გერმანულ ენასთან როგორ მოხვედით, თქვენ ხომ გერმანულადაც წერთ?

გერმანულს ბავშვობიდან ვსწავლობდი, ჩემი სკოლა გერმანულ ენასა და კულტურაზე იყო ფოკუსირებული. გერმანულსაც ისეთი მასწავლებელი გვასწავლიდა, რომლისთვისაც გერმანული მშობლიური ენა იყო. მერვე და მეცხრე კლასებში უკვე აქეთაც ხშირად ვიყავი ხოლმე, რადგან დედაჩემი გერმანიაში მუშაობდა. როცა აქ ჩამოვედი, უკვე გერმანულად ვლაპარაკობდი.

რა როლს ასრულებს სამშობლო თქვენთვის?

სამშობლო ამბივალენტური ცნებაა, რადგან როცა მასში ჩაღრმავებას მოინდომებ, ბევრ სილამაზესთან ერთად ბევრი ულამაზობაც ამოვა. ნაციონალური იდენტიფიკაციის ნებისმიერი ფორმა ჩემთვის არაზუსტია. ორი კულტურის წრეში ტრიალიც ყოველთვის რთულია. ესაა შპაგატი ორ კულტურას, ორ ენას, ორ სამყაროს, ორ მენტალობას, ორ ტემპერამენტს შორის. ჩემში ძალიან ძლიერია ქართული კოდირება, ამას ყოველ ჯერზე ვგრძნობ, თან სოციალიზირებული ვარ გერმანიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს საქართველოშიც ვაღიზიანებ. ეს კი უკვე გამოწვევაა.

ეს ქართული კოდირება კონკრეტულად რაში გამოიხატება?

პირველ რიგში, ეს არის ემოციებისადმი სრულიად სხვა მიდგომა  – ბევრად ექსპრესიული, გრძნობების წარმოჩენით, არდამალვით. ეს უფრო სამხრეთული ტემპერამენტია, მისთვის უცხოა დაცვის ან, როგორც მე ვეძახი „პატრურქის დაწევის“, ყველა ფორმა. პოლიტიკაში ეს შეიძლება პრობლემად იქცეს, ადამიანურ ურთიერთობებში კი ძალიანაც მშვენიერი, თბილი და გულიანია. თან ძალიან კოლექტივისტური საზოგადოებაა, რომელსაც მე ბოლომდე თავს ვერ მივაკუთვნებ. მარტო დარჩენა ძალიან ძნელია, გამოსვლა ცხარე ბრძოლით თუ მოიპოვება.

როგორია დღეს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან?

მე საერთოდ არ ვთვლი, რომ რუსეთს რამენაირად მივეკუთვნები. რუსულად ვლაპარაკობ და რუსული ლიტერატურა მიყვარს, რუსი მეგობრებიც მყავს. რუსებმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინეს. რამდენიმე ომი გადაგვხვდა, არაფერი არ მაინტერესებს იქიდან, რასაც რუსები განასახიერებენ, საპირისპირო – კი, ბატონო! პოლიტიკა ჩრდილავს ყველაფერს, არ არსებობს ნორმალური ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი რუსულ ენასაც უარყოფს, რომელიც მე მომწონს.

თქვენ ხომ სულ და კვლავ ყოფილ საბჭოთა კავშირს აკრიტიკებთ…

მართალია, საქართველო 70 წელი ამ ქვეყნისა თუ კონსტრუქტის ნაწილი იყო, მაგრამ ეს იყო იძულებითი  ქორწინება, ორგანული არსადროს ყოფილა. პრობლემები, რომლებიც უკრაინას, საქართველოს ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ, სათავეს სწორედ აქედან იღებს. მე თვითონ მრავალი წლის მანძილზე ვაანალიზებდი სოციალისტურ იდეას. არსებობს ერთი წიგნი რუსულ ენაზე, მის შექმნაში ბევრი მწერალი მონაწილეობდა და იქ წერია, რომ თურმე ოქტომბრის რევოლუციიდან მალევე ბოლშევიკებმა თავიანთი ყველა იდეა გაყიდეს. თავისთავად იდეა კარგი იყო, მაგრამ ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრსა და კაპიტალიზმის კრიტიკას უნდა შევეშვათ.

ჰამბურგში გადმოსვლა თქვენთვის კულტურული შოკი იყო?

არა, არ ყოფილა. მე ხომ უკვე ამ ენაზე ვლაპარაკობდი.ცოტა ხანი დამჭირდა, ვიდრე საბოლოოდ ჩამოვიდოდი. თავიდან ყველაფერი ზედმეტად ჩრდილოურად მეჩვენებოდა. თუმცა  მაგარი სასწავლო ადგილი მოვიპოვე, ძალიან რომ მინდოდა ისეთი. იმ ექვსს შორის მოვხვდი, რომლებიც თეატრალური აკადემიისთვის აირჩიეს.  ეს იყო ძალიან ინტენსიური ორი წელი, ბევრი მეცადინეობა დამჭირდა, მაგრამ ღირდა. თავიდან ჰამბურგთან შეგუება გამიჭირდა, მე ხომ თბილისიდან ჩამოვედი, ეს კი იგივეა, ნეაპოლიდან რომ ოსლოში გადასახლდე.

პროზაზე გადასვლა როდის გადაწყვიტე?

მე ხომ სულ პროზას ვწერდი, თეტრშიც პროზიდან მივედი. სწავლის დროსაც სულ ვწერდი ხოლმე. მაგ დროს დავწერე ჩემი პირველი რომანი, პიესებიც მქონდა, მაგიდის უჯრაში მეწყო. პირველი შესაძლებლობა მაშინ მომეცა, როცა თალიას თეატრში წინასადიპლომოდ რაიმეს დადგმა შემოგვთავაზეს. მომენტით ვისარგებლე და 2006 წელს ჩემი პიესა სცენაზე პირველად გამოვიტანე. ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან არ ვიცოდი, ხალხი როგორ მიიღებდა. პიესას ერქვა „Z“, ორი მონაწილე ჰყავდა და არც სხვა მხრივ იყო რთული. გამიმართლა და იმის მიუხედავად, რომ თვით ამ სასწავლებელშიც ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, წარმატებული აღმოჩნდა. ფესტივალებზე მიმიწვიეს, თეატრალური გამომცემლობიდან პიესების შეკვეთა  მივიღე. რამდენიმე ტექსტი უკვე მქონდა და მალევე გავუგზავნე. პროზას უფრო მეტი ხანი დასჭირდა.  გამომცემლობას სამი წელი ვეძებდი, ეს იმის ფონზე, როცა უკვე ბევრი პიესა გამოცემულიც და დადგმულიც მქონდა. გერმანიაში ხომ ყველაფერი შესაშურად დაყოფილია, სფეროები და მიმართულებები ერთმანეთს არ კვეთს. არც კი ვიცოდი, რომ რასაც გამომცემლობაში დაკვეთის გარეშე აგზავნი, ძირითადად სანაგვე კალათაში ხვდება. ბოლოს და ბოლოს, ბევრი დავიდარაბის შემდეგ,ერთ პატარა  ბერლინურ გამომცემლობას „Verbrecher Verlag“ მივადექი. მოქოქილი და გაბედული  გამომცემლობა აღმოჩნდა და ჩემი რომანის გამოცემაზე დავითანხმე. რომანი „ჟუჟა“ 2010 წლის გერმანული წიგნის პრემიის ლონგლისტში მოხვდა, ბევრი გამოხმაურებაც მიიღო. გული მომეცა და უდიდეს გამომცემლობას „Frankfurter Verlagsanstalt“-ს მივაშურე და დღემდე იქ ვარ. მერე ყველაფერი გამარტივდა, რადგან ყურადღება უკვე გარანტირებული მქონდა.

მერე იყო უზარმაზარი წარმატება „მერვე სიცოცხლე“, 1280 გვერდი, შემდგომი დიდი ნახტომი…

თავიდან ასე ვრცლად არ დამიგეგმავს. ქართული ოჯახის ისტორია უნდა ყოფილიყო, ოღონდ ორ ან სამ დეკადაზე უნდა გავჩერებულიყავი. მერე შევამჩნიე, რომ მკითხველამდე ამის მიტანა, განსაკუთრებით კი გერმანელ მკითხველამდე, გაძნელდებოდა. პერესტროიკის პერიოდი უნდა ამესახა, მაგრამ ეს ისეთი ქაოტური დრო იყო, რომ ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი, ამიტომ ამბის უფრო ადრიდან დაწყება მომიხდა.

მერე მე თვითონაც ჩამითრია. ბევრი ვიკითხე, ბევრი რამე აღმოვაჩინე, გამოვარკვიე, ბოლოს ოქტომბრის რევოლუციამდე მივედი და ჩამს თავს ვუთხარი: ოკეი, რომანის სიდიდეზე მოგვიანებით იფიქრე. ასე იქცა ეს რომანი საბოლოოდ საოჯახო ისტორიად, რომელიც 1900 წელს იწყება და 2007 წლამდე მოდის, ექვს თაობასა და რვა მთავარ პერსონაჟს მოითვლის. საქმე ეხება ქართულ ისტორიას, რომელიც კვლავ და კვლავ რუსულს ეჯაჭვება. პოლიტიკა და რეალური ისტორია ცალკეულ ადამიანთა ცხოვრებას დიდ დაღს ასვამს. ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ოჯახის ისტორია, დანახული თანამედროვეობის პერსპექტივიდან. სტრუქტურასა და ფორმაზე კი ბევრი ვიფიქრე. თან თხრობისას დიდი  სიჟეტური ხაზები უფრო მაინტერესებს, ვიდრე პატარა ან პირადი…

 

1 2 3