უახლოეს წარსულში კიდევ ერთხელ გაისმა ჩვენი ქვეყნის სახელი ამერიკულ ბლოკბასტერში. კრიმინალურ დეტექტივში “ჯეკ რიჩერი”, სადაც ტიტულოვან გმირს ტომ კრუზი განასახიერებს, ერთ-ერთი პერსონაჟი (როზმუნდ პაიკის შესრულებით) ყვება ისტორიას კომპანიაზე, რომლის ძალაუფლებაც სიმსივნური მეტასტაზებივით ვრცელდება. ის ყვება, რომ ეს კორუმპირებული კომპანია მუშაობს საქართველოში, რომელიც რუსეთის მეზობლად მდებარეობს. “ერთ ჯერზე ერთ ქალაქში ისინი ყიდულობენ ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ ერთეულებს, აშენებენ ხიდებს, რომლებიც არავის ჭირდება, აგებენ გზებს, რომლებსაც არავინ იყენებს. ეს სიმსივნესავითაა: დაშინება, კორუფცია, მკვლელობა” – ამბობს პაიკის გმირი.
რეალურად ის არც იტყუება და ეს ყველაზე ზუსტი აღწერაა იმ პერიოდის საქართველოში არსებული სოც-პოლიტიკის. აქედან გამომდინარე, უკვე სტერეოტიპების ადგილს რეალობა იკავებს. თუ 80-იანებში საქართველოს შესახებ მსოფლიოს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა და შესაბამისად პოპკულტურაში ჩვენი გამოჩენა კარიკატურული და დამახინჯებული იყო, დღეისათვის, როდესაც ინფორმაციის ნაკლებობა აღარ არსებობს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარმოვჩნდებით გლობალურ ასპარეზზე, ამ შემთხვევაში კინემატოგრაფში.
იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული ფილმი თუ რეჟისორი ცუდ სამსახურს წევს, როდესაც ასე მარგინალურად მოიხსენიებს ჩვენს სახელმწიფოს, ყოველგვარ ლოგიკას და საღ აზრსაა მოკლებული. ჩვენ იმაზე არ უნდა ვიღელვოთ, რომ მომავალშიც არ გამოჩნდეს “ჯეკ რიჩერის” მსგავსი ფილმები, სადაც ასე მწარედ მოგვახლიან მთელ სიმართლეს. აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ აღარავის ჰქონდეს საქართველოს ცუდ კონტექსტში მოხსენიების სურვილი. ჩვენ თავად უნდა გავანადგუროთ ის სტერეოტიპები, რომლითაც გვიცნობენ.

1 2