რობ ქერნევეილის შეკითხვებს პასუხობენ  კირა ნაითლი და ქერი მალიგანი

  • რას იტყვით წიგნზე და რთული იყო თუ არა მისი ეკრანზე გადატანა?

ქერი მალიგანი: წიგნი მაშინვე წავიკითხე, როგორც კი გამოვიდა და ძალიან შემიყვარდა, პირველ ყოვლისა, გულისმომკვლელი ისტორიის გამო, და იმ ტრაგიკული ადამიანების გამოც, რომელთაც არც ისე ბევრი უნდათ ცხოვრებისგან, და ვერ იღებენ. შემდეგ სცენარი წავიკითხე. მე და კირას ერთად გვიმუშავია დიკენსისა და ოსტინის ეკრანიზაციებზე, მაგრამ მაშინ გადაღებების დროს წიგნის ავტორი არ იყო ჩვენს გვერდით, რომ ჩვენი ნამუშევარი შეეფასებინა. ამ ფილმზე მუშაობა კი, ორმაგად გვაფრთხობდა, რადგან კაძუო იშიგურო იქვე იყო და ჩვენ ვცდილობდით, ზუსტად ისეთი სახეები შეგვექმნა, მას წერის დროს რომ წარმოედგინა.

ასევე, ვფიქრობდით იმ მკითხველზე, ვისთვისაც ეს წიგნი ძვირფასია, რაც დამატებითი სტრესი იყო ჩვენთვის. თუმცა, როცა სცენარი წავიკითხეთ და გადამღები ჯგუფი და სხვა მსახიობები გავიცანით, დავმშვიდდით, რადგან ერთმანეთს ყველა კარგად  შევეწყვეთ და ერთად ბევრს ვშრომობდით. ჩვენ  ამ წიგნის დიდი ფანები ვართ. ფილმის გადაღების პროცესში გაცილებით ბევრი რამ გავიგეთ ამ რომანის და ზოგადად, მწერლობის შესახებ.

 

  • თქვენ რას იტყვით, კირა?

კირა ნაითლი: მე მანამდე წიგნი წაკითხული არ მქონდა. პირდაპირ სცენარს გავეცანი და მაშინვე მივხვდი, რომ განსაკუთრებულ ნაწარმოებთან მქონდა საქმე.  მსგავსი არაფერი წამიკითხავს. შემდეგ ჩემს მეგობრებს ვუამბე ამის შესახებ და  „არ გამიშვა“  მათი საყვარელი წიგნი აღმოჩნდა. ყველანი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ვგიჟდები მაგ წიგნზე“. ზოგმა თქვა, რომ ამ წიგნში მთელი ჩვენი თაობა ჩანს, რაც ძალიან შთამბეჭდავია.  და ამ ფონზე, ჩემთვის უფრო დიდი პატივია ამ ფილმში მონაწილეობა.

 

  • ალექს გერლანდის სცენარს ეყრდნობოდით თუ წიგნს მიყვებოდით? კითხვებზე პასუხებს წიგნში  ეძებდით თუ სცენარში?

კირა ნაითლი: დიდი ბედნიერებაა, როცა სცენარის გარდა ასეთი „დამხმარე საშუალება“ არსებობს. წიგნში ძალიან ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც ჩემი პერსონაჟის გახსნაში დამეხმარა და ეს, რა თქმა უნდა, დიდი შვება იყო ჩემთვის. იგივეს  ვერ ვიტყვი ქერიზე, მას თავისი გმირის ხასიათის შესახებ ამდენი ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

  • ეთანხმებით, ქერი?

ქერი მალიგანი:  სრულყოფილი სცენარი გვქონდა, პირველ ვარიანტში არაფერი შეგვიცვლია.  გადაღებების დროს გარემოც არაჩვეულებრივი შეიქმნა და მარკ რომანეკთანაც მშვენივრად ვიმუშავეთ. მარკს წიგნი სულ თან დაჰქონდა და ამიტომ  გადაღების დროს ჩვენც თან გვქონდა ხოლმე წიგნი და იმ ადგილს ვკითხულობდით, რომელსაც ვიღებდით. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მთელი წიგნი ჩემი პერსონაჟის მონათხრობია. არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ მოტივაციასა და შთაგონებასაც წიგნიდან ვიღებდით. აი, მაგალითად, ზოგჯერ ერთი და იმავე ეპიზოდის რამდენიმე დუბლის შემდეგაც არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ მერე წიგნში რაღაც ახალს  აღმოვაჩენდით და სხვანაირად – და ალბათ უკეთესადაც ვთამაშობდით.

 

  • კირა, მანამდე ფილმში უამრავი სახე შეგიქმნიათ, როგორი იყო ამ პერსონაჟზე მუშაობა?

კირა ნაითლი:  რუთი ლამაზი და  მომხიბლავი გოგოა, მაგრამ რთული და მბრძანებლობის მოყვარული. ის ცდილობს, თავის გარშემო ყველაფერი აკონტროლოს. როცა  სცენარი პირველად წავიკითხე, ამ როლის თამაში ნამდვილად მომინდა. მომინდა, მის გულსა და გონებაში ჩამეხედა, გამეგო, რას ფიქრობს და რა განაპირობებს მის საქციელს. ამიტომ, მუშაობის დროს რუთის ხასიათს  ვიკვლევდი. ვაღიარებ, ის მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ საინტერესოა, ითამაშო ისეთი ადამიანი, რომელიც არ მოგწონს და იპოვო ხერხი, რომლითაც მას ბუნებრივი სახით წარმოაჩენ. ეს მსახიობისთვის არც ისე მარტივი, და ამავდროულად განცდებით სავსე ამოცანაა.

 

  • ქერი, ეს ფილმი, მასში მოთხრობილი ამბავი, რამდენად ემოციური იყო თქვენთვის? 

ქერი მალიგანი: ძალიან ემოციური და სევდიანია მთლიანად რომანი და გადაღებებზეც ძალიან განვიცდიდით ჩვენი პერსონაჟების ბედს. უნდა ვთქვა, რომ  რთულია, მუშაობისას ყალბი ენთუზიაზმი ან  გამოგონილი სიხარული შეინარჩუნო. გადაღებებზე სევდა გვეუფლებოდა,  მე სულ ვტიროდი. თუმცა, ვცდილობდი, თავი მაქსიმალურად შემეკავებინა, მხოლოდ მე კი არა, ჩვენ, ყველანი ვდარდობდით ჩვენი პერსონაჟების ბედზე და ერთმანეთს ვამხნევებდით.  არ მინდა ვთქვა, რომ გადაღებებზე ტრაგიკული განწყობა გვქონდა. უბრალოდ, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ადამიანი სამყაროში, სადაც იბადება, ლამაზ და მშვიდ ცხოვრებას იმსახურებს.

 

  • ქერი, იმ სცენაზე რას იტყვით, სადაც თქვენ და ენდრიუ გაიგებთ, რომ გადავადება არ არსებობს. ალბათ იგივე განცდაა, როცა  ვიღაცას ეუბნებიან, რომ  სასიკვდილო სენი აქვს. რამე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ მოიძიეთ ამ სცენის სათამაშოდ?

ქერი მალიგანი: არაფერი მქონდა წიგნის გარდა. კვლევა არ ჩამიტარებია. წიგნი წავიკითხე და იქ ვიპოვე ყველა პასუხი. არასოდეს მიფიქრია, რომ კეტის გადავადების იმედი ჰქონდა ან ოდესმე მისი არსებობის სჯეროდა. მგონია, რომ მან ეს ყველაფერი ტომის გამო გამოიარა.  ასე, რომ ეს სცენა ჩემთვის ნიშნავს, რომ მე გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი.

მანამდე არასოდეს მიფიქრია რეალური დონორების შესახებ. არც იმ ადამიანების შესახებ, ვისაც სასიკვდილო დაავადება აღმოუჩინეს.  ეს ჩემ გარშემო ყოველდღე არ ხდება. მეორე მხრივ კი, თითქოს ჩვენთვის ეს ტრაგიზმი სიახლე არაა. სცენაში, სადაც  სალი ჰოკინსის გმირი თინეიჯერებს პირველად ეუბნება, რომ მათი დანიშნულება საკუთარი ორგანოების გაცემაა,  ყველა მშვიდადაა, არავინ იწყებს ტირილს და არც არავინ გარბის ოთახიდან. ალბათ, ესეც რაღაცაზე მიანიშნებს.

 

  • კირა, რას იტყვით რუთის შესახებ?

კირა ნაითლი:  მგონია, რომ რუთი დაიღალა, ასეთმა სიცოცხლემ დაღალა. ბევრი ტკივილი გამოიარა და დასრულება უნდა.  ეს სცენარშიც და წიგნშიც ასეა და ჩემი აზრით, რუთი სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ის ყველანაირად ცდილობს, წასვლის წინ ყველა საქმე მოაგვაროს, შეცდომები გამოასწოროს. ეს ზუსტად მიესადაგება, რასაც კაძუო იშიგურო ამბობს იმ საქმეების შესახებ, რომელიც სიცოცხლის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. მეც დავფიქრდი ამის შესახებ და აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს.

 

  • მარკ რომანეკთან როგორ იმუშავეთ? ძალიან მომთხოვნია?

ქერი მალიგანი: მარკი არაჩვეულებრივი რეჟისორია. სწორად აღნიშნეთ, მომთხოვნია და მკაცრი. მან ზუსტად იცოდა, როგორ ფილმს იღებდა და ჩვენც კვალში მივყვებოდით.  არაჩვეულებრივი ჯგუფი გვყავდა, მათ შორის, ბრწყინვალე ოპერატორი, ადამ კიმელი, რომელმაც „კაპოტე“ გადაიღო. ფილმში სალი ჰოკინსი და შარლოტა რემპლინგიც მონაწილეობენ. იმის თქმა მინდა, რომ ფანტასტიკური გუნდი შედგა და ორი კვირა მოსამზადებელი დროც გვქონდა. შეიძლება, ორი კვირა ბევრი არაა, მაგრამ ზოგჯერ ესეც არ გვაქვს ხოლმე. ასე, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მათთან მუშობა.