II

ლეიტენანტი ხუტა

გათენებულიცაა და გათენებულიც, ათი საცაა გახდება კიდეც და ეს ოხერი საათი არც წიკ-წიკებს. საათს ეგღა აკლია, ენა აიდგას და დიდის ხმით შემოკრას, ისიც ეყოფა, ამხელა დანიშნულება რომ ასწევს ზურგზედ, გვიჩვენოს ისეთი დიდი და ენით აღუწერელი რამ როგორიც რომე დროა და რომელსაც ასეთი დიდის ინტერესიანობით იკვლევენ ჯერ კიდევ ჩვენში ისეთი ხალხი, რომლებსაც მცოდნეებად მოაქვთ თავი და ევროპული ინტელიგენციაც შეპყრობილა ამ დროის არსის კვლევაში და ჩვენ კიდევ ის მოგვინდომებია ამხელა რამის მაჩვენებელს ბარეღამ ენაც ავადგმევინოთ და დილით, როცა ვეღარ ვახერხებთ საწოლიდან ადგომას თავად საათს ამოვათქმევინოთ, იქნება და გაგვაღვიძოსო. ფარსაკია კაცის სიზარმაცე და რაოდენ ტკბილია დილის ძილი, როცა თითქოსდა იღვიძებს ბუნება და შენ კი არაფრით არ ანებებ და მშვიდ სიზმრებს ხედავ.

ღმერთმა ქნას!

შენის მშვიდი ცხოვრებისგან გამომდინარეობით, როგორსაც ჩვენს წინ საწოლზე გაწოლილი ლეიტენანტი ხუტა ხედავს, აი, შეხედეთ, ოღონდ ხელით ნუ შეეხებით, ვინძლო გააღვიძოთ, კვირა დილაა და როგორც დაუბარებია, იმას, ვისაც დაუბარებია, რომე კვირა საქმისთვის არაა, კვირა დღე დასვენებისააო, ასეც გამხდარა ლეიტენანტ ხუტასთვის კვირა დილა ძილის, ამასთან აქ რაღა მოსატანია და ისიც დაურთავთ, რომე იმას, ვისაც დაუბარებია კვირის დღის უქმეობა, რომელმაც ექვსი დღე იშრომა ამ ჩვენის ლამაზი სამყაროს შექმნისთვის და მეშვიდეზე დაისვენა, ახლაც ის მეშვიდე დღე უდგას და ვაი იმ წამს, როცა ის გაიღვიძებსო და ვინ შეედავება, ჩვენ რაღა უნდა ვქნათ, ველოდოთ სანამ გაიღვიძებს.

ოთახში არის მხოლოთ ერთი საწოლი, საწოლის წინ ჯორკო დევს და ჯორკოზედ კიდევ ფეხსაცმლები აწყვია, ერთზე პატარა ნახვრეტია, როგორც ჩანს, ცერა თითს არაფრის დიდებით დაუნებებია ფეხსაცმელის ჩახუთულობაში გაჩერება და თავი გამოუყვია სულის მოსათქმელათ. გვერდით სკამი დევს და როგორც თქვენც ხედავთ, სკამზე კიდევ აწყვია ტანისამოსი, შავს ვიტყოდი, მარა ტყუილი როგორ მეკადრება და გაცვეთილია, გახუნებული, ერთის პერანგით და ერთის მოსაცმელით, რომელსაც მხრებზე მუნდირი ჰქონია, იტყვიან ზვანიაო და სწორედაც რომ ზვანია, მე ვერას გეტყვით, რა რისი მნიშვნელობებით, მე ვიცი მხოლოთ ისა, რომე ვისაც მხრებზე ასეთს შეუნიშნავთ, უნდა ერიდოთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ არალეგალურ საქმიანობას ეწევით და ვინ უნდა იყოს უფრო ჭეშმარიტი და პატიოსანი, თუ არა არალეგალი ამ ქვეყნად და თქვენ თუ მართლა ეს ბრძანდებით, მე ჩემის დიდის პატივისცემით, ქუდი მომიხდია და თავი დამიკრავს,

არალეგალებს სიცოცხლე მარადჟამ!

მეტს ვეღარას გეტყვით, შინ ვიყოთ შემოგიპატიჟებდით, მაგრამ შინ რომ არა ვართ, სწორედ რომ მაგია პრობლემა და დიდის თავის ტკივილი. შემოვპარულვართ ამ უცხო კაცის ოთახში და მძინარეს ვაკვირდებით, თან ვუყურებთ, რა სად ულაგია, რა სად დაუწყვია, აგერ კედელზე სარკე ჩამოუკიდია, სარკეს ვერ ვიტყოდი, ეს უფრო ნატეხია ერთი დიდის სარკისა და დიდის ვაივაგლახით მიუმაგრებია, ვისაც მიუმაგრებია, ამიტომაც თქვენთან ბოდიში და  საღოლ! როგორც იტყოდნენ თურქისტანები, საღოლ, ვარაუდობით ლეიტენანტო ხუტა! შენ მიამაგრე კედელზედ სარკის ნატეხი, მარა ვერასდიდებით ვერ გაგიგია, რომ კედელზე გაკვრა ჭირდებათ ტყეში გავარდნილებსაც, აგერ შემოვა დედაშენი და ის მოგახსენებს რა ამბავია, აგერ მოიწევს, საცაა კარს მოადგეს, მეგობრებო,ჩვენ მივიწიოთ, კარადაში შევძვრეთ, რომელიც ვერ მოგვისწრია სახსენებლათ და სუნთქვა შევიკრათ, დავადუმოთ, ჩვენის ნახვა ვინძლო ვინმეს არ გაუხარდეს.

ხუტიკო!

სიჩუმე და მძიმე სუნთქვის ხმა მხოლოთ.

ხუტიკო, შვილო, გაიღვიძე!

ქალი საწოლზედ გაშხლართულ შვილს ადგება და უჯიკებს მხარზედ. კაცი კიდევ რაღაც უნცაურის ხმით ამოიგმინავს, არსი არა აქვს ამ სიტყვებს, ესაა ამოძახილი, ჩვენის წინაპრების გადმონაშთი, როცა ენა არ ქონდათ და ღმუოდნენ მხოლოთ, მარა ეს ისეთ ადგილზედ მითხრეს, ვერ დაიჯერება, ვინძლო ტყუილი იყოს, ვერ გამოვრიცხავთ.

ახლა ქალი უფრო ძლიერ უჯიკებს და  ახლოთ მივა შვილთან.

ხუტა, მოვიდა წერილი ზემოდან, ადექი ანწ, ეისერგელ!

წერილი!

დიდის ტვინის დაძაბვა და ხანგრძლივი ფიქრი არ დასჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომე ხუტა როგორც წინათ მოვიხმეთ ლეიტენანტად, მეფის რუსეთის

აქ სამგზის გადააფურთხეთ და

პოლიციის ერთ-ერთი ჩინოსანია, მაგრამ ვაი, რომ მის ჩინს მაღალი არ ეთქმის და არც მის ტანსაც, აგერ პატარა კაცი ხუტა გაწოლილა საწოლზედ და ნელ ნელა ზევით იწევს, თვალებს ისრისავს, შუბლზე ხელს გადაისობს და გადმოისობს და დედას უსმენს, მოხუც დედას, რომელსაც ამბავი მოუტანია, რომელიც მეზობელი ლაპარტყავების ბავშვისთვის გამოუყოლებიათ:

წერილი მოსულა ჟანდარმერიიდან!

ვეჭვობ იცოდეთ მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოატანო ასეთის მნიშვნელოვანი ამბავი პატარა ბავშვს, მაგრამ თქვენ ნუ დაიტანჯავთ თავს ფიქრით და მე გეტყვით, რომე ესაა სოფელი დასავლეთის საქართველოში, სადაც, როგორც ყველა სხვა სოფლისა, ყველა ყველას იცნობს და ნდობითაც მეტად იციან, ვისაც უნდა ენდონ და დამატებით გეტყოდით კიდევ იმასაც, რომე ლაპარტყავების ბავშვმა არც იცის ჟანდარმერიაა რაა, წერაც არ იცის და კითხვაც და ეს არ ცოდნა კიდევ ცნობილი ყოფილა სოფლის პოლიციის კაპიტნისთვისაც და ეს ამბავიც მალევე გამოუყოლებია, რადგანაც კვირა დღეა და როგორც წინათ ვახსენეთ და თქვენც დამეთანხმეთ, ვიმედოვნებ, კვირა დასვენებისთვისაა და აი, ლეიტენანტი ხუტაც მისცემია დიდს დასვენებას, ხვრინვას ნელ ტემპში და მშვიდი სიზმრების ხილვას და აღარ ყოფილა სამსახურში.

ტკბილია დასვენების დღე, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს დღე უკვე თვეებია შენის მძიმე რუტინისგან გამომდინარეობით არ დამდგარა, მაგრამ მწარეა კაპიტნის საყვედური და გადაკრული სიტყვა, სხვა რა გზაა? წამოდგება ხუტა და მიაშურებს თავის საქმეს, აი, ასეც შვება, არც იწუწუნებს, დედა გადის ოთახიდან თუარა, დგება და გვერდზე დაწყობილ ტანსაცმელს იცმევს, ფეხსაცმელში ფეხებს გაუყრის, წვერიდან გამოწყიტულ ცერა თითს ბრაზით შეხედავს, ცერა თითიც ვინძლო ბრაზით უყურებდეს. სარკეში გაიხედება, თმას გაისწორებს, ახლა კიდევ გარეთ გავა, ეზოს უკან გაუყვება ჩეჩმასთან მისასვლელად, ბუნებრივ მოთხოვნილებებს ბოლოს მოუღებს, მერე აქეთ გამოსული წყალსაც გადაივლებს გახურებულს თავზე და უჭმელი გზას გაუდგება და იფიქრებს, რა ჯანდაბად გაახსენდათ ეს სოფელი? თანაც ვის! რუსეთის მეფის ჟანდარმერიას! თანაც რისთვის? რისთვის და რისთვის უნდა მოქმედებდეს ჟანდარმერია? მშრომელი კაცის დაჩაგვრისთვის! აგერ, ხუტაც ხომ გვეყოფა? მოაბიჯებს ახალგაღვიძებული, დადარდიანებული, რომ ძილიც ასე გაუგრძელდა მუქთახორასავით და შეფიქრიანებული ამ ახალ ამბავზედ. აი, წამში უნდა გავიდეს ეზოდან ისე უკნიდან დედის ხმა ესმის. გაიხედავს და უკან მოსდევს, ხელში თეთრ ნაჭერში გახვეული დაუჭირავს.

ერთი ლუკმაც არ გადაგსვლია, ბიჭო, კუჭში. ჭად დო ყვალ რე, ოჭკომუნს მაქ… ვა ოფე სკან საშველ, ნანა.

ქალი თეთრ ნაჭერშიდგახვეულს აწვდის, ვეჭვობ, ჩემის მეგრულის ცოდნით, საჭმელს უნდა ატანდეს, მჭადსა და ყველს. ხუტა ხელს მოკიდებს და ცხელია მეტად, ამ სიცხეში კი რთულია სატარებლათ.

პაკუშო ხოლო რე, დანძალ, ვარწყექო ქოჩს ვა გ, ნანა?!

ახლა კი უმცროს ლეიტენანტ პაკუზე უნდა იქნებოდეს საუბარი, რომელიც რომე განყოფილებაში ელოდება ლეიტენანტს ხუტას და რომელსაც მალევე გადავეყრებით. ხუტა თავს უქნევს მხოლოთ, ხმის ამოღების იშტაზეც ვერღარაა და გადის ეზოდან, ჭიშკრის გადაბმის შემდეგ.

სოფლის პოლიციისთვის ჯერ არ გამოუყვიათ შესაბამისი ტრანსპორტი, გლეხიკაცისთვის რაა უკეთესი ტრანსპორტი, თუარა ერთი კარგად გახედნილი ცხენი. კარგად გახედნილიც არაა საჭირო, იყოს ისეთი, რომელიც ერთის ადგილიდან მეორეშიდ გადაგიყვანს და რაღა დასამალია და ჰყავდა ერთხელაც ასეთი ცხენი ლეიტენანტ ხუტას, სახელად სკვინჩა, ყავდა და შეაბამდა თავის ტაჭკაზედ და მიდი-მოდიოდა მისით თავის საქმეებზედ, აბა, ის ისეთი გახედნილი არ იყო, რომე მასზედ შემომჯდარიყავი და გაგეჭენებინა, ვიქნები პირდაპირი და, ყანის მოსახნავადაც ჭირდებოდა ხუტას ეს ცხენი, ვეჭვობ, სოფლის მარულაზედ მისით გასულიყო, მაგრამ ერთხელაც მოვიდა ის დღეც, უნდა გაეყიდა. მევახშის ხელშით ჩავარდნილა მისი ოჯახი,

ვალს გასტუმრება უნდა!

ასეთი კატეგორიულობით გამოირჩევა მევახშის სიტყვა, ისეთით, რომელსაც ცივი ქარი ჩამოჰქროლებს და ძვლებს გაგიყინავს, მაგრამ ეს ვალიც იმატებს და იმატებს თვეობით,

ვალს კი გასტუმრება უნდა!

ოჯახს კიდევ საჭმელი და ამიტომაც სხვა რა უნდა გაყიდონ, თუ არა სკვინჩა! თეთრს ვერ იტყოდი სკვინჩაზედ, ის იყო ნაცრისფერი ლაქებით შერეული ცხენი, არა ნამდვილი თოხარიკი, არამედ ჩვეულებრივი სოფლის ცხენი, როგორაც ვახსენე, ყანის ხვნისთვის გამოსადეგი, მაგრამ იყო დრო, როცა ხუტა იყო ახალბედა, იმ ასაკისა, როცა სისხლი უდუღს ადამიანს და აწვება ისეთი გრძნობები, რომლებიც უცნაურ საქმეს გაკეთებინებს ხოლმე და იყო დრო ყმაწვილობისა, როცა სკვინჩაც კარგად გამოსადეგი იყო და მისით აოცებდა ხოლმე ხუტა თანატოლ გოგოებს. მაგრამ

ახლა სხვა დროა!

 

 

1 2 3 4 5