* * *

 

ქალს ვარდისფერი ხალათი ნაზად ჰქონდა მხრებზე მოგდებული,  გატიტვლებაზე ბევრი რომ არ ეჩალიჩა. არც თუ ლამაზ, მაგრამ პატარა და სექსუალურ პირს რომ აღებდა, ეგრევე ავსებდა ოთახს ავჭალური შამპანურის სურნელით. ბარდების მეფე კოტე ჩანადირს ჰალსტუხი დივანზე ჰქონდა მიგდებული და განთავისუფლებული ყელით სუნთქვას ამუღამებდა. თან ოთახში მოსიარულე ქალს უთვალიერებდა განიერ თეძოებს. მერე გიტარა აიღო და დავაიო, ვიმღერებ ეხლა ოჩი ჩორნიეს და შენ ციგნური იცეკვეო – უთხრა ქალს.  ქალმა თვალი ჩაუკრა და ურცხვად მიახალა – შენი დაკვრა მილიონჯერ მაქ მოსმენილი. ჩემი ტრაკის ქნევის ყურება თუ გინდა ადექი და ერთად ვიქნიოთო.

მერე ფირსაკრავთან მივიდა, ბილი ჰოლიდეი შეაგდო და ნელ-ნელა, ჩათლახური გრაციოზულობით მილასლასდა კოტემდე. კაცი ჯერ იშმუშნებოდა, უარობდა, მორცხვობდა… მერე იფიქრა, ფილარმონიაში ორიათასი ტიპის წინ სიმღერა არ მიტყდება და ამ ერთ ქალს როგორ ვერ უნდა ვეცეკვოო და წამოდგა. თავიდან ნაზად ცეკვავდნენ. იმდენად ნაზად, რომ დებილი იფიქრებდა, ამ ორს ერთმანეთი პლატონურად უყვარსო. მერე კოტეს  ხელი დაეღალა და ქალის თირკმელზე შეასვენა. მერე კიდევ უფრო გაუთამამდა. ქალი ცოტას ფართხალებდა,  მაგრამ ქმედებას პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდა. თვითონვე გადავიდა კოცნაობაზე. კოტეს კი, ძალიან სიამოვნებდა ქალის ნაზი ხელების შეხება მელოტ თავზე.

 

 

IV – რელიქვიების მაძიებელნი – დასაწყისი

 

გვიან მიხვდა ანდრო ლოგუა, რომ ისნის მეტროსთან არც ერთი წიგნის მაღაზია არ იყო. არადა, ყურსასმენები წინა დღეს გაუფუჭდა. ახალიც არ იყიდა, ისანში რამე წიგნს დავითრევ და გზაში კითხვით გავერთობი, რად მინდა მუსიკაო. კახეთის მარშუტკები რო ჩერდება, აი მაგის თავზე რაღაც ბანძი ბაზრობა როა, იქაც ააჭრა ანდრომ, მაგრამ ჯერ ტრუსიკების გამყიდველმა დეიდებმა დასცინეს, მერე სათვალეების გამყიდველმა ტიპმა. გეგონება, წიგნის ძებნა ტეხავდეს. მარა ისიც უნდა იცოდე სად რა ეძებო, თორე ჩემდათავად დავაჯდები ტაქსს ვარკეთილში და ვივლი მთელი ცხოვრება თბილისის ზღვის გარშემო, ბულონის ტყის ძებნაში.

ანდრო ლოგუა ამაოების აუტანელ სიმყრალეს და პლებეურ ცინიზმს რომ შეეჩვია, სწორედ მაშინ მოვიდა  ძალიან გამხდარი ნინუცა ჩანადირი, რომელიც ძალიან სასაცილოდ იცინოდა, კბილებ შორის სანტიმეტრიანი დაშორების გამო.

ბარგიანი გოგო და ბიჭი რომ დაინახა, მათკენ მიიჭრა ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა ბიძა და აბა თელავი, ორი კაციო. ანდრომ თელავი არ მინდა ყვარელი მინდაო და ბიძამ დაიძახა – ბჯო, სეროო, ეგე ბალღებ ყვარელი უნდათ და მიდი ბარემ ჩაისვიო. –  სერომ გამოსძახა, მოვიდნენ, რას მითანხმებო და თან გაიფიქრა – მაყუთის საქმეა, მუქთაზე ხო არ ვისვამო.

ანდრო და ნინუცა მარშუტკის სულ ბოლო ადგილებზე მოთავსდნენ. ანდრომ გოგონა ფანჯრისკენ დასვა. ყურსასმენები მაინც არ ჰქონდა და  გარეთ ტყუილად ყურება ეზარებოდა.

„ანდრო შენ სად ცხოვრობ?“ – ჰკითხა ნინუცამ.

„სანზონაში.“

„ეგ რომელ მეტროსთანაა ახლოს?“

„ღრმაღელესთან.“ – უხალისოდ პასუხობდა ანდრო.

„მე მარჯანიშვილის მეტროსთან ვარ ახლოს. ღრმაღელე უფრო საინტერესო სახელია.“

„თუ გინდა გაგიცვლი სახლს…“

„რატო?“

„უფრო საინტერესო მეტროსთან რო იყო ახლოს.“

„ნეტა ყვარელი როგორია…“ – თემა შეცვალა ნინუცამ.

„მწვანეა. მოიცა სახლი გაქ და არ იცი როგორია?!“

„არ მივყავდი არავის. ბებო რაც დაიღუპა, არც ახსოვდა არავის ის სახლი.“

„მე სკოლის ექსკურსიაზე წამიყვენეს კახეთში ადრე და იქიდან მახსოვს, რო ძაან მწვანეა.“

„ეხლა ყვითელი იქნება. შემოდგომაა.“

„მიტოვებული რო არ გქონდეს იქაურობა, ღვინოც გექნებოდა და დავლევდით ეხლა, რო ჩავიდოდით.“ – დანანებით ჩაილაპარაკა ანდრომ.

„აუ ვიყიდოთ. უკაცრავად, ისა, მერე ღვინის საყიდლად გაგვიჩერეთ რააა…“ – გასძახა ნინუცამ მძღოლს.

„ჰოო, ყურყურაზე გავაჩერეფ.“ – უპასუხა სერომ.

 

V – გიტარისტების სკოლა

 

„ნათელა შეხედე, როცა ლა მინორს იღებ, საჩვენებელი თითი გეძაბება და ამიტომ გტკივა და ვეღარ უკრავ. ნაზად აიღე მიდი აბა.“ – ურჩევდა გიტარის მასწავლებელი სოფია რეხვიაშვილი მოსწავლე ნათელას.

„ძალით არ ვშვები მასწ. თავისით შვება.“ – ტიროდა ნათელა.

„შეუძლებელია შენი დედიკოს შვილს დაკვრა არ გამოსდიოდეს. უნდა ვიწვალოთ, ვიშრომოთ და რამეს გამოვიყვანთ და ნუ ტირი ახლა.“ – მოეფერა სოფია მოსწავლეს.

„ვინაა ნათელას დედიკო მასწ?“ – იკითხა ექვსი წლის ანდრო ლოგუამ.

„ნანა ჯგუბურია არ იცი ანდრიკო? მომღერალი.“ – უსაყვედურა მასწავლებელმა.

„კი. ძალიან ლამაზი ქალია. ჩემი შეყვარებულია.“ – დაიქოქა ბიჭუნა.

„ჩემი დედიკო შენი შეყვარებული არაა. მამიკოს შეყვარებულია.“ – ტირილი განაახლა ნათელამ და ანდრიკოს თავში გაშლილი ხელი ჩაახალა.

„კარგით ახლა. ანდრიკო, სოლ მაჟორი აიღე და ლეგატო გამიკეთე.“ – განმუხტა სიტუაცია სოფია რეხვიაშვილმა.

„არ მახსოვს სოლ მაჟორი რომელია მასწ.“ – დაიმორცხვა ანდრო ლოგუამ.

„ანდრიკო, ნოტებს არასოდეს  სწავლობ და საერთოდ რატომ დადიხარ გიტარაზე?“ – ნამუსზე ააგდო მასწავლებელმა.

„მამიდამ შემომიყვანა. კოტე ჩანადირის სიმღერები უნდა ვისწავლო!“ – ამაყად თქვა ანდრიკომ.

„ნოტების გარეშე?!“ – წარბი ასწია სოფია რეხვიაშვილმა.

„მე სხვანაირად ვიცი ნოტები მასწ….“ – თავი იმართლა ბიჭუნამ.

„კაი მიდი მაშინ Gm აიღე და ლეგატო გამიკეთე.“ – ფორმა შეცვალა სოფიამ.

 

ანდრიკო ლოგუა უკრავდა  შემოდგომის მელოდიას.

 

 

 

 

1 2 3 4