დედაჩემიც სულ მაგაზე მიწყრებოდა ცხონებული

რაცხას რო დადობ საცხა, ხელათ გავიწყდებაო.

ახლა თქვენთან რა სათქმელია და ჩემი პატარა და დამჩა ერთხელ სახში, დავდევი საცხა, წამოვაწვენ, დაიძნებსთქვა ვიფიქრე და მერე რო გამევედი, ქე დამჩა, აგიც ჩუმი იყო სუ, ხმას არ ამეიღებდა, ერთს ცრემლს არ გადმოაგდებდა.

ბოდიში, რაცხა შეგაწყინეთ თავი ჩემი ლაქლაქით, ვერ ვარ ამ მატარებლით მგზავრობას შეჩვეული და თუ არ ვილაპარაკე და არ გადევიტანე რაცხაზე ყურადღება, მიწუხდება გული ხელათ.

აი, მატარებელზე კი მართალს ამბობდა ქალბატონი, რთული იყო, ტფილისი-ფოთის მატარებლით მგზავრობისას გული არ შეგწუხებოდა, უფრო მეტიც და, წყენაც იცოდა ხშირად შეუჩვეველმა მატარებლით მგზავრობამ და ჯაყჯაყმა, ანუ როგორც იტყვიან, გულისრევა, მაგრამ ეკატერინე დოლიძე, რომელი სახელითაც გაეცნო ის ჩვენს პერსონაჟს, მიუხედავად იმისა, რო დიდის არსიტოკრატიულობითა და ცისფერი სისხლით არ გამოირჩეოდა, მაინც იცოდა წესები, რომელსაც ახლა ეთიკას ეძახიან და ესმოდა ისიც, რომე ხალხის აზრით, ქალბატონმა, რომლსაც მანდილი აქვს თავზედ და კაბა აცვია, არ უნდა თქვას ნამეტანი იმნაირი ამბები თავის თავზედ, რომელიც კაცს მეტად პირადს, ანუ როგორც იტყვიან ახლანდელი ფილოსოფოსები, ინტიმურს გააგებინებს შენზედ, არც ზედმეტი ლაპარაკია ქალისგან მოსაწონი და აი, ამას კი ვერაფერი მოუხერხა ეკატერინემ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სულ ფეხზედ ეკიდა ეს თქვენი წესდებები და ეთიკები, მაინც იძულებული იყო, ამ ყველაფერს მორგებოდა და თავი ზრდილ მანდილოსნად ეჩვენებინა, მარამ საუბარს კი, როგორც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, არ დამზარდება, ბევრ საუბარს ვერაფერს უხერხებდა ქალბატონი და რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რაც პირს არ აჩერებინებდა თითქმის და მთელი გზის განმავლობაში, ეს ჯერ კიდევ იყო ამოუცნობი და ჯერ კიდევ დაუდასტურებელი, ამიტომაც ლიანდაგს მივყვეთ, მატარებლის ჩაქ-ჩაქს ყური დავუგდოთ, ერთისმხრივ, რომ ვისიამოვნებთ ინდუსტრიის მუზიკითა და მეორეს მხრიდან კიდევ, იქნებ რამე აღმოხდეს ამ რკინის არსებას, გამორიცხული, როგორც იტყვიან, ან თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი, არაფერია და ჩვენც ნუ დავატანთ ძალას, ასე აჯობებს.

თქვენ სადაური ბრძანდებით, ჩემო ბატონო?

კაცი თითქოსდა უარს ამბობს პასუხზედო, ხმას არ იღებს, მაგრამ მანდილოსანთან გაჩუმებაც არ ივარგებს, ამიტომ:

ფოთელი.

გამოდის სახში ბრუნდებით?

თავს აქნევს.

მერე რა ჯობია მაგას? მე კიდო ოზურგეთელი გახლავართ, მამაჩემმა გამომიშვა ტფილისს მშვიდობიანობის გულიზა და…

ფოთში რა საქმე გაქვთ?

მოსხლტა ეს სიტყვები, მოულოდნელად ეცა ქალს.

ფოთში რა საქმე მაქვს და ნათლია მყავს იქანე გლახათ და ვერაფრით გავჩერდებოდი აქეთ, მაი რო მივლიდა და მეფერებოდა ისე, ჩემებისგან არ მიგრძნია მაგდენი და ვერ გავჩერდებოდი.

ქალი აქ ჩერდება, არ აგრძელებს საუბარს და ამ ლაქლაქსაც ბოლო მოეღოო, შეიძლება ითქვას, ხმას არცერთი იღებს და მატარებლის ჩაქ-ჩაქი დაძვრება მათშორის, რაღა დასამალია და, ასეთ დროს ყველაზე უხერხულია სიჩუმე, მიზეზებისდა გამოისობით სმენას ამძიმებს მეტად, ამიტომ ჩაქ-ჩაქი და რიკინების ხრიგინი მოსწრებაა, ზედ გამოჭრილი ამ წამებისთვის, უკეთეს ვერც ინატრებდი. ამასობაში ვითომდა დათიკო პერტაია თუთუნს იღებს გულის ჯიბიდან, თან მოხეული გაზეთის ქაღალდი ამოაქვს და თუთუნს ზედ ყრის, ქალი წამით დახედავს ქაღალდს, რომელსაც რომე დიდის ასოებით აწერია ზედ, სამი ასო მხოლოთ: „ბრძ“ და დანარჩენი ასოები კი ნაგავს ან წინა პაპიროსს თან ფერფლად წაუყოლებია. კაცი აწ უკვე გახვეულ პაპიროსს უკიდებს, ერთს კარგად მოქაჩავს და სკამიდან წამოდგომას დააპირებს, ისე მატარებელი სწრაფადვე ჩერდება.

გარეთ არც სადგურია და არც სხვა რამ, რომ თითქოსდა გაეჩერებინოს მემანქანეს ახალი მგზავრების ასაკრეფლად, არა, აქ არის მხოლოდ ტრიალი მინდორი და პირველ ვაგონთან კი მოჩანს ერთი, ვორი თუ სამი პოლიციელი, ზოგი ამბობდა ვორიო, მე მაინც სამი მგონიან და მალევე ამოდიან ვაგონებში, თან ხალხს აკვირდებიან და თან ხელზე დადებულს ფურცელს, რომელზედაც ვერაფრის დიდებით გამოვრიცხავ, რომე სურათი არ იყოს იმ ადამიანისა, რომელსაც ასეთი დიდის დაკვირვებით ეძებს ჩვენი საყვერლი პოლიცია. ისინი ნელნელა მოდიან და ჩვენს ახალ გაცნობილს წყვილს უახლოვდებიან.

აი, აქვე არიან, უკვე მათ წინ დგანან და ამ დროს ცრუ დათიკო პერტაიამ წელის მხარეს ხელდადებულ მაუზერს უნდა მისცეს თავისი საქმე, რომე პოლიციელი ქალისკენ ხელს იშვერს და

გავს ხომ?

მეორე კი იმწამსვე პასუხობს

მეტი რომ არ შეიძლება მასე, პატენ.

ცრუ დათიკო მაუზერს ხელს უშვებს, ქალი ორ პოლიციელს გამოყავს და ხელებს უბორკავენ, ვაგონიდან უნდა ჩაიყვანონ, ცრუ დათიკო წამით გაიხედავს მისკენ და ქალის სახეს დაინახავს, რომელსაც მხოლოდ ცალი ტუჩის მხარე აწეული აქვს და თითქოსდა იღიმის მწარედ, მწარედ თუ დიდის ირონიულობითო, ამას ვეღარა დავაზუსტებ, მაგრამ ასე უთქვამთ, რომე დაპატიმრებული ქალბატონი ცალის ტუჩით იღიმოდაო.

თითქოსდა სუნთქვა შეკრული იყოო, ამოისუნთქავს წამით და გაახსენდება, არ გავდა ეს ქალი გურულს, არც კილო მიუგავდა ოზურგეთელისას, ვითომდა სხვადასხვას რომ ურევდა ერთმანეთს, მაგრამ ვინ იყო ეს ქალი, საიდან მოხვდა ამ მატარებელში ან რაღა უნდოდა, ამ ეჭვს დაუდია ბინა აპრილის იმ ცხელ დღეს ცრუ დათიკო პერტაიას თავში, რომელსაც სახელად უტა ერქვა და გვარად კი დადიან, თავადისშვილის გვარისა ყოფილიყო, მაგრამ წლები იყო გასული, რაც მოეძულებინა თავისი კერა და საგვარეულოც და თავის გონების იმ მიუვალ კუთხეებში გადესროლა ეს ყველაფერი.

 

 

 

1 2 3 4 5