VII – ოჯახი უპირველეს ყოვლისა

 

„კოტე გუშინ გიტარა არ მოგიტანია.“ – გაიკვირვა  ლონდა ვაშაკიძემ.

„შენ ის თქვი, მეორე დღესვე რომ დავბრუნდი, რას იფიქრებდნენ მეზობლები. ვის გაუგია, ერთდღიანი გასტროლი.“ – ხითხითებდა ჩანადირი.

„არავინაც არ იცის, რომ დაბრუნდი. არც ვეტყვი.“ – ცხვირი აიბზუა ცოლმა.

„დამინახავენ ოდესმე…“

„ოდესმე ისედაც ჩამოხვიდოდი ლონდონიდან.“

„აააჰაა, ლონდონში ვარ?“

„დიახაც! სად ჯანდაბაშია გიტარა კაცო?“

„კახეთში დამრჩა ალბათ. ჩავალ და წამოვიღებ.“

„მალე ქენი. კონცერტი გაქვს იმ კვირაში. ტელეფონია. ვინ ჯანდაბას გავახსენდი ერთი.“

 

ლონდა ვაშაკიძე ტელეფონისკენ წავიდა, რომლის დადგმაც ჯერ მხოლოდ ჩანადირებს მოეხერხებინათ კორპუსში.

 

„დიახ, გისმენთ. აჰ… კოტეე… მოდი შენ გკითხულობენ. ვიღაც ქალია.“

„გისმენთ!“ – კოტემ ცოლს ყურმილი ჩამოართვა. ლონდა სამზარეულოში გავიდა.

„გიტარა აქ დაგრჩა კოწიკ და არ ინერვიულო.“ – უპასუხა ქალის ნაზმა ხმამ.

„აქ რატო მირეკავ გოგო?!“ – ხმა აუკანკალდა ჩანადირს.

„კაი რა, ვინ რას მიხვდება ნუ…“ – ამშვიდებდა ქალი.

„ვინ რას მიხვდება კი არა,  შენიიი!!“ – ჩურჩულებდა აღელვებული კოტე.

„ეგრე ნუ მელაპარაკები, მერე შეგრცხვება იცოდე. საყვარელ ქალს ასე არავინ მიმართავს.“ – ქალს ხმაში ცრემლი გაერია.

„ვინ თქვა რომ მიყვარხარ. იდიოტკა. აღარ დარეკო აქ.“ – კოტე გაწითლდა.

„ამ სიტყვებს გულით არ ამბობ კოტე.“ – ნერვიულობდა ქალი.

 

კოტემ ყურმილი დაახეთქა და სავარძელში ჩავარდა. იხროტინა. ცოლმა კაპლები დაალევინა. მერე მაინც დაკარგა გონება. ექიმმა თქვა ინფარქტიაო. მელოტ კაცებს ინფარქტი აღარ უნდა გაუკვირდეთ. მელოტები ხომ  ხშირად ასაკიანებიც არიან.

 

VIII – მამიდა

 

მაშო ლოგუა ცხოვრობდა მაჩაბლის  ქუჩაზე.  სწორედ იქ, სადაც ძალიან ბევრი ბარი და ერთი მწერალთა სახლია.

სამოცდაათი წლის მაშოს ისეთი ხმა ჰქონდა, ოცი წლის ბიჭები ეფლირტავებოდნენ, ოღონდ ილაპარაკე სხვა არაფერი გვინდაო.  სექსუალურიც იყო ეგ ხმა, რაღაცნაირად საყვარელიც და კიდევ ისეთი, ადრე რომ უსმენდი და ახლა ვეღარ უსმენ. არ გახსოვს სად უსმენდი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ადრე უბრალოდ კი არ უსმენდი, ყოველდღე უსმენდი და ძალიან გიყვარდა მისი მოსმენა. არც შეგეძლო მისი მოსმენის გარეშე და ახლა ხელახლა რომ გესმის, რაღაც მიჯაჭვულობას გრძნობ, სულ მისი მოსმენა გინდა. სულ მაშოს ხმასთან გინდა ყოფნა.

მაშოს ცოტა ნაოჭები კი ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდულად გამოიყურებაო, ვერ იტყოდი. ნაოჭი ხო მარტო ის არ არის, სახეზე რო გაქ. სინამდვილეში ნაოჭი ცოტა აბსტრქტული ამბავია. ეგ აბსტრაქცია ფიზიკურ განსხეულებას თვალის გარშემო ჰპოვებს ხოლმე.  მაშოსაც თვალის გარშემო ჰქონდა ყველაზე მეტი ნაოჭი და ცოტას უმახინჯებდა ძალიან ლურჯ და მოუსვენარ თვალებს.

ანდრო ლოგუა მაშო ლოგუამ გაზარდა. სულ იმას ეუბნებოდა, მუსიკოსი თუ არ გამოხვალ, მაშინ გინდ ბანკირი ყოფილხარ, გინდ ზეინკალი, მაინც უაზრო ცხოვრება გექნებაო.

ანდრო კარგი მუსიკოსი ვერ გახდა, მაგრამ მაშოს მაინც სხვა ნათესავებზე ნაკლებად სძულდა ძმისშვილი და სახლში მხოლოდ მას უშვებდა ხოლმე. ხანდახან პენსიიდან ორმოცდაათ ლარსაც სჩუქნიდა.

 

„მოხვე მამიდუ?“ – გადაეხვია მაშო ანდროს.

„მოვე, მოვე…“

„რა მალე ჩამოხვედი. სადღაც არ იყავი?“

„კიი. მარა რავი. მეორე დღესვე წამოვედი უკან.“

“მამაშენიც მასე იყო. წავიდოდა საგულაოდ და მეორე დღეს უკან მოფრინავდა.“

„რა შუაშია?!“

„მე რა ვიცი. არ არის?“

„საერთოდ სხვა ისტორიაა.“

„ნუ კაი მაშინ. ამ ჩემს ფეხებს.“ – ჩაიცინა მაშომ.

„ფარდები რატო გაქ ჩამოფარებული? მაგარი ამინდია გარეთ.“

„აი, აგიხსნი. ნუ ვცდი, რომ აგიხსნა. შეხედე, აი, ღამით ხო ისედაც ბნელა და დიდი არაფერი. ღამით სულ ბნელა. უნდა ბნელოდეს ღამით.  მარა დღის ოდნავ ნათელ სიბნელეს, აი, ნაცრისფერ სიბნელეს აქვს რამანწიჩესკი ობრაზ… რაღაც სპეციფიკური. შენ ვერ მიხვდები მამიდუ. დალევ?“ – მაშომ კონიაკი დაისხა.

„რატო ვერ მივხვდები? დებილი კი არ ვარ.“ – იწყინა ანდრომ.

„დებილი ხარ, აბა რა ხარ. მოდიხარ აქ და მეკითხები სისულელეებს.“

„მაგარი მამიდა ხარ რა.“ – გაიცინა ანდრომ.

„ნუ იპრანჭები რა. დალევ თუ არა?“

„დავლევ.“

„სად ჯანდაბაში იყავი?“ –  მაშომ ანდროს ჩიქა მიაწოდა.

„კახეთში.“

„პრიჩომ?“ – გაუკვირდა მაშო ლოგუას.

„ნუ სლენგაობ, არ გიხდება.“ – შენიშვნა მისცა მამიდას ანდრომ.

„არავინ გეკითხება. რა გინდოდა კახეთში?“

„ჩანადირის შვილიშვილი გავიცანი მეთქი, რო გითხარი, გახსოვს?“

„დიდი ამბავი. მაგის შვილიშვილი ამ დროში ჩვეულებრივი გოგო იქნება.“

„ეგ რა შუაშია?“

„არ აბამ?“

„არა. მარა, რომც ვაბამდე, ძაან ლამაზი გოგოა და ვაბშე არაა ჩვეულებრივი.“

„მერე?“

„რა მერე?“

„ანუ რო გაიცანი, მერე რა მოხდა?“

„მაგას წავყევი კახეთში. ბაბუს გიტარა მაპოვნინეო. ვერ ვიპოვეთ.“

„ჰეჰე… რა ჰქვია მაგ შვილიშვილს?“

„ნინუცა.“

„გევასება ნინუცა ჰო?“

„ნუ სლენგავ მეთქი!“

„ოოოოო… ნუ ხარ ბიჭო შენ ხურუშიანი.“

„მე კი მევასება მარა, იმას ვკიდივარ.“ – მოიწყინა ანდრომ.

„ასეთი ხურუშიანი სანამ იქნები ყველა დაგიკიდებს. მიდი დაუკარი რამე. გული გამითბე!“ – უბრძანა ძმისშვილს მაშომ.

„დაიცა მაშო რა… რა დროს დაკვრაა.“

„მიდი მეთქი!“

„კაი. სადაა გიტარა?“

„ზალაშია პიანინოს გვერდით.“

 

ანდრომ გიტარა აიღო. მკლავებში მარჯვედ მოიქცია და მერე ედიტ პიაფის მრგვალ ფოტოს შეეფეთა.

 

 

 

 

 

1 2 3 4