
მსგავსი მოცემულობა ოზუს ადრეულ, მუნჯურ ფილმშიც გხვდება, სადაც ბავშვები შიმშილობას იმის გამო მიმართავენ, რომ აღმოაჩენენ, თურმე, მათი მამა სამსახურში უფროსის გასართობად მსახიობობს. მამის ავტორიტეტის ნგრევა უდიდეს პროტესტს გამოიწვევს. ეს მაშინდელი საზოგადოების იმპერატორისადმი დამოკიდებულების იუმორისტულ პროექციას წარმოადგენდა, იმას, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინახა იაპონიამ, – ის, რომ იმპერატორი უბრალო კაცი აღმოჩნდა.
„დილა მშვიდობისა“ 1959 წლის ფილმია, ამერიკის ზეწოლით ჰიროჰიტოს უკვე ნათქვამი აქვს, რომ ღმერთი არაა, შესაბამისად, აქ ბავშვებს ავტორიტეტული ფიგურები აღარ ყავთ, მათთვის თაყვანისცემის საგანო უსულო სამომხმარებლო ნივთია, ტელევიზორი, სადაც სუმოს შეჯიბრები გადმოიცემა. კუროსავასგან განსხვავებით, ოზუს გმირებისადმი რწმენა არ გააჩნია, ეთიკური გაკეთილშობილების თუ მხსნელის ფუნქციას აქ არავინ ითავსებს. დასავლურმა კონსუმერიზმა მეზობლებში კონკურენციის და შურის ჩამოყალიბება მოახდინა, ერთმანეთთან გულახდილი და ძალდაუტანებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა დააბლაგვა. ოზუ გვიჩვენებს, რომ ინგლისურის სწავლა აუცილებლობა ხდება, საბუთებიც კი ინგლისურად ითარგმნება, მშობლებს ბავშვების მოსყიდვა უწევთ რომ იმეცადინონ, ტელევიზორი კი უმაღლეს კულტურულ ღირებულებად და პრესტიჟის ნიშნად გადაიქცა. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, უმცროსი ბავშვი გამუდმებით იმეორებს ინგლისურ ფრაზებს, რომელთა მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ მაინც იყენებს მათ ინტერაქციისათვის. ამასთან ბავშვები ერთმანეთთან კუილის ენით ამყარებენ კომუნიკაციას, ერთ სცენაში კი ოჯახის უფროსის გაზების გამოშვების ხმაზე ცოლი გასცემს პასუხს და კითხავს რატომ მეძახდიო. გასაგებია რაც აწუხებს ოზუს, მისი ქვეყანა საკუთარ კულტურასთან, ღირებულებებთან და რიტუალებთან დიალოგს ვეღარ აწარმოებს და სულ უფრო მეტად ეფლობა დასავლურ იმპორტში.