(ფრაგმენტი რომანიდან)

 

I

მატარებელი ზესტაფონი-ჭიათურა

ვისაც უმგზავრია ამ ახალის ტრანსპორტით, რომელსაც მატარებლის სახელით მოიხმობენ და რომელიც არაა პატარა ხანი, რაც შემოსულა ჩვენში, მაგრამ იტყვიან გლეხ-კაცისთვის მხოლოდ ახლა გახდა მისით მგზავრობა შესაძლებელიო, დამერწმუნება და უარს არ მეტყვის, რომე ეს საათები არის მეტად დამღლელი და დამქანცველი და ზოგიერთისთვის კიდევ თავის ამტკივებელიც, რადგანაც ადამიანის სხეულს უჭირს სულ ზევით-ქვევით ჯაყ-ჯაყი და თან ერთ ადგილზედ საათობით ყოფნა, განსაკუთრებით კი ჩვენს მგზავრობაზედ, სადაც აპრილის მიწურულია და სიცხე კი ძალიანაც წვება ვაგონში და ჩახუთულობა კიდევ მხარს უბამს და არიან აქვე გაწოლილები.

იქნებ მარაო გაიქნიოს სიცხისგან შეწუხებულმა მგზავრმა, იქნება და ცივი ლაღიძის წყალი მოსვას, კოჭლი პრავადნიკისგან მორთმეული, მაგრამ ეს ვაგონი არაა ის ვაგონი, იმნაირი ხალხი რო დადის, ეს ვაგონი არის უბრალო ვაგონი, გავსებული უბრალო ხალხითა და არაუბრალო და საოცარი ამბებით, რომლებსაც სხვა რაღა დარჩენიათ და დაბორიალობენ ამ ოთხ კედელშიდ გამომწყვდეულნი, თან დაყვებიან მგზავრებს და დროს როგორც კი იხელთებენ, ხელათ გაამხელენ საკუთარ თავებს, სხვა რაღა დარჩენიათ, ამბავი იმისაა, რომე გაიმხილოს, ამბავი მარტოდ ბოდიალის არაა.

რა ლამაზია, ქალი ფანჯრის მხარეს ზის, გარეთ იხედება და მის გვერდით მჯდომი უცნობი მამაკაცისგან არავითარ პასუხს რომ არ მიიღებს, განაგრძობს, ცხელი ზაფხული იქნება, ნაადრევად მოვიდა მაისი ამ წელს, რაცხა ცხელი ზაფხული იქნება.

კი, ნამეტანი, სიტყვებს გადმოაგდებს კაცი.

დედაბუნება რაფრად იხატება და ლამაზდება, ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა, სიჩუმე წამით და მერე მობრუნდება, რომელმა პოეტმა თქვა?

ვინმე იტყოდა.

კი, მაი მართალია, მე არ მახსოვს უბრალოთ, მახსოვრობა მაქვს გლახა, შემდეგ ჩერდება და კაცისკენ იხედება, ეკატერინე გახლავართ დოლიძე.

კაცი ჩერდება და მერე მალევე,

დათიკო პერტაია.

და ეს იყო მეორე მცდარი სიტყვა, რაც ამ დიალოგში თქმულა და პირველი კიდევ რომ მოგახსენოთ და თქვენც რომ არ გამიძალიანდეთ: აბა, პირველი რომელი იყო და არიქა და როგორ არ თქვიო, გეტყვით და ეს პირველი ის იყო ქალბატონმა რომ თქვა, რომე ზაფხული იქნება ცხელი ამ წელსო და მამაკაცმაც რომ დაუდასტურა კი, ნამეტანიო, რადგანაც იმ წელს არანაირი ცხელი ზაფხული და თან ნამეტანი ცხელი არ ყოფილა, იყო თბილი, წყნარი და აუღელვებელი დღეები, როგორიცაა ნოღელას პირი საღამოჟამს, მარა ნოღელამ იცის აბობოქრება გაზაფხულზედ, წყალუხვიანობისას და მასე აბობქრდა ეგ ზაფხულიც, მარა არა ამინდის მიზეზებიდან გამომდინარეობით, არამედ სულიერათ, რადგანაც ყოველ დღეს თავისი სული უბოძა გამჩენმა და მაგის მერე ხან ბობქრობენ, ხანაც ჩადგებიან დიდის სიმშვიდით, ხან თავს უბედურებას დაგვატეხენ, ხანაც სახეზე ღიმილს შეგვარჩენენ, მომავალ უბედურებამდე და რომ არ გაგვგრძელდე და სალტოები არ ვაკეთო აქ თქვენს წინ ამხელმა კაცმა, მოკლედ  გეტყვით, რომე ეს დიალოგი მიდიოდა, როგორც თავშია აღნიშნული, არა ზესტაფონი-ჭიათურის მატარებელში, არამედ ეს მატარებელი მოდიოდა ჩვენის დედაქალაქიდან, რომელსაც ეწოდა ტფილისი და რომელიც ჩადიოდა ქალაქში, სახელად ფოთი, სადაც ზღვა ღელავდა მეტად წვიმიანი ამინდებისა გამოისობით და მის პორტს კი უნდა სწვეოდა გემი, სახელად „სირიუსი“, და ეს სირიუსი კი იქნებოდა, როგორც იტყოდნენ იქაური რევალუციონერები, განთავისუფლების და თვითმპყრობელობის დამხობის დამწყები. სხვა მხრივ კი რომ ვთქვათ, ეს გემი მოდიოდა ქალაქიდან, სახელად ამსტელ დამი, და შიგ იყო ის, რაც ასე ანერვიულებდა და თან ახარებდა ჩვენს პერსონაჟს, რომელიც დათიკო პერტაიად გაეცნო მანდილოსანს, სინამდვილეში კი მან სიცრუე მოიხმო და წამიერად რაც პირზეც მოადგა, ის სახელი და გვარი უბოძა ქალბატონს, სინამდვილეში კი (როგორია კაცის ფსიხოლოგია და გონების მიუვალი აბლაბუდები?!) ეს პირზე მომდგარი სახელ-გვარი ეკუთვნოდა არა თავად მას, რა თქმა უნდა, როგორც ეს გითხარით, არამედ მის ძუძუმტეს, რომელიც ერთხელ უსამართლო ბრძოლაში შეიწირეს თავადიშვილებმა და მისი სხეული კიდევ ცხენისწყალს მიანდეს, დათიკო პერტაია, ჯერ კიდევ უწვერული ბიჭი, ვისი სახელიც წამიერად პირზედ მოადგა და რომელმაც, იცრუა, როგორც მე ვიცრუე, რომე თითქოსდა ზეტაფონი-ჭიათურის ყოფილიყოს ეს მატარებელი, რადგანაც ჟანდარმერია ახლაც გვერჩი დამსდევს და, ვინ იცის, იქნებ ამ სიტყვებსაც მიაგნონ, მოდი, მე ისე გავშინაურდები თქვენთან, ვითომდა თქვენი ოჯახის წევრი ვიყო და გეტყვით, ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა იმ დღეს ამ მატარებელში ტფილისი-ფოთისას, თქვენს გარდა, რა საკვირველია და ვინძლო არ იყვიროს ჩემმა სიტყვებმა და ნიშანი არ მისცეს ამ მხეცებს, ამიტომაც ჯერ ვერ გავამხელ ამ კაცის სახელს, ჯერ კარგად ჩავყვები, რადგანაც ჟანდარმერია მეტად უწიგნურია და ამ წინადადებების წაკითხვაც, ვეჭვობ, შეძლონ ან გაიაზრონ, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ჩვენც ძალით ნუ გავუყრით მახათს შიგ შუბლში, ვაცადოთ და თავადვე ამოთქვამს ეს ამბავი მის სახელს და გვარს, ყველაფერს დრო სჭირია და დროსაც სჭირია რაღაც, და რა ეგ კიდევ სხვა საკითხია, რაზეც მე კრინტს არ დავძრავ, ფილოსოფოსებისთვის და მესაათებისთვის მიმინდვია.

 

 

 

1 2 3 4 5