12 დეკემბერს 118 წელი შეუსრულდებოდა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას, დიადჰუმანისტს, იასუჯირო ოზუს. ამ ფაქტის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გავიხსენო პირველი ფილმი, რომელმაც რეჟისორი და მისი შემოქმედება შემაყვარა. ეს გახლავთ სურათი სახელწოდებით „ოჰაიო“, ანუ ქართულად, „დილა მშვიდობისა“. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოზუ ბავშვების პერსპექტივიდან გვიჩვენებს იაპონური კულტურის და საზოგადოების მდგომარეობას. სურათი საოცრად ლამაზი ფერებით, მხიარულებით და რაც მთავარია, სიმყუდროვითაა აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი თავისი ქვეყნის სამომავლო კულტურულ დეკადანსს ხედავს, ამ ფაქტს არა ცინიკურად, არამედ პოეტური ლირიულობით გადმოსცემს.

ფილმში მოქმედება სუბურბანულ გარემოში მიმდინარეობს, საშუალო კლასის ოჯახების სახლებში, სადაც ბავშვებს საკუთარი კომუნიკაციის არხები აქვთ შემუშავებული, უფროსები მავნებლური ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულნი, ქვეყანა კი ამერიკული კაპიტალიზმის მარწუხებშია მოქცეული და მისი წესებით მოქმედებს. ოზუ აღგვიწერს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას, ფასეულობების და ტრადიციების ანულირების ნიშნებს, საზოგადოების ხარბ მომხმარებლად ტრანსფორმაციის საწყისებს. ის ხედავს შეუქცევად პროცესს, რომელსაც ხვდება რომ წინ ვერ აღუდგება, ამიტომ მელანქოლური სენტიმენტებით ძერწავს მხატვრულ დოკუმენტს საკუთარი ქვეყნის შესახებ, ყოველგვარი პესიმისტური თუ ნიჰილისტური განწყობების გარეშე. პირიქით, ოზუ როგორც მზრუნველი მშობელი, ალერსიანი თხრობის მანერით საუბრობს თავის პირმშოზე.

არადა თანამედროვე კინემატოგრაფში მსგავსი პოზიტიური სენტიმენტები თითქმის შეუძლებელ მოცემულობადაა ქცეული, რადგან კრიტიკის ფორმა დაყვანილია ან უკიდურეს გაუცხოებაზე, ან ღვარძლით სავსე სარკასტულ ნარატივებზე. მიუხედავად იმისა, რომ ოზუ გულგრილი არ იყო ჰოლივუდური ფილმებისადმი, მისი ნამუშევრები ჰოლივუდის ემოციური რომანტიზმისგან საკმაოდაა დაშორებული და იდეალურადაა ბალანსირებული. ოზუ როგორც რენესანსის მხატვრები, ადამიანის სხეულის ცენტრალიზებითაა დაინტერესებული. მისი კამერა სიმეტრიულ არქიტექტურას წარმოადგენს, მისი პერსონაჟები კადრში ორკესტრირებულად მოძრაობენ, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც შიმშილობას და უბრობას გამოაცხადებენ იმის გამო, რომ მშობლები ტელევიზორს არ ყიდულობენ.

 

 

1 2 3