III

უტა დადიანი

ტფილისის ცენტრი გაივსო მდიდარის ბურჟუაზიითა, მშრომელ კაცს იქ ვეღარა დაედგომება, ვითომდა ქალაქის ცენტრი მოუცავთ ამ მასხარებსა და ტეტიებს და აბა, შენ დამიხედე, აქ რაღამ დაგადგომაო, ჩვენია და თქვენი ადგილი კიდევ ჯურღმულებიაო. ასეც თქმულა და ჩვენ რა დაგვრჩენია უნდა დავემორჩილოთ, პირი ვაქციოთ ალექსანდროვის ბაღსა, ვითომდა სხვა საქმე არა გვქონდეს და სულ ლამაზი მანდილოსნების საცქერათ დავდიოდეთ, გამოწყობილს ლამაზს სამოსში და ნაბიჯები გავდგათ განზე, ჩვენს დამტვერილს ტანსაცმელს, სადაც უბრალოდ ახედავენ და შესარცხვენად აღარ მოეჩვენებათ და სხვა სად უნდა იყოს ასეთი ადგილი, თუ არა გარეთ, ქალაქის გარეთ, ოდნავ მოშორებით, იმ ადგილზედ, რომელსაც ქვია ნახალოვკა, სადაც აქ მცხოვრებ მუშებს ერთხელ ფეხი დაუდგამთ და დარწმუნებით უთქვამთ, რომე ესაა ჩვენი მიწა და ჩვენის შრომით აქვე დავსახლდებითო. ამას მოყოლია დიდის აურზაური, მეფის მილიციის ღელვა და დაწიოკება რამოდენიმეჯერ აქა მცხოვრები ხალხისა, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ალბათ და საკმაოდ სწორადაც, რომე გზა ამ ხათაბალებით სავსე ქვეყანაზედ წმინდა ჰაზრისთვის მებროლისთვის ყოველთვის იქნება ნათელი და ვერც ვეღარავინ წაუდგება წინ, რადგან ჩაგრულს დასაკარგი სხვა არაფერი დარჩა და იბრძოლებს ბოლომდეც და ასეც მოხდა და ეს ყველაფერი თითქოსდა შეეზარდა ამ გარემოსო, დაფუძნდა და მორჩა! ფესვი აქა! ჭირი იქა!

ნახალოვკის მიუვალ ჯურღმულში მოაბიჯებდა იმ დღესაც ნათავადარი უტა დადიანი, მოაბიჯებდა მეტად დაღლილი და მისავათებული მთელი დღის შრომისგან, თავზედ გაშავებული ქუდი ჩამოეფარებინა და წყნარის ნაბიჯით მიდიოდა ტროტუარზედ. უტა დადიან აქ მუშაობდა რკინიგზის ერთ სახელოსნოში, სადაც ერთ დღესაც მოუყვანია თავის ამხანაგს, ცალყურ და ცალთვალ დარჩენილ, წინა ფრონტზე მებრძოლ რევოლუციონერს, რომელიც მაშინ დიდ კავშირში იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიასთან, ასე იტყოდნენ პარტიის კაციაო და სწორედ მაშინ, როცა დასავლეთს წლების მოშორებული იყო უტა და, მეტსაც კი გეტყვით და, დასავლეთში აღარ დაედგომებოდა იმ ამბებისდა გამომდინარეობით, რომელიც აქ მოსაყოლად არ ივარგებს და სხვაგან კი იცოცხლეთ და მეტს არ ვიტყვი და მოუყვანია ამ ლამაზს დასახლებაში. აქ კიდევ უსაქმოდ გაჩერება ვეღარა მოხერხდებოდა და სახელოსნომ მიიღო რიგით მუშად.

რთულია, ნახალვკის ქუჩაზედ გაიარო და ნაცნობი აღარ გადაგეყაროს, მიდიხარ და ნაცნობებიც გეგებებიან და გეგებებიან, არა ჩერდებიან, ვინძლო შენ ისეთი კაცი იყო, რომელსაც რომე განმარტოება და მარტოკა სიარული უყვარს დიდის მცოდნესავით, მაშინ, ვეჭვობ, აქ გამოსვლამ დიდი სიამე მოგვაროს შენს გულს. უტა კიდევ სხვანაირი, უტამ უნდა გაიაროს ქუჩა და სალამიც მისცეს ყველას, ვისაც იცნობს და ისინიც დიდის სიხარულით უპასუხებენ.

აგერ ქუჩაც მოილია და სხვა სად უნდა წაეხეტოს სამუშაო დღეს მოშორებული მუშა, თუ არა სამიკიტნოშით, სადაც ელოდება სასმელი და ხალხი, რომელიც გვერდით მოუჯდება და ჰამო საუბარსაც გაუბამს. აგერ შეაღო კარი და:

პივა!

კარიდანვე გააფრთხილებს მიკიტანს.

არის, უტაჯან!

მიკიტანიც წამსვე დაფაცურდება, ერთ ხის კათხას გადმოდგამს და სარდაფიდან ახალ გამოტანილს ლუდს ჩამოასხამს, რომელსაც ქაფი დასდგომია ღრუბლებივითა. უტა ქაფს ერთ სულსშებერავს და კათხას მოიყუდებს. ერთი კათხაც ყოფნის დაღლილზედ, რომ თრობა მოგგვაროს. საერთოდაც, ლუდის ფილოსოფია ასეთია, რომე მძიმე დღისგან დაღლილ ტანში ცივად ჩაეშვას, რამდენიმე წუთში მსუბუქის თრობა მოგგვაროს, უსაყვარლესის მეგობარივით გვერდით მოგიჯდეს და გულში ჩაგიკრას, განუგეშოს, მე მომწონს ეს ფილოსოფია ლუდისა და ვითომდა მცოდნეებსაც ამას ვურჩევდი, რომე ამაზედ დაფიქრებულიყვნენ, უკეთეს სხვა რას იზამენ და თან ერთი სავსე კათხაც ჩაეცალათ, იქნებ კიდევ სხვა ჰაზრებიც მოსულიყოს მათ დიად თავში.

შენა ერთმა ქოსა კაცმა გიკითხა.

მიკიტანი გვერდით მიუდგა უტას.

ვინ იყო? რა მინდაო?

სახელი არ უთქვამს, ეგა მე არა მიცნობს, მარა მე ვიცნობო.

მილიცია?

არა, შენა არხეინად იყავ, მილიცელს მე ორ ნაბიჯზედა ვცნობ. რაღაცა ქონია შენთვინ გადმოსაცემი. მევთქვი, შე კაი კაცო, დამიტოვე, მე არა ვიცნობ?

მერე? მერე რაო?

არაო, ეს ისეთი სერიოზნი საქმე არიო, პირდაპირ ხელშით უნდა მივცეო.

სად ვცხოვრობ, არ უკითხავს?

არა, ეგ არა უკითხამს, საღამოზედ გამაიარე და ეგეც აქა დაგხვდება, ასე ვუთხარი.

მაშინ სტუმარი გვყოლია და ეგაა, აბა, ჩამაასხი კიდევ ერთიც!

გარშემო კვამლი იდგა და სულს ღაფავდნენ კედლები, სამიკიტნო გადავსებულიყო და თითო მაგიდაზს ოთხ-ოთხი კაცი შემოჯდომოდა. სუნი იყო ოფლის, სასამელის, თუთუნისა და ყაფაზაზედ შემოდებული ლორის, ოღონდ თუთუნის კვამლში ეს ყველაფერი ერთმანეთში იზილებოდა. ხმაური იყო მეტად მრავალფეროვანი და მეტად ზომას გადამცდარი, როგორიც არის ხოლმე და ეს დიდის ღრიანცელი ყველასათვის მეტად ახლობელი გამხდარიყო და არც არავინ შეეწუხებინა ამ დატრიალებულს ალიაქოთს, ყაფაზის გვერდით კედელზედ ლეკურები ჩამოეკიდათ და მის გვერდით კიდევ ფარი და ხანჯალი, ვითომდა ახლა ამის ხმარების დროა აღარაა, მშვიდობაა და მშვიდობაც რომ მიადგება ბოლოს, მაშინ კი მიეცემა ამას თავისი საქმეო.

საათის ნახევარში კარი იღება და მაღალი კაცი შემოდგამს ერთ ნაბიჯს, მიმოიხედავს დიდის ყურადღებით, ყველას კარგად შეათვალიერებს და მალევე მიკიტანისკენ დაიძრება. ამ კაცს სახეზედ რო შეხედო, ნახავ, რომე ნაწილი სულ გათეთრებია, ნაწილი კიდევ ლაქებად შემუქებია, ამაზედ იტყვიან ბატონების ნამოქმედარიაო, ბატონები შეყრია და მერე ზედაც დაუტოვებიათ თავისი კვალიო, იმასაც იტყვიან, კეთრიაო, მარა კეთრი მე ასეთი არ ვიცი, თანაც რას გაუგებ გაუნათლებელ გლეხის ლაპარაკს, რა მართალია და რა ტყუილი, ვეჭვობ, მარტივად გაარჩიო. ეს კი დარწმუნებით ვიცი, რომე როგორც მიკიტანს უთქვამს, ქოსა იყო სტუმარი, სახე სულ მოშიშვლებოდა და ერთს ღერ თმას ვერ უნახავდით.

უტამ მაგიდიდან გამოიხედა, კაცი მიკიტანთან მისულიყო და გამოლაპარაკებოდა, მერე მიკიტანმაც გამოხედა და თითიც მისკენ გამოიშვირა, ისაა, სხვა მეტი ვინ უნდა ყოფილიყო, ესეც ჩვენი ქოსა სტუმარი.

კაცმა თავი დაუკრა მიკიტანს და უტას მიუჯდა მალევე გვერდზედ.

უტა შენა ხარ?

ვინ კითხულობს?

შენა ხარ თუ არა?

მე კი ვარ, მარა შენ რა საქმე მაგასთან?

ხელი მომეცი.

შენა რა ჩემი არ გეყურება?

ხელი მომეცი!

კაცი, როცა ამჩნევს, რომე უტა მაგის კაცი არაა, ასე დასთანხმდეს, მისკენ იქაჩება და მაჯას მაგრად უჭერს, სახელოს ძალით გადასწევს და ხელზედ დახედავს. ხელი სულ გადამწვარია და თან ისე, რომე ჯანსაღის კანი ზედ არა შერჩენილა. უტა ხელს მალევე ითავისუფლებს, კაციც თავს ანებებს.

მაშ, შენა ყოფილხარ. მეტი არაფერი, დასტურისთვინ მინდოდა.

უტა საეჭვოდ ახედავს უცხო კაცს, ეგეც აქვს ჰაზრად, ერთი პადლეცი ხომ არ მოსცხოს სახეში უცნობს და მეტად ურიგოს.

გითხრენ წერილზე?

შენ გაქვს ჩემთან წერილი?

მე არა, გამომატანეს.

ხელს მაღლად ასწევს და:

პეტროგრად! მანდ ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი კაცია.

უბიდან წერილი ამოაქვს და მაგიდაზედ დებს.

აგე, ესაა, მე კიდევ თავისუფალი ვარ.

მოიცა, ჯერ ისიც არა გითქვამს, ვინა ხარ.

მაგას ჰაზრი რო ჰქონებოდეს… წერილი ნახე, შიგ წერია ყველაფერი.

და კაცი სდგება და უმალვე გადის სამიკიტნოდან.

ვინ უნდა ყოფილიყო ან საიდან უნდა მოსულიყო, არც სალამი და არც დამშვიდობება, მარტო ერთი-ვორი უკმეხი სიტყვა და არაფერი მეტად.

უტა წერილს უბეში იდებს, ჯერ ერიდება, იქნებ ვინმე ჩამშვები ერიოს სამიკიტნოს კედლებში, სამიკიტნოს კედლებს ხომ ბევრი მუხთლობა ახსოვს, მარა ჩვენ რაზედ გვჭირდება ზედმეტის მორიდება ან დროის ხარჯვა, თქვენთვის მითქვამს, ისე გავკადნიერდე, ვითომდა თქვენი ახლობელი ვიყო და გეტყვით, რომე იმ წერილში მეტად საიდუმლო ამბავი სწერილიყო, ისეთი ამბავი, რომელსაც მეტად მალავენ და თუ იტყვიან, იმასაც მხოლოთ ისეთ ადგილას, სადაც ყრუა ყველა გარშემო, აბა უსმინეთ, რა მოუწერავს ან ვის მოუწერავს.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5