***
ინდოეთის ვიზაჩარტყმული პასპორტები მეოთხე დღეს დავიბრუნეთ. საელჩოს
კარიბჭედან გამოსულები ერთმანეთს ბედნიერი სახეებით ჩავეხუტეთ და რაღაც
ხორუმისმაგვარიც წავიცეკვეთ ადგილზე. ბოლომდე არ გვაცალეს – მანქანების
სიგნალებმა დაგვაშორიშორა და ქუჩის სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.
-რა არ უნდა დაგვრჩეს, გახსოვს, ალექს?! – ვუყვირი აქედან.
-ბალახი. პლასტელინი. ლისტები. წვეთები. სოკო. ნასკები! – თვლის ალექსა
ყვირილითა და თითების კეცვით.
ჩვენ შორის მანქანების, მოპედ-მოტოციკლთა და რიქშების ხმაურიანი ნიაღვარია.
-ნასკი რა გაგებაა?
-ინდოეთში გველი იცისო, გურგენჩიკ!
-ვინ გითხრა ეგ?
-“მაუგლიში” ეწერა ბავშვობაში!
-მერე გველს ნასკში დაემალები?
-იმდენ ხანს მეცმება, სანამ კარგად არ გამოვახმობ! მერე რომელი გველი მოვა ჩემზე,
აფრასიონ!
-ბარემ რეზინის ბოტები ვიყიდოთ! ტოკიც არ დაგვარტყამს…
გზაჯვარედინზე ისევ გადავიკვეთეთ და პასპორტები გადავშალეთ.
ვიზა ცისფრად ხასხასებდა.
-ახლა ახალი თემა, ვალდას!
-გამოუშვი!
-საიდან გადის მატარებელი?
-აბა მატარებელი?
-ჩუქუ-ჩუქუ… მატარებელი!
-ვახ!
-რას ვახუშტობ აქ?
-რა უნდა ნეპალში მატარებელს? არაა აქ მატარებელი! არც მეტრო არაა…
-ეგ როგორ, ვარდენ? არ არსებობს!
-შენც არ მომიკვდე!
-მოიცა, ლიანდაგები მოიპარეს და თურქეთში გაზიდეს?
-ან ბუდას ქანდაკებები ჩამოასხეს!
ალექსა დაფიქრდა. მერე ვიღაც ნაცნობ რიქშას ხელის აწევით მიესალმა.
-მაშ ფეხით წავჩანჩალდეთ, ჯასტინ?
-სხვა ვარიანტებიც არი!
-აბა?
უახლოეს ტურისტულ სააგენტოში შემდეგი მარშრუტი მოგვიხაზეს:
ნეპალ-ინდოეთის საზღვრამდე მივალთ ავტობუსით. შემდეგ იქიდან კერძო მანქანით
ჩავალთ გორაკხპურამდე. იქ ღამის მატარებელს შევახტებით, რომელიც ჩაგვიყვანს
ინდოეთის ყველაზე მისტიკურ ქალაქ ვარანასიმდე. ვარანასიში მთელი დღე
თავისუფალი გვექნება. იქ ვაგზლის სალაროში ავიღებთ ბილეთს მუმბაის
მიმართულებით – გზას სამი დღე დაჭირდება. მუმბაიში ორი დღე გავჩერდებით. იქვე
ვიყიდით მუმბაი-გოას მატარებლის ბილეთს. ორ დღეში კი, გოას შტატში შესვლისას
მატარებლიდან ჩამოვხტებით პირველივე დაბა სიკიმში. იქ უკვე უნდა მოვასხდეთ
მოტო-ტუკ-ტუკს ჩვენი ბარგი-ბარხანით, რომელიც მშვიდობიანად ჩაგვარიხინებს
ზღვისპირა არამბოლამდე.