„ეს არის შპაგატი ორ სამყაროს შორის“

გერმანულენოვანი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში 2003 წლიდან ცხოვრობს. იგი დაიბადა 1983 წელს თბილისში. თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ფილმის რეჟისურას სწავლობდა, ჰამბურგის თეატრალურ აკადემიაში – თეატრის რეჟისურას. წერა პიესებით დაიწყო, რომელთაც თვითონ დგამდა ჰამბურგის ჰალიას თეატრში, გიოტინგემის გერმანულ თეატრში და სხვა, მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში. მისი პიესები უამრავი პრემიით აღინიშნა. მან 2010 წელს გამოსცა თავისი პირველი რომანი “ჟუჟა” და მაშინვე მიიპყრო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება. ეს რომანი გერმანიის 2010 წლის ბესტსელერთა სიაში მოხვდა და მის ავტორს გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ადალბერტ ფონ შამისოს პრემია მიენიჭა. 2011 წელს გამოვიდა ნინო ხარატიშვილის მეორე რომანი “ჩემი ტკბილი ტყუპისცალი”, რომელმაც ავტორს არანაკლები წარმატება მოუტანა. გერმანულმა კრიტიკამ იგი შეაფასა, როგორც “თანამედროვე კლასიკა”, იგი წლის ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელეს და გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემიით დააჯილდოვეს. 2011 წლის სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ნინო ხარატიშვილი დასახელდა იმ 100 ქალს შორის, რომლებიც გერმანიის მომავალს განსაზღვრავენ.

განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ნინო ხარატიშვილის მესამე რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ (2014), რომელიც 1275 გვერდზე ჯაშების გვარის 6 თაობის მაგალითზე გადმოცემული საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიაა, დაწყებული მეფის რუსეთიდან, ოქტომბრის რევოლუციის, მსოფლიო ომების, სტალინიზმის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდების ჩათვლით, ვიდრე 2007 წლამდე. ხოლო მეოთხე რომანი „კატა და გენერალი“ 2018 წლის გერმანული წიგნის პრემიის  (Deutsches Buchpreis) შორტლისტშიც კი მოხვდა.

ქართულად ჯერჯერობით თარგმნილია და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულია  მხოლოდ პირველი ორი რომანი: „ჟუჟა“ და „ჩემი ტკბილი ტყუპისცალი“. თებერვლის „ელექტროლიტში“ გთავაზობთ ინტერვიუს მწერალთან და მცირე ამონარიდს მისი ბოლო რომანიდან  „კატა და გენერალი“.

 

მთარგმნელისაგან

 

shz.de  მარტინ ზონლაიტნერი/Martin Sonnleitner 05.01.2019.

ჰამბურგი | ნინო ხარატიშვილმა სწორედ ახლა მოიტოვა უკან დაძაბული კვირა. ჯერ იყო და თავის რომანისთვის „კატა და გენერალი“ საუკეთესო გერმანულენოვანი რომანისათვის გერმანული წიგნის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, მერე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა – მისი სამშობლო, საქართველო ხომ ამ ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იყო, თვითონ კი – მოთხოვნილი ექსპერტი. მთელი გერმანიის რომანის კითხვით შემოვლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი მარტინ ზონლაიტნერი  მას ჰამბურგის ერთ-ერთ უბანში (Schanze), მის სახლთან ახლო კაფეში („Café Unter den Linden“) შეხვდა.

მას შემდეგ რაც „მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ 2014 მრავალმხრივ აღინიშნა, თქვენი ბოლო რომანი „კატა და გენერალი“ წელს გერმანული წიგნის პრემიის შორტლისტში იყო. წარმატებამ რამე შეცვალა?

რაღაც კარები გამეხსნა, გარკვეული საქმეებისთვის აღარ მიწევს იმდენი წვალება. ამას რომანის კითხვის სერიებზე მივხვდი, რომ ხალხს უნდა წიგნის კითხვა. მიუნხენის ლიტერატურის სახლში 400 კაცი მესწრებოდა. პირადად ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ყოველი ახალი ტექსტი, ყოველი ახალი თეატრალური ინსცენირება ჩემთვის იგივეა… თითქოს ყველაფერს ნულიდან ვიწყებ. ცხადია, გარკვეული თავდაჭერა გიმუშავდება. აი, რუტინა კი ჩემს პროფესიაში ვერ წარმომიდგენია.

რა იყო შენი უდიდესი ოცნება, მწერალი უნდა გავხდეო?

ეს უფრო ჩემი გეგმა იყო, აუცილებლად მწერალიუნდა გამოვსულიყავი.  თან იმისგან დამოუკიდებლად, ფულს ვიშოვიდი თუ არა. უბრალოდ, ამას ყოველთვის ვაკეთებდი, მას შემდეგ რაც მეტ-ნაკლებად ფიქრი შევიძელი. ამას, პირველ რიგში, ჩემთვის ვაკეთებდი, რადგან ეს ჩემზე კარგად მოქმედებდა, მე ეს მჭირდებოდა. ამის მიზეზებს არ ჩავძიებივარ. ეს იყო როგორც სუნთქვა ან ჭამა, სამყაროსთან ურთიერთობის გარკვევის ჩემი გზა. როდის-როდის დადგა ის დრო, როცა ნათლად ვისურვე, წარმოვიდგინე, რა კარგი იქნება, ერთი წიგნი რომ გამოვაქვეყნო-მეთქი. თუმცა, მაშინაც კი, როცა არც ვიბეჭდებოდი და ასე თუ ისე ბევრი კრიტიკის ატანაც მიწევდა, არც კი დამიშვია, რომ სხვა რამეს გავაკეთებდი.

წერა როგორ დაიწყეთ?

იმაზე ბევრად ადრე ვწერდი, ვიდრე გარდატეხის ასაკი დამიდგებოდა. ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი, წიგნის ადამიანი ვიყავი. თავიდანვე სულ მოგონილ ისტორიებს ვწერდი, დღიურები არასდროს მიწარმოებია. შემდეგ სკოლის დრამწრეში ჩავები, პიესები დავწერე, რომლებიც თავადვე დავდგით და საჯაროდ წარმოვადგინეთ. ჯერ სრულიად მარტივი ხერხებით, მარტო უკრაინაში. ამ საქმეს  გემო გავუგე, შევატყვე, ნაწერი ადამიანებს როგორ აფხიზლებდა და ააქტიურებდა. მერე იმაზე დავფიქრდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს პროფესიად მექცია, ოღონდ უფრო მეტად ინსცენირება, ვიდრე წერა. რეჟისორობა მინდოდა, ფილმის გადაღება მინდოდა, აქეთ მივილტვოდი. მერე სამი წელი თბილისში ფილმის რეჟისურას ვსწავლობდი, თუმცა უკვე ისე აღარ მომწონდა. 2003 წლიდან ჰამბურგში თეატრის სარეჟისოროზე შევიტანე განაცხადი და ბოლობოლო აქ აღმოვჩნდი. პარალელურად ყოველთვის ბევრს ვწერდი, თუმცა მაინც უფრო რეჟისორობა მინდოდა.

 

1 2 3