ახალი წლის დღეებში საახალწლო ეთერი ძირითადად ერთსა და იმავე ფილმებს ეთმობა ხოლმე, თუმცა დღეს 80-ანი წლების იმ საკულტო ამერიკულ კომედიას მინდა შევეხო, რომელმაც ქართულ ტელევიზიებში რატომღაც ფეხი ვერ მოიკიდა ტრადიციულ საახალწლო ბადეში. ესაა იერემაია ჩეჩიკის სურათი სახელწოდებით „საშობაო არდადეგები“. ფილმის სცენარი ჯონ ჰიუზს ეკუთვნის, თინეიჯერული და საოჯახო კომედიების დიდოსტატს, რომელსაც იდეალურად გამოსდიოდა მსხვილკალიბრიანი იუმორის და მელოდრამატული ემოიციების სინთეზირება. მისი ავტორობით საქართველოში ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ალბათ „მარტო სახლში“ გახლავთ, თუმცა იმედია ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ „საშობაო არდადეგებსაც“ მიუჩენს ადგილს მკითხველი სადღესასწაულო პერიოდის აუცილებლად საყურებელ ფილმებს შორის.

სურათის მთავარი გმირები გრისვოლდების ოჯახია, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და სასაცილო დისფუნქციური კოლექტივი, რომელიც კინემატოგრაფში დაფიქსირებულა. ჰიუზი კარიკატურული რეალიზმით აღწერს ამერიკული საშუალო ფენის ვნებებს და ყოფიერებას. ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში არსებულ უსაფუძვლო კონკურენციის იდეალურ ილუსტრაციად გამოდგება ის პასაჟები, რომელშიც იკვეთება ოჯახის პატრიარქის, კლარკის გაუნელებელი დრაივი, რომ მეზობლებზე უკეთესი საშობაო დეკორაციები, შთამბეჭდავი განათება და გიგანტური ნაძვის ხე ქონდეს. ამ ყველაფრის მისაღწევად ის გამუდმებით კომიკურ სიტუაციებში ვარდება, რაც მსგავსი სულისკვეთებისათვის დამსახურებული სასჯელივით მოგვეწოდება.

კლარკი მსხვილ კომპანიაში მუშაობს, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს და წლის საუკეთესო თანამშრომლადაა ნომინირებული. შობის წინა დღეებში კომპანიისგან დასაქმებულები მეცამეტე ხელფასს ელოდებიან, როგორც პატივისცემის და გაწეული მძიმე შრომის დაფასების სიმბოლოს. კლარკს კვლავ სტანდარტული საშუალო კლასის ამერიკელის მიზნები აქვს სახელფასო ბონუსთან დაკავშირებით და სახლის ეზოში დიდი აუზის მოწყობას გეგმავს, ცოლი და განსაკუთრებით კი შვილები, მისი ამ დანაპირების ასრულებას ეიფორიულად ელიან. ზედმეტი სიუჟეტური დეტალი რომ არ გავამხილო, უშუალოდ სიტუაციის ანალიზის არ დავიწყებ და ირიბი კომენტირებით შემოვიფარგლები.

ფილმი შრომის ექსპლუატაციის კაპიტალისტურ ბუნებაზე თავდაუზოგავად ქილიკობს, მის წინააღმდეგ რადიკალური ზომების გამოყენებას ფუნქციურ და აუცილებელ, მორალურად გამართლებულ ქმედებად არეგისტრირებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მაინც საოჯახო ფილმის სტრუქტურასთან გვაქვს საქმე, რომელიც სტუდიური დაფინანსებით განხორციელდა, სურათი ბოლოს მხოლოდ ეთიკური გაკვეთილის ილეთს იყენებს და საკუთარი შეცდომების გააზრების, დასაქმებულებზე მზრუნველობის გამოჩენის და გაკეთილშობილების შესაძლებლობას უტოვებს მსხვილი ბიზნესის კოლექტიურ სახეს, კლარკის ბოსს, ფრენკ შირლის, რომლის დამუნათებისთვისაც არცერთ შესაძლო ხერხს არ უშვებს ხელიდან.

თუმცა ალბათ სკამარისია სოციო-ეკონომიკურ კონტექსტზე მსჯელობა საახალწლო გასართობ ფილმში, ამიტომ უშუალოდ კომედიურ ნაწილზე გადავალ. 80-ანი წლების ამერიკული კომედიის კორიფე, ჩევი ჩეისი, თავის ყველაზე დასამახსოვრებელ და სასაცილო პერფორმანსს ქმნის, ექსპრესიული მიმიკებით, მუდმივ ფრუსტრაციაში მყოფი გმირის იდეალური პორტრეტის წარმოჩენით, რომელსაც უთანაგრძნობ, რადგან მისი პრობლემები ძალიან ნაცნობი და ახლობელია, მაგრამ პარალელურად დაცინი, იმდენად დიდ ძალისხმევას ახმარს ისეთი აბსურდული მიზნების განხორციელებას, როგორიც მაგალითად სახლის მეგაპომპეზური გაფორმებაა ფერადი ნათურებით, რაც კრიმინალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.

საშობაო არდადეგები ზედგამოჭრილია ოჯახური კინოსეანსისთვის, რადგან იდეალურად ითავსებს ძალიან სასაცილო კომედიურ ეპიზოდებს და ორგანული სენტიმენტების საჭირო დოზებს. ფილმის კომპოზიტორი, რამდენადაც შეიძლება გაგიკვირდეთ, დევიდ ლინჩის მუდმივი კოლაბორატორი, ანჯელო ბადალამენტი გახლავთ, რომელსაც განსაკუთრებული სენსიტივობის და ამაღლებული განწყობის ნოტები შემოაქვს ეკრანზე მიმდინარე ცხოვრების დღესასწაულში, ხოლომას იდეალურად ეხმიანება ამერიკული ფოლკლორის თუ პოპ ჟღერადობის წარმომადგენელი საახალწლო სიმღერები.

ფილმის განმავლობაში, მთავარი პერსონაჟი, კლარკ გრიზვოლდი, მრავალ ტურბულენტურ სიტუაციას გამოივლის, მათ შორის ეგზისტენციალური სიმძიმით დატვირთულს. გაიხსენებს ბავშვობას და სიცოცხლის გამოკვლევის დაუშრეტელ ვნებას, რომელიც ამჟამად სამსახურეობრივი შრომისგან გამოწვეული გაუცხოებით აქვს ჩანაცვლებული, ოჯახისწევრებისგან თავმობეზრებული, დაინახავს მის ფასეულობას და საჭიროებას, ტრადიციების და რიტუალების უშინაარსოდ, სხვასთან შეჯიბრის პრინციპით განმეორების ნაცვლად, მათ პოზიტიურ მნიშვნელობას დაუახლოვდება, მატერიალიზმის მანკიერებას შეიგრძნობს და კოლექტიური სულის ძალას აღმოაჩენს, რომლის დახმარებითაც, ნებისმიერი პრობლემა თუ წინაღობა მარტივად დაძლევადი ხდება. მართალია კლარკ გრიზვოლდი კვლავ მხოლოდ კომედიურ გმირად რჩება, რომელიც მუდმივად გაიმეორებს უკვე დაშვებულ ყველა შეცდომას, მაგრამ შეგვიძლია მისგან მაგალითი ჩვენ, მაყურებლებმა ავიღოთ და ახალ წელს, ახალი, სუფთა ცნობიერებით, ერთმანეთზე მეტი ზრუნვით, ემპათიის ამაღლებული გრძნობით და პოზიტიური ცვლილებების გამომწვევი მოქმედების ჟინით შევხვდეთ.