***
ავტობუსში ნასკის და ოფლის სუნი ერთდროულად დგას. აქეთ-იქიდან ნაციონალურ
სამოსში გამოხვეული ინდუსები და ნეპალელები გვიმშვენებენ მხარს. ყველა
მხრიდან ცხოველ-ფრინველის გნიასი და ვიღაცათა გუნდური სიმღერა გვესმის.
-გაგვაქათმეს, ფრანსუა? – ალექსას ვიღაცის უზარმაზარი კვერცხებით სავსე კალათი
უდევს მუხლებზე. აქეთ-იქიდან მკაცრი სახის მოხუცი ნეპალელი ქალები უსხედან.
ორივეს შუბლზე წითელი ტიკა უსვია.
ალექსა ჩემკენ სახით ზის, ოღონდ სადღაც სამი რიგის მიღმა. მძღოლის საზურგეზე
ზურგით მიყუდებულს მთელი ავტობუსის შინაარსი ხელისგულზე მიდევს.
ავტობუსის უკანა ნაწილში შემოფარგლული ტერიტორიაა. იქ ორი ნეპალელი
პოლიციელი სცემს ბოლთას. ისინი ექვს ბორკილდადებულ ინდოელ გოგონას
აცილებენ ნეპალ-ინდოეთის საზღვრისკენ. ალბათ დეპორტაციისთვის… ანუ
ზედმეტად თავისუფალი ქცევისა და ცხოვრების გამო.
-რადიო ჩართე რა, ეფენდი! – უყვირის მძღოლს ალექსა.
მძღოლი შუშის მიღმაა და არაფერი ესმის.
-ტვინი მეღრძო ამათი ტიტი-კაკა სიმღერით, პანტე! თავი ზეციურ “თეთნულდი და
შხარას” კონცერტზე მგონია!
მე მძღოლს შუშაზე ვუკაკუნებ. ის თავს აუღელვებლად ატრიალებს ჩემკენ და
ავტობუსს კინაღამ თხრილში აგდებს. ძლივს ასწრებს დამუხრუჭებას.
-როგორ დაგყავს მანქანა, შე პატრონგაციებულო! – ყვირის ალექსა და კვერცხებიან
კალათს ძლივს იმაგრებს მუხლებზე. – ვინც შენ რული დაგაჭერინა, მამამისი იყოს
დედამისი…!
ავტობუსში სრული ქაოსია. ის გარდი-გარდმო ირყევა და მაინც მაქსიმალური
სისწრაფით მიქრის მიხვეულ-მოხვეულებში. ყველა და ყველაფერი ერთმანეთში
ინთხლევა. ავტობუსის ბოლოში პატიმარი გოგონები გულისგამაწვრილებლად
კისკისებენ, არადა თითქოს ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეთ სასაცილოდ საქმე.
პოლიციელები ერთმანეთში ნეპალურად ატარტალებენ ენას და ისინიც იცინიან. მათ
წინ მომღერალთა გუნდია. უფრო წინ ქათმები, თხები, კალათები, ბოხჩები. იქვე –
ადამიანები ჭრელა-ჭრულებში. და მათ შორის ალექსაა ჩაჭედილი თავისი
კვერცხებით.
ალექსას გვერდით მჯდომი დედაბერი, რომელიც ასე 70 წლისას ჰგავს, უცებ უბიდან
ძუძუს იღებს და მუხლებზე მჯდომ აჩხავლებულ ბავშვს პირში უდებს.
ალექსა უხერხულად იშმუშნება.
-ბებოც ეგეთი უნდა, ქსავიერ! – ყვირის მერე და თვალით ბავშვიან დედაბერზე
მანიშნებს.
-დედაა ეგ, შე ყანა! – ვუყვირი აქედან.
ალექსა უკვე მოწიწებით უყურებს გვერდით მჯდომ ქალს.
-ჰე, ახლა! დედის ძუძუ მეორე, „ლედ ზეპპელინ“ პირველი! – ეუბნება ქალს
დათაფლული ხმით. ქალსაც თითქოს ესმის ალექსასი – ძუძუს უბეში იბრუნებს და
მეორეს იღებს. ამჯერად იმას უდებს ბავშვს პირში და ნელ რწევასთან ერთად
ნეპალურად იწყებს ღიღინს.
-სამი, სერგო! – მიყვირის ალექსა.
-რა სამი?! – ვერ ვხვდები მე.
-სამი ნომერი აქვს! მოდი მაზიანი, მარკოზ?
-რა იცი?
-ხელისგულში არ ჩამეტევა! თვალით გავზომე, ძუკუ!