო.
მყიდველი-სამი თუმანი.
ქურდი-რა სამი თუმანი, პირველ მსოფლიო ომში დაიჭრა.
მყიდველი-მაინც სამი თუმანი.
ქურდი-სქართველო-სომხეთის ომში ეგ იყო მეთაური და ომიც მოიგო.
მყიდველი-სამ თუმანი, ფეხს არ მოვუცვლი.
ქურდი-ბოლშევიკებთან ბოლომდე იბრძოდა. არ იცი. აქაც ბევრი მტერი ყავდა მარა ხო იცი ქართველის ამბავი.
მყიდველი-სამი თუმანი, ნუ მახვევ.
ქურდი-საფრანგეთში გაიქცა, იქაც ვერ შეეგუვნენ, ებრძოდნენ. ადგა და უკან დაბრუნდა.
ქურდი-სამი თუმანი. (პაუზა, ყურადღებით უსმენს) მერე ?
ქურდი-სოფლად დასახლდა, მარა მაინც დახვრიტეს ოცდაჩვიდმეტში.
(პაუზაა, სიჩუმე. მყიდველი ბიუსტს დასცქერის საცოდავი სახით)
მყიდველი-მერე ? ეს დაუდგეს ?
ქურდი-ხო, დიდი ფული დაჯდაო.
მყიდველი-ფუ ! (გადააფურთხებს)
ქურდი-ჰა, წაუმატე და გავრბივარ.
მყიდველი-მორჩა ვიკეტები.
ქურდი-ეგ როგორ ?
მყიდველი-სხვაგან წაიღე.
ქურდი-რატო ? ხო იმას შვრებოდი…
მყიდველი-სირცხვილით სადა ვთქვა რო ჯართში გენერალი მივიღე ?
ქურდი-რა ?
( პაუზაა, სევდანარევი ხმით.)
მყიდველი-ვერ დავჭრი, არ შემიძლია. გენერალი ჯართში ? ვაჰ რა ხალხი ხართ.
( ხმა ბიუსტიდან)
ხმა-სარკე მომიტანეთ !
(მყიდველი და ქურდი დაბნეულები შეჰყურებენ ერთმანეთს, მყიდველს შიშით პატარა სარკე მიქვს ბიუსტთან.)
მყიდველი-ა ა ა იი (დაბნეული ხმით და გამომეტყველებით.)
ხმა-რას დამამსგავსეს ! ნუ მათამაშებთ ! დროზე ქენით !
მყიდველი-ვერ ჩაგიბარებთ გენერალო, არ შემიძლია.
ხმა-გბარდებით ! ეს ბრძანებაა !
ფარდა
1 2