***

ნეპალს და ინდოეთს პარიზის ტრიუმფალური თაღის კარიკატურა ჰყოფს

სონაულიში. ამ თაღის გავლით გადი-გამოდის ქვეყნიდან ქვეყანაში ადამიანი, ძროხა,

თხა, ძაღლი, ქათამი, რწყილ-ჭიანჭველა, უთვალავი ვირუსი თუ ბაცილა.

თაღის ქვეშ მდგომი მესაზღვრეები გაღიმებულები გვითითებენ გვერდით მდგარი

საკანცელარიო მაგიდისკენ და ზედ შემოდებულ ჩანთებს თავადვე გვიხსნიან.

მზიანი ნეპალურ-ინდურ შუადღე ჩხრეკვით იწყება.

-აბა რა მიგაქვთ? – აფათურებს ალექსას ფერად ნეპალურ ჩანთაში ხელს ულვაშა

მესაზღვრე.

-ტროტილი და მოხარშული ნეპალური იეტი, ბაბა! – ღლიცინებს ალექსა და პასუხით

კმაყოფილი მესაზღვრე თავადვე უხურავს ჩანთას.

პასპორტებს მათკენვე ვიშვერთ.

-ეგ იქით? პატარა ჯიხური რომ ჩანს! აგერ ეს ანახეთ!

მესაზღვრეები ჩხრეკის დასტურიან ფურცელს გვაძლევენ.

უკვე ინდოეთში ვართ. ცალი ფეხითაც აღარ ჰქვია ამას. ბეჭდიანი მესაზღვრე ჩვენს

ინდოეთში ყოფნას სულ მალე იურიდიულად გააფორმებს.

აქ სულ სხვა ფერები დგას. თითქოს არაფერი – ასიოდე მეტრი გამოვიარეთ, მაგრამ

აშკარად იგრძნობა რომ სივრცე ისევე უცხოა, როგორც თავის დროზე იყო ჩვენთვის

ნეპალი.

თუმცა ეს უფრო რბილია, უფრო ნათელ ფერებში და ჰორიზონტის გარეშე

გადაწყვეტილი.

მითითებული სავიზო-სასაზღვრო ჯიხური დაკეტილი გვხვდება.

იქვე უდარდელად მდგომ ადგილობრივებს ვეკითხებით:

-სადაა ამ კანტორის ბოსი?

-სადილის დროა!.. – იშვერს ხელს ქუჩაში ჩარიგებული კაფეებისკენ ხელს ინდუსი

ბიჭუნა.

ქუჩის ორივე მხარეს დაბალფასიანი კაფეებია.

-დაველოდოთ?.. აბა რა უნდა ვქნათ? – ვამბობ მე და ძირს დაგდებულ ჩანთაზე

დაჯდომას ვაპირებ.

-გავიაროთ, ვოლფი!.. მე მგრძნობიარე სენსორები მაქვს! დისტანციაზე ვგრძნობ

მტერს და მოკეთეს!.. იქნებ ვიპოვოთ! – თავისებურად მაგულიანებს ალექსა. – თან

გადავიმოწმებ თავს! ექსპერიმენტ, ვასა!

-რა სენსორები?

-უხილავი! მგრძნობიარე ვარ! იმპულსური! ხომ მიცნობ, ტო?

-ცენტრი ხარ ერთი! საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი!

-ეგრევე ვხვდები ვინ ვინაა, ლიოვა! – ცალი ყურით მისმენს ალექსა.

-მერე ეგრე გინდა ვიპოვოთ მესაზღვრე? – მეცინება ქუთუთოებ-ჩამომძიმებულს.

-ვცადოთ, ბადრი!

ალექსას სენსორული ტექნიკა ეგეთია:

სადღაც ოთხ ბნელ ინდურ კაფეში შესულები პასპორტებს მხნედ ვიფრიალებთ

თავსზემოთ იქ მსხდომების დასანახად, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს.

დამხვდურები ერთს გულგრილად გვავლებენ ციმციმა-ინდურ მზერას და მაშინვე

თავის ულუფა კერძში რგავენ ცხვირს.

-კარბურატორი გიჭედავს! – დავცინი მე ალექსას. – არ იჭერს?

-მოიცა! მომშივდა ამასობაში, გორდონ! დალბატი ხომ არ მიგვეცა?

-აქ სხვა რამე ხომ არ ქვია? ინდოეთში ვართ, ალექს!

– აგერ შევიდეთ! შუქი მაინც ანთია!

უცებ თავს ვყოფთ რაღაც დახურულ, მრგვალჭერიან კაფეში, სადაც მაგიდები

მწკრივადაა წრეზე და შავ-შავი ხალხითაა სავსე.

-ეს უკვე მართლა აღარაა ნეპალი, სულეიმან! მოგვიწევს ამათი ნაციონალური

ჩორტების ათვისებაც!

ყველანი ჩვენკენ იყურებიან. უცებ ვხვდებით რომ ეს რაღაც ადგილობრივი

სასადილოა – ცენტრში შვედური მაგიდა დგას ნაირ-ნაირი ინდური კერძებით.

იქამდე სალაროში ფულს ვიხდით და ორ პატარა ფურცლის ნაგლეჯს გვაწვდის

სალაროდან ყავისფერი ბეჭდებიანი ხელი.

ვერ გავრისკეთ. არცერთი საჭმლის სახელი არ გვეცნო. ამიტომ კერძი კვლავ

დალბატია.

 

 

1 2 3 4 5 6 7