(სახმელეთო გზამკვლევი ნეპალიდან გოამდე უვნებლად ჩაღწევის მსურველთათვის)

 

ინდოეთის სახმელეთო ვიზა კატმანდუში ოთხ დღეში კეთდება და 49 დოლარი

ღირს. გურჯებს თუ აძლევენ, ეგრევე სამთვიანებს. ისე, ერთ დღეშიც შეიძლება ვიზის

გაკეთება, ოღონდ ამ შემთხვევაში მას უკვე სამმაგი ფასი აქვს. სამაგიეროდ, საელჩოში

არ გიწევს შესვლა და ნეპალელ ხელისკაცს სასტუმროშივე მოაქვს შენთვის უკვე

ინდოეთის ვიზით გაკეთილშობილებული პასპორტი.

პირველ, ანუ ოფიციალურ ვარიანტს თუ მიაწვებით, ტამელიდან ფეხით 15 წუთის

სავალშია ინდოეთის საელჩო. იქვეა ბრიტანეთის საელჩოც, და საერთოდაც ის ვიწრო

ქუჩა მსგავსი მიმართულების დაწესებულებებითაა ჩახერგილი. ოფიციალურად

სწორედ იქ უნდა მიხვიდე და შეავსო ანკეტა. ანკეტას იბარებენ, თან ურთავ ფოტოს,

რომელსაც იქვე გიღებენ და სასტუმროში ბრუნდები.

მეორე დილით ისევ მიბრძანდები. ამჯერად ინდოეთის საელჩოს ეზოში მოხვდები,

რომელიც ათასი ჯურის მოხეტიალე ტურისტითაა გადაძეძგილი ხოლმე. იქ აიღებ

რიგის ბილეთს და დაელოდები გამოძახებას. ბოლოს და ბოლოს, შენი დროც მოვა და

შუშის სარკმლის წინ აღმოჩნდები. იქიდან ვინმე ყურიდან ყურამდე გაღიმებული

ინდუსი გამოგართმევს პასპორტს, ჩახედავს და რამდენიმე მარტივ კითხვას

დაგისვამს:

“რა მიზნით მიდიხართ ინდოეთში?”

“სამუშაოდ დარჩენას ხომ არ აპირებთ?”

პასუხების შემდეგ იმედიანი ფრაზაა:

“ზეგ მობრძანდით და დაიბრუნეთ პასპორტი!”

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიზაზე თანხმობა უკვე მოცემულია.

მესამე დღეს კატმანდუში გალევ. როგორც გალევ – თავად უკეთ იცი. ხოლო, მეოთხე

დღეს კი უკვე ვიზიანი, ან უვიზო პასპორტის დაბრუნების დროა.

ჩვენ ხელმოკლე მწირები ვართ, საერთო საფულე მუდამ ნახევრად-ცარიელი ან

ნახევრად-სავსეა, ამიტომაც პირველ ვარიანტს ვირჩევთ.

-სადაა ამათზე დასახარჯი ამდენი დოლარი, ზოჰრაბ!

-ასორმოცდაშვიდი კაცზე, ალექს! – ვამრავლებ უცებ ორმოცდაცხრას სამზე.

-მართლა სამ ასოზე უნდა გაგიშვას პიტერ გაბრიელმა, ტორსტენ!

– მიქელ გაბრიელი უნდა გეთქვა ხომ?

-ხომ!

– მაშინ იყოს – სამასოიან გოაზე!

საელჩოსთან მისულებს მსწრაფლ გამოგვეგება გვერდითა კანტორიდან სხმარტალა,

წინსაფრიანი ნეპალელი ჭაბუკი, რომელმაც უმალ მოგვთევზა და თავის ოფისში

შეგვიყვანა. იქ ორი ანკეტა შეგვავსებინა, უფრო სწორად, თავად შეგვივსო ჩვენივე

კარნახით. მერე ფოტოს გადასაღებად გაგვამზადა.

-ეს ტაილანდურ მასაჟსაც გვიზამს ფეხისგულებით, ბრუსლაი!

-მომოს არ მოგვიხვევს ფიცხლად და დაბალი გავისქნევით რო?

თავისი ფოტო ალექსას არ მოწონს და თავიდან აღებინებს.

-რას ვგავარ, ტო! ეს რო ვინმე კაზიონნი ნასედკამ ნახოს, ეგრევე საქართველოში

გადარეკავს და ჩემზე ძებნას გამოაცხადებენ!

-მერე გაიღიმე შე ყანა, რო ჯიხარ მანდ დანი ტრეხოსავით!

ალექსა ტრანსგენდერი სელაპივით იღიმება და მეორე ფოტოც არ ვარგა.

-რა ღიმილია ეს? ცოლი ხომ არ მომიკვდა შიდსით?!

-გყავდეს მაინც!.. დროზე! იკეტება საელჩო!

მესამე ცდაზე ფოტო ამართლებს და ფოტოგრაფი ალექსასგან არათუ ლოყაზე ჩქმეტს,

საჩუქრად ზედმეტ ოც რუპისააც იღებს. ანკეტებსა და ფოტოებს უკვე საელჩოს

კარიბჭის სარკმელში ვიღაც ჯოხიან სამხედროს ვაძლევთ და დილაადრიან მოსვლას

ვპირდებით.

-ზავტრა მი ქამ ჰია, ამიგო! – უბარებს სამხედროს ალექსა ქუსლის ქუსლზე მირტყმით

და მერე, ტამელამდე მხოლოდ ერთადერთი წინადადება სცდება:

-ნიკოლსონის და მარლონ ბრანდოს ნაჯვარი ვარ ამ ფოტოზე! მე ეგრევე მომცემენ,

სოსო!

 

 

1 2 3 4 5 6 7