VI – რელიქვიების მაძიებელნი – დასასრული

 

სექტემბრიდან ოქტომბრამდე ყურძნიანი სოფელი, ძალიან ადრე მაღალი მთა უნდა ყოფილიყო, რომელზეც სანამ ვაზს გააშენებდნენ, მანამდე სულ აკაციის ხეები იქნებოდა მიმობნეული.

ნინუცა სწრაფად არბოდა აღმართზე.  ანდრო კი ოცნებობდა, რომ აღმართს დაღმართი მოჰყოლოდა, მაგრამ აღმართი არ სრულდებოდა და გატანჯული ლოგუა აგინებდა იმ დღეს, როცა პირველად მოსწია სიგარეტი. მეცხრე კლასის გამოსაშვებ ზეიმზე.

შარაზე სოფლელი ბავშვები ბურთაობდნენ. ანდრიკო ფიქრობდა, ქალაქელ ბავშვებზე კეთილები არიანო.

იქვე ისხდნენ ლამაზი ბაბოები. მაღალი, თეთრი სახლის ჭიშკართან.  ძალიან თეთრი კედლები უხდებოდა ძალიან ლურჯ ცას და ჰგავდა არგენტინის დროშას.

თუ  მთელს მსოფლიოში საოცარი სურნელი გაზაფხულობით ტრიალებს, კახეთში ეგეთი სურნელი შემოდგომაზეა ხოლმე და ნინუცაც გარშემო ყველაფერს სუნავდა.თან ფიქრობდა, ის სახლი თუ ჩემია, ბარემ დავრჩები და გრაფინია ჩანადირი გავხდებიო.

სახლი კი იყო ორსართულიანი და გაულესავი – ძალიან წითელი  საბჭოთა აგურებით  გარე ფასადზე. ეზოში ხარობდა მაღალი ბალახი და პალმა, რომელიც კოტე ჩანადირმა სოხუმიდან ჩამოიტანა. უნდოდა, რომ ეგზოტიკურ გარემოში ეცხოვრა.

ანდრიკო ბალახზე მიწვა. მერე ჩაეძინა. დაესიზმრა, რომ ნინუცასთან კოცნაობდა და ეგრევე შეუყვარდა ბარდების მეფის შვილშვილი. როცა გაეღვიძა ნინუცას ბარდების პრინცესას ეძახდა და საერთოდ აღარ აპირებდა მისთვის ამჩემფეხება პასუხების გაცემას.

 

„აუ ანდრო, მგონი დავმარცხდით.“ – გვერდით მიუჯდა განაწყენებული ნინუცა.

„რა პონტში?“ – ვერ მიხვდა ჯერ კიდევ გათიშული ანდრო.

„მთელი სახლი შემოვიარე და არსად არ არის გიტარა. ალბათ მოიპარა ვინმემ.“ – სლუკუნებდა გოგონა.

„ვის რად უნდოდა…“ – ჩაილაპარაკა ანდრო ლოგუამ.

„რატო არ უნდოდათ?! გაყიდიან ათას ლარად, ან მეტად.  ბაბუს გიტარას ყველა მუსიკალური კოლექციონერი იყიდდა.“ – გაბრაზდა ნინუცა.

„ანუ წავედით?“  – ეწყინა ანდროს.

„ახლა  სად უნდა წავიდეთ… დღეს დავრჩეთ და ხვალ წავიდეთ. კაია აქ. საოცარი სურნელია. სახლს დაგათვალიერებინებ. ბებოს და ბაბუს სურათებითაა სავსე.“

„ჩანადირების დინასტიის ფოტომატიანე. აქ სახლ-მუზეუმი უნდა გააკეთო.“

„იმ გიტარის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ.“

„გააკეთებ. გიტარა ვის ახსოვს. ბაბუაშენია მთავარი. თან როგორი იტალიური გვარია… ჩანნადიირრი!“

„შენც ლამაზი გვარი გაქვს.“

„ვიცი. ჩემი დიდი ბაბუა ფრანსუა ლოგუა ლიონიდან ჩამოვიდა. მერე გამრავლდა. ფრანგი ვარ. ანდღე ლოგუუაა.“

„ამდენი ლაპარაკი თუ შეგეძლო არ ვიცოდი.“ – გაუკვირდა ნინუცას.

„დაგღალე?“

„არა. უბრალოდ გამიკვირდა. მთელი დღე ძალით გალაპარაკებდი. ინტერნეტშიც არ იწუხებდი დიდად თავს.“

„სხვათაშორის, პირველად მეძინა ბალახზე. ყველაზე მაგარი ყოფილა. შენ დამესიზმრე.“ – ამოუშვა ანდრომ გულისნადები.

„ვა… რას ვაკეთებდი?“ – გამხიარულდა გოგონა.

„გიტარას უკრავდი და მღეროდი ქეთი მერკვილაძის სიმღერას. ქალს, მშვენიერ ქაალსსს…“  – იცრუა ანდრომ.

„რა იდიოტი ხარ. ისე მეც სულ იდიოტობები მესიზმრება ხოლმე.“ – იცინოდა ნინუცა.

„მაინც?“

„რომელი ერთი მოვყვე… სულ იდიოტობებია, სულ…“

„თუ გინდა ყველა მოყევი. დღეს სხვა რა საქმე გვაქვს.“ – ანდრო ისევ ბალახზე გადაწვა.

„კაი. ერთხელ დამესიზმრა, რომ მამაჩემმა დისნეილენდში წამიყვანა და სანამ მე ვკატაობდი, თვითონ თბილისში წამოვიდა. ნუ, მე  მასე მეგონა, მაგრამ როცა ჩამოვედი კარუსელიდან ვიღაც კაცი მოვიდა და ჩამეხუტა. ის კაცი მამა იყო, მაგრამ ენტონი ჰოპკინსიც იყო. ანუ ენტონი ჰოპკინსის გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ მამაჩემი იყო, ან მამაჩემი იყო ენტონი ჰოპკინსი… მოკლედ დაგაბნიე მგონი.“

„აუ არა, კაია… მიდი კიდე აბა.“

„ერთხელ კატა მომსდევდა. გავჩერდი, მოვუტრიალდი და ჩემი შეყვარებულის სახე ჰქონდა. ჰაჰაჰაჰა,  იმდენი დავცინე. ის კიდე მოწყენილი მიყურებდა.“

„შენი ვიიინ?!“ – ანდროს ხმა აეჭრა.

„შეყვარებული. რაიყო?“ – დაიბნა ნინუცა.

„არა არაფერი… ნაზი ბიჭია?“

„საიდან მოიტანე?“

„აბა სიზმარში ფისო რატო იყო…“

„ყველა ფისო ნაზი არ არის.“

„არის!“

„რაზე მეკამათები ვერ  ვხვდები.  არაფერსაც აღარ მოგიყვები.“

„თუ არც მომიყვები.“

 

ყველამ გააფსით თქვენი ძვირიანი გიტარებიანაო, ფიქრობდა გამწარებული ანდრიკო და ცდილობდა ისევ დაეძინა ბალახზე. იქნებ სხვა სიზმარში სხვა ვინმე შემიყვარდესო.

 

 

 

1 2 3 4