ახლა არც სკვინჩაა და არც მისი ყმაწვილობა, ახლა არეულობისა და ცვლილებების დროა და მეტად მტანჯველი და ძნელი დროება გლეხ-კაცისთვის და ხუტასთვისაც, რომელიც აგერ ქუჩაზედ მოაბიჯებს და გვერდს უქცევს სხვა პირუტყვის მოსაქმებულს, რომელიც ასრე რიგად ბევრია შარაზედ.

გზას მიუყვება ლეიტენანტი, ეს გზა ათასის მნახველია და ათასის გამგონე, ისიც უთქვამთ, ყველას თავისი გზა აქვს ამ ქვეყანაედ და ასეთი სრულიად უცხო ადამიანები სრულიად მოულოდნელობებით ვეჩეხებით ერთმანეთსო, რადგანაც ჩვენი გზები იკვეთებიან ერთმანეთში და ისიც უნდა ითქვს, რომე ეს მოულოდნელობა შობს ყველაზე საინტერესოს, აი, დავდივართ, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ, რა გზას მივყვებით, მაგრამ გზამ იცის თავისი საქმე, ჩვენმა თუ სხვისმა თუ აგერ ჩვენს წინ მიმავალმა ხუტამ, რომელმაც ახლა ეს ქუჩა ბოლომდე უნდა ჩაილიოს, უნდა მიადგეს სოფლის ცენტრს, იქვე სოფლის ოკრიბას უნდა ჩაუაროს, შეკრებილებს მიესალმოს, შეკრებილებიც ვინძლო ხელს აუწევენ ან საეჭვოდ გამოხედავენ, შემდეგ გაივლის ცენტრს და მიადგება შენობას პოლიციისას, კარს შეაღებს და იქ კიდე მაგიდასთან მიმჯდარი უმცროსი ლეიტენანტი დახვდება პაკუ. პაკუ თავდახრილი ზის და რაღაც ფურცლებს უნდა ათვალიერებდეს, პაკუ მაღალი წვრილი ბიჭია, თითქოსდა შესამჩნევი, მარა ისე დაიარება, ვერას შენიშნავს ვინმე, პაკუ აჩრდილი, პაკუ შეუმჩნეველი, პაკუ ჭამე მეტი, იქნება კაცს დაემსგავსო, ჩამოჩორკნილხარ!

პაკუს, სალამი!

პაკუ იბნევა, მერე უმალვე ფეხზე დგება და სარივით ერჭობა მაგიდის წინ, სამხედრო სალამ შემართული.

შიგნითაა?

და გვერდითა ოთახისკენ ანიშნებს.

დილით მოვიდა, ხუტა პატონ. რამდენიმე წუთი კი იქნება, რო გელოდებათ.

ხუტა თავს უქნევს და კარზე აკაკუნებს. უმცროსი ლეიტენენატი უმალვე ეშვება და როგორც შემოსვლის დროით იყო, მაგიდას უჯდება.

კაპიტნის ოთახი არის მეტად მორთული ნაირგვარი ატრიბუტიკით. ოქროს ხანჯლებით თუ ვერცხლის იარაღებით, რომლებიც მოსართავად ჩამოუკიდიათ, იარაღს ორი დანიშნულობა ქონია ჩვენი სამართლიანი პოლიციისთვის, ერთი ჯანყის ჩახშობა და უდანაშაულოს ხოცვა, მეორე კი თავის სილამაზე, რომელიც ოთახებს ამშვენებს ხოლმე.კაპიტანიმაღრაძე უზის მაგიდას და მაგიდის უკან ჰკიდია მეფის ფოტო, მეფე ნიკოლოზ მეორისა, რომელსაც ვინძლო აჯობებდა, თავისი ნამდვილი სახით წარმდგარიყო ჩვენს ფოტოებზედ და ის შეუშრობელი სისხლიც ზედ ლაქად დასტყობოდა მის ხელებზედ, მაგრამ ვაი, რომ ამ ნახატის მხატვარი რიგითი ტეტიაა და სხვა არაფერი, რიგითი მლიქვნელი, აბა, მეფის ფოტო მე ლამაზი ცეცხლში შეკეთებული გამიგია, თანაც ისე კარგად იწვის, მალევე გაათბობს გამურულს ოთახს.

კაპიტანი ტფილისიდან დაუნიშნავთ. იქა დიდის უმოქმედობისა და უსაქმურად ჰყოფნის გამო დაუსჯიათ აზნაურის შვილი და ტფილისის უბნის კაპიტნობიდან გადმოუსვრიათ არცთუ ისე შორეულს, მარა ჩვენთვის მაინც შორეულს დასავლეთში, ეგ სიშორე ჩვენთვის მიტომ, რომე ერთს ჩემს უცხოელს ამხანაგსა უთქვამს ჩემთვის, კაი ქალაქია საქართველოვოო, მეტი არა მინდოდა ერთი, შემომეკრა, მარა სხვა კაცია, სხვა ქვეყანა უნახავს და მაგისთვისკიდევ, ფოთი და ტფილისი კიდევ ერთის ქალაქის უბნებია, სხვა არაფერი. აზნაური მაღრაძე კი, როგორც ვახსენე, მუქთახორობისთვის გამოუგდიათ ჩვენის დიდი დედაქალაქიდან, მარა თვითონ კი ამბობს, მეო აქ წესრიგისთვინ ჩამოვედი და აბა, ერთი გაბედონ და პოლიციას გადაუდგნენ, მე მაგათ ვაჩვენებ თავის სეირსო.

მისი უდიდებულესობის გვერდით ჰკიდია ჯვარი მოოქრული, ჩვენი წამებული ქრისტე იმპერატორთან გაუტოლებიათო, ჯვარი, რომელიც თურმე მეფის ნაცვალს უჩუქებია ზუგდიდის მაზრის უფროსისთვის, ან თავად ზუგდიდის მაზრის უფროსს მოუტყუებია თავისი ქვეშევრდომები ცრუ ამბის გასავრცობად, თავის მოსაწონებლათ და ასეც თქვენამდე არასწორი ამბავიც მომიტანია, ამიტომაც ნუ დავუჯერებთ ვიღაცის მლიქვნელი სულის გამომდინარეობით მოთხრობილ ამბებს, იმასაც ამბობენ, ეს ჯვარი მერე ტერორისტებსა და, ამათი თქმით, ხალხის დამწიოკებლებს გაუტაციათ და ზედაც ფეხით შემდგარან ერთი ცრურწმენის გადასაგდებადაო, საქმე ისაა, რომე მაზრის უფროსს ერთი სასჯელი ქონია მეფის დაუმორჩილებლობისთვის, ჯვარი იყო ერთგვარი დასაშინებელი რამ მასთვის, თურმე ნურას ვიტყვით და ეს ჯვარი შერისხავდა ყველას, ვინც თვითმპყრობელობას დაუპირისპირდებოდა და ღვთისგან არჩეულს მეფეს დაგმობდა, მის ბატონობას კიდევ ეჭვის გვირაბში გაატარებდა და ეს თქვენ ნუ იტყვით და დაუჯერებია ბევრს და სწორედ მაგიტომ მოხდა, რაც მერე მოხდა, რომე ტყეში გავარდნილებს გაუტაცნიათ ჯვარი და ზედ ფეხით შემდგარან, აბა, დაგვსჯის თუ არაო, აბა, რა სასჯელს მოგვივლენს მამაზეციერიო. ამბობენ, ერთს იარაღიც დაუმიზნებია, ვესვრი და აბა, თუ შემრისხავსო, იქ მდგომს ერთსა უთქვამს, მეტი შერისხვა რაღა გინდა, ვერა ხედავ რას დაგამსგავსაო.

წესით, ეს ჯვარი ტყეში გავარდნილებისგან სწორედ პოლიციის უფროსს უნდა გამოეხსნა და რადგანაც გამოუხსნია, მაგიტომაც ზუგდიდის მაზრის უფროსს ძღვნად დაუტოვებია მისთვის, ზოგნი იმასაც ამბობენ, არაფერი ძღვენი მისთვის მაზრის უფროსს არ მიუცია, ეგ კაცი მოკლეს აბრაგებმა მანამდე და აბა, მკვდარი რას მოიძებდაო.

ამბები ირევიან და იხალრთებიან ხოლმე ჩემს თავში და მე კიდევ ვცდილობ ყველა სათითაოდ გადმოვდო, ამიტომაც თქვენც ნუღარ გაიხლართებით, როგორც მოვახერხებ გამოვაცალკვებ და ისე დაგილაგებთ, მანამდე კი აგერ ოთახში შემოსულ ხუტას მივაპყროთ თვალები და ყურებიც, თუ ორივე მთელი შეგვრჩენია და ჩვენის საქმიანობით ვინმეს არ დავუსჯივართ სიკვდილამდე დაღის სატარებლათ.

კაპიტანი შემომჯდარა მაგიდასთან და წინ  დადებულ ქაღალდებს ათვალიერებს, მერე ნელა ყველას შეაგროვებს, ერთად გადაკეცავს, მაგიდის უჯრას გამოაღებს და შიგ ჩადებს, თაროს გამოსწევს და იქიდან თავის ნაგანს გამოიტანს, ეს ნაგანი გახლავთ ერთი დიდი რელიქვია კაპიტნისა, მისი მამის თუ მამის მამის ნაქონი, რომელიც ასეთი დიდის მოწიწებით შემოუნახავს.

კაპიტანი იარაღს მაგიდაზე სდებს და უჯრიდან ამოღებული ქსოვილის ნაგლეჯით აპირიალებს, ზედ დახედავ, საკუთარ სახეს დაინახავ, ისე ბზინავს გარეკანი და ეს არის ერთგვარი რიტუალი და მისი საყვარელი რამ, რასაც კაპიტანი გადაღლილობისას აკეთებს. გამოიტანს თავის ნალოლიავებს ნაგანს და აპრიალებს, მერე სათითაოდ ყველა ტყვიას ჩამოცლის, მასაც გადააპრიალებს, ისევ ჩაალაგებს და ისევ გადააპრიალებს მთლიანად, რომ თავისი თითის ლაქები აღარ დაეტყოს.

ხუტა სამხედრო სალამით გაჭიმული დგას მის წინ და ამბობს წინადადებას, რომლებსაც რომე პოლიციელები ეუბნებიან თავის მაღლა მდგომ თანამდებობის პირსა და რომლის ზუსტი სიტყვათა შეთანხმება მე არა მახსოვს და აბა, თქვენც საიდან გეცოდინებათ.

კაპიტანი თითით ანიშნებს მის წინ სკამზედ. ხუტა მოეშვება და კაპიტნის წინ ჯდება. კედელზე გაკიდულ ნიკოლოზ მეფეს გახედავს, რომელიც ასეთის სათნოებით შემოსცქერის ხუტას.

გითხრეს, ხომ?

მითხრეს, დიახ.

კაპიტანი ნაგანს გვერდზედ გადადებს და:

მიგიღია მანამდე?

იყო რამდენიმე შემთხვევა, მარა წვრილი ხულიგნობაზე მარტო.

უფრო მძიმეზე?

არაფერი… არ ვიცი, არაფერი მახსენდება და… რატო, გლახათაა საქმე?

ისეთიც არაფერი, ტერორისტებს ეძებენ, ერთი კიდევ ჩვენს მიდამოებში იქნება მალე. აგერ.

და წერილს უწვდის, რომელშიც წერია რაღაც სიტყვები დაწერილი რუსულს ენაზედ, მაგრამ რაღა დავმალოთ და თავი ვიტყუოთ, აზრი არ დევს ამ მოქმედებაში, რაც უნდა უყუროს ხუტამ, გინდაც ამოატრიალოს ან წაღმა ან უკუღმა, მაინც ვერაფერს გაიგებს, რა სწერია შიგ, რადგანაც არის ასეთი ამბავი, უწიგნურობა და ჩვენს ხუტასაც ვერაფრით ვერ შეუსწავლია რუსულის კითხვა, მეტად რთული საქმე ყოფილა მისთვის, ისიც ითქმის, რომე არც დასჭირვებია საქმეში მისი ცოდნა, ყოველთვის, რაც თავი ახსოვს, მხოლოთ ბანდიტებზედ და ქურდებზედ დევნაში გაუტარებია სამუშაო დღეები და წერა და კითხვა კი არ დასჭირვებია, ამიტომ არც უნდა ახალ დანიშნულ როგორც თვითონ იტყოდა ქართლიდანდანიშნულს უფროსსთან თავის მოჭრა, სირცხვილი და თავის მოჭრა, სხვა რა დარჩენია, ვითომ დიდის ყურადღებით გადაიკითხავს, თვალებს კარგად მომუჭავს, შემდეგ თავს ერთი ორჯერ გადააქნევს და ჩაფიქრებული შემოსდებს მაგიდაზე წერილს.

აგერ ფოტოც.

ხუტა ართმევს და ხედავს ზედ გამოსახულს ლამაზ მანდილოსანს, თავზედ უცნაურის ფორმის შლიაპა რომ დაუფარებია და ასე მეტად ბრაზიანად შესცქერის იმას, ვისაც დიდის მოწიწებით გადაუღია ეს ყველაფერი. ეჭვი არაა, ჟანდარმიის არქივიდან გამოთხოვილი ფოტოა, დაპატიმრების, ფოტოს ქვევით დაურთავთ კიდევ რაღაც სიტყვები, ვინძლო მისი დაჭერის მიზეზები ეწეროს, ქალი სულ სხვა სახელით ჩაწერილა ჟანდარმერიის ბარათშიდ, შემდეგ კიდევ სხვა სახელი დაურქმევია, ფოტოს უკან კი ვიღაცას კალმით ქართულის ასოებით მიუწერია: ე. დოლიძე.

 

 

1 2 3 4 5