I – ვარსკვლავი

 

საბჭოეთის მექანიკოსებს ძალიან  უყვარდათ ბარდების მეფე კოტე ჩანადირი, რადგან მის ყველაზე ცნობილ სიმღერას „სწრაფზე სწრაფი ვოლგა“ ერქვა.ამიტომაც, ჩანადირი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა და მოვლილი ჰქონდა ყველა კომუნისტური და სამი კაპიტალისტური სახელმწიფო. მათ შორის ურუგვაი, რომლის პრეზიდენტმაც  ობდულიო ვარელას ნაქონი ბუცები აჩუქა.

როგორც ბებიაჩემი ამბობს, დენვერში ყოფნისას, ერთ არც თუ მდიდრულ, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანად მორთულ კაფე „ოლდ ბულში“  კოტე ჩანადირმა ლუდიც მიირთვა გარი ბელაფონტესთან და საბჭოთა უშიშროების თანამშრომელ ვალიკო გაგუასთან ერთად, ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტ წელს.

იმ საბჭოთა არტისტებს, რომლებსაც ნიჭი და გონი არ უვარგოდათ,  ძალიან შურდათ კოტე ჩანადირის. ჩანადირი ყველაზე მეტჯერ იყო ნამყოფი გასტროლებზე. ისინი კი ერთხელ… ჰა, ჰა –  ორჯერ.

ათას ცხრაას სამოცდაცხრა წლის მზიან ოც მაისსაც, კოტეს მეუღლემ, ლონდა ვაშაკიძემ დემონსტრაციულად ჩამოხსნა სარეცხის თოკიდან ქმრის თეთრი პერანგები და აივანზევე დაიწყო მათი ჩემოდანში ჩალაგება, რადგან მთელს პლეხანოვს დაენახა, ჩანადირი ისევ გასტროლზე მიდისო.

არადა, ქმარი ყვარელში მიდიოდა. დაჩაზე მუშები უნდა ავიყვანო და ფანჯრები გამოვცვალოო – იძახდა. ცოლი ფიქრობდა, ძალიან იციან მეზობლებმა ეს კახეთში მიდის თუ სან-ფრანცისკოშიო და ქმარს გასვლის წინ ხელში საფირმო გიტარაც დააჭერინა, აქაოდა,  ყველამ დაინახოს, რო ეგეც თან მიგაქ და თვალები დაეთხაროთო. მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ჩანადირი სცენაზე  სულ ერთი გიტარით ჩნდებოდა. გიტარით, რომელსაც უკანა მხარეს ედიტ პიაფის მრგვალი ფოტო ჰქონდა მიწებებული.

ჩანადირმა ცოლს აკოცა, სადარბაზოდან გავიდა, ტაქსი გააჩერა და სოლოლაკში წამიყვანეო, უბრძანა.

მაშინ ბიტლზი მთავრდებოდა, ფარფლი იწყებოდა.  კოტე ჩანადირი კი, ორივეს უჯოკრავდაო…  – ამბობდა ბებიაჩემი.

 

 

II – ვარსკვლავის შვილიშვილმა ფეისბუქი გააკეთა

 

 

Andro Logua: პრივეტ

ნინუცა ჩანადირი:  ველოდი რომ მომწერდი

Andro Logua: ოუფ, რატო ვითომ?

ნინუცა ჩანადირი: ბაბუს სიმღერებს აზიარებ ხოლმე

Andro Logua: აჰ კი. ძაან მევასება კოტეს ვეშები.

ნინუცა ჩანადირი: ჩვენხელებმა საერთოდ თუ იცოდნენ, არც ვიცოდი.

Andro Logua: მე მამიდა მასმენინებდა ბავშვობიდან სულ. იმენნა ფანი იყო.

ნინუცა ჩანადირი:  მამიდაშენი რამდენისაა?

Andro Logua: დიდია. მამაჩემი გვიან გაჩნდა. პაჩწი ბაბუაშენისხელაა.

ნინუცა ჩანადირი: მოკლედ მიხარია რომ გაგიცანი და ბაბუს რომ უსმენ.

Andro Logua: მოიცა რაღაც მინდა გითხრა…

ნინუცა ჩანადირი: გისმენ.

Andro Logua: იმ გიტარას მაჩვენებ?

ნინუცა ჩანადირი: აუ ის გიტარა მეც არ მინახავს არასდროს. თორე  სიამოვნებით გაჩვენებდი :დ

Andro Logua: რატო?

ნინუცა ჩანადირი: რავი კახეთში დატოვა ბაბუმ და იმის მერე არ უნახავს არავის. მერე მალევე დაიღუპა.

Andro Logua: არც ბებიაშენს?

ნინუცა ჩანადირი: არავის საერთოდ…

 

III – რა ლამაზი ხარ, სხვისი მეზობლის გოგოვ…

 

როცა ყველა ბინაში გამორთეს ტელევიზორები და სინათლეები,  ბნელ ქალაქს, მხოლოდ ფუნიკულიორის ლამპოჩკებიღა ახალისებდა. აი, სწორედ მაშინ გაჩერდა ყვითელი ტაქსი განიერ სადარბაზოსთან. აკი გაუკვირდა სახლისკენ ფეხით მიმავალ მთვრალ მედუქნე ვალიკოს, ამ შავ-დარში ვის რა ეტაქსება, ნიუჟელი, ბუ მოიყვანესო?!

შავმა ტაქსისტმა  ბოლოს მაინც გაუბედა მგზავრს და სთხოვა – ძმობაში ერთი აემ  თუმნიანზე  ხელი მამიწერე, შვილებს გავახარებ და მეტსაც აღარ მამთხოვენო. მგზავრს არ ესიამოვნა ვინაობა რომ გაუმჟღავნდა, მაგრამ სხვაგზა აღარ ჰქონდა და ძალისძალად, საიდანღაც  მოთრეული ღიმილით მიუავტოგრაფა შოფერს დაჭმუჭნულ თუმნიანზე. მერე მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში შევიდა. შუაღამე კი იყო, მაგრამ მაინც პანიკიორი მორფინისტივით დაათვალიერა ფანჯრები, ემანდ ვინმემ არ დამინახოსო. მართალი იყო მგზავრი. ვინმეს  რომ დაენახა, უეჭველად იცნობდა ბარდების მეფე კოტე ჩანადირს, რომელიც კახეთში უნდა წასულიყო, მაგრამ სადარბაზოში შევიდა და ეს ამბავი ცოლს  არ უნდა გაეგო და არც არავის უნდა გაეგო. იმიტო, რო ცოლი გაწეწავდა და სხვების კიდე რცხვენოდა კოტე ჩანადირს.

 

 

 

1 2 3 4