– ზუგდიდელი ხარ ?
მანქანა მოწყვეტით გააჩერა და შემომხედა. ან გასცინებოდა, ან გზა გაეგრძელებინა ჩვეულებრივად, და ეთქვა – კი, ან – არა. როგორ მიხვდი, ან საიდან მოიტანე. მაგრამ მანქანა მოწყვეტით წააჩერა და შემომხედა. უკიდეგანო ზიზღი ჩაუდგა თვალებში და გამოჟონა სქელშუშა ოპტიკური სათვალის გამოღმაც. ეგ იყო. ეგ ბოზიშვილი. დორას სახესთან დახრილი სახე. და ამანაც მიცნო. არადა ვიზუალური კავშირი, უბრალოდ, არ არსებობს, ახლანდელ ევას და თერთმეტი წლის წინანდელ ევას შორის. არაა შანსი. შეიძლება, ესეც რაღაც უჩინარ დეტალს, რაიმე საერთოს წამოედო ჩემს მაშინდელ და ახლანდელ, გაქვავებულ გამომეტყველებაში… ტაქსისტობიდან ფირმის უფროსობამდე რა გზა უნდა გაევლო ამ სიფათს, ღმერთებო. რა ეჩათლახა, რა ეპროჭა. გაქრა დრო და ვიჯექით ეგრე კუს ტბის ტყეში, ვიწრო გზაზე გაჩერებულ მანქანაში, გოთი თინეიჯერი და მოძალადე მძღოლი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი მომიკლა. უეჭველი, თვითონაც არ იცოდა. ალბათ ეგონა რო ის და მისი ძმაკაცი, უბრალოდ, ორ თბილისელ წაკლასთან გაერთნენ და მორჩა კინო. ვიჯექით და ერთმანეთს ჩუმად ვუყურებდით.
სულ გადამავიწყდა იარაღი. არც გამხსენებია ჩანთა. არ გამხსენებია მისი მკვლელობის არცერთი ის ვერსია, მილიონჯერ რო მქონდა უკვე გადახარშული ტვინში. დამღალა თავზარმა. მოვეშვი. მოვდუნდი. აგერ, გვერდით მიზის დორას მკვლელი, მაგრამ რა, მერე? რა ვუყო ახლა ამას… ვესროლო? და სისხლის გახსენებაზე ისეთი სპაზმა მეწყება, თითქოს რამდენიმე, ამის ჯურის და ჯილაგის ტიპი სულ უბრალოდ, წყლის დალევასავით იოლად არ მყავდეს დახვრეტილი ფეხებში. ვერც ეს ჩემისა წარმოიდგენს ამას. და არც ის მოელანდება, ბრაუნინგი რო მიგდია ბევრი წელია ჩანთაში, სწორედ ამ ახვრის დასაბრედად.
ამასობაში ისიც მოერია თავს, ძველებური, სოლიდურ-ბიძური იერი დაიბრუნა, სიგარეტს მოუკიდა და ამბობს:
– რა ვქნათ აბა ახლა ჩვენ ?
ხმას არ ვიღებ. ფანჯარაში ვიყურები.
– რა ვქნათ-თქო, გეკითხები. გვაწყობს ახლა მე და შენ წარსულის ქექვა? რამდენი დრო გავიდა…
ხმას არ ვიღებ. ფანჯარაში ვიყურები.
– იმუშავებ ჩემთან. არაფერს გაგიჭირვებ. ყველაფერი გექნება…
ხმას არ ვიღებ, ფანჯარაში ვიყურები.
გადახდილი ბინის ქირა. სავსე მაცივარი. წყნარი ცხოვრება.
მორჩი სროლას, ევა. ხურუშიან მძღოლებზე მონადირევ.
ახლა ცხოვრების,
ახლა ბოზობის დროა.
– მოკლედ, შევთანხმდით, ხომ ? – შევხედე და მიღიმის. ზიზღი ჯერ ისევ შემორჩენია თვალებში. უსექსო ახალგაზრდობის ავი, ჟინიანი მზერა…
არც ახლა ამომიღია ხმა. უბრალოდ, არ ვიცი რა ვთქვა.
მანქანა დაქოქა და უცებ, სასხვათაშორისოდ ამბობს:
– ის, მეორე სადღაა ? შენი დაქალი. მოვაწყობდით მაგასაც სადმე.
ის იყო დაძრა მანქანა და ამოვიღე ჩანთითან ბრაუნინგი, საფეთქელზე მივადე და გავისროლე.
* * *
ნახევარი საათის შემდეგ ვაკის პარკთან გავაჩერე ტაქსი. გვიან ღამით კი ვიჯექი ბათუმის პლაჟის კენჭებზე, წყალში არეკლილ ქალაქის შუქებს ვათვალიერებდი და ველოდი.
ველოდი პოლიციას. და სადღაც, გულში მბჟუტავი იმედით ველოდი დილას, როდესაც ჩემი დაიკოს – ალინას ყოვლისშემძლე თურქი, კუნთებიანი მტრედი გადმოლახავდა სარფის საბაჟოს და წამიყვანდა დასთან. ამ დროს გამახსენდა ჩანთა და იარაღი. ჩემი მილიონი გეგმიდან ყოველის მიხედვით, იარაღს და გასროლილ ჰილზას მკვლელობის შემდეგ სწრაფად ვიშორებ თავიდან და ვმალავ, ეს კიდევ წამომყოლია თბილისიდან, არც გამხსენებია. იარაღი ჩანთიდან ამოვიღე და შორს გადავისროლე ზღვაში.
შენ უკვე მორჩი.
შენ უკვე მორჩი სროლას, ევა,
ხურუშიან მძღოლებზე მონადირევ.
ახლა ცხოვრების დროა.
ეჰ, დორა..
2021 წ.
