*   *   *

 

ლიბერთი სქვერზე ჩემს შეშინებულ პიეროს დავემშვიდობე და ტაქსის კარები გავიჯახუნე. ცოტა გავიარე და შენობაში შევედი. დიდ სარკეში ჩავიხედე. ლიფი შევისწორე. ძუძუები წამოვწიე. შემოვტრიალდი და ისე ჩავიხედე. მერე ჩანთა გავხსენი. ახალნასროლი იარაღის, დამწვარი დენთის სუნი ამოვარდა და იმ ქალს გავხედე. მდივანს თუ ჯანდაბას. მობაილს ჩაჰყურებს, არც გამოუხედია აქეთ. პომადა ამოვიღე და ტუჩებზე წავისვი, კარისკენ დავაწექი და დავაკაკუნე.

– შებრძანდით, გელოდებათ! – მდივანი ამბობს.

შევედი. მაგიდასთან ვიღაც ძიაკაცი ზის და ლეპტოპის ეკრანს ალივერებს.

– გამარჯობა!

– აჰ, გაგიმარჯოს! – ძიაკაცმა ლეპტოპს თვალი მოაშორა და შემომხედა. შემომხედა და დახურა ლეპტოპი ეგრევე. თავზე ხელი გადაისვა. კეთილი და პატიოსანი. ყველაფერი კარგადაა.

– დაბრძანდით! – მაგიდასთან, სავარძელზე მითითებს. დავბრძანდი და ფეხი ფეხზე გადავიდე. ძიაკაცმა ფურცელი გააძრო, უცებ გადაათვალიერა და მომაწოდა:

– თქვენი სივია, თუ არ ვცდები ?

ფურცელს დავხედე. – კი, ჩემია.

– ძალიან კარგი, – ამბობს და ზედ ძუძუებზე მიყურებს, – ყავა ხომ არ გნებავთ ?

– არა, იყოს, მადლობა. – პირდაპირ თვალებში ვუყურებ. – მოკლედ, მიმიღებთ სამსახურში თუ არ მიმიღებთ ?

გაეცინა და წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა. ძუძუებს გაეშვა და ახლა ბაყვებზე მაშტერდება. გუდ. ვერი გუდ. ყველაფერი კარგადაა.

ბოლოს, ოთახში სეირნობას მორჩა და თავზე დამადგა:

– გასაუბრებაზე ერთი საათით რომ დაგაგვიანდათ, თუ იცით ? – ამბობს მკაცრად.

– საცობში გავიჭედე, მომიტევეთ, თუ შეიძლება, –  მამა აბრამის თუ ჯემალის თვალებით ავყურებ.

– კეეთილი, კეეთილი, – და უცებ ცხვირს წევს ძაღლივით: – რა სუნია? კიდევ ასფალტს აგებენ ეს უხეიროები, – თან ფანჯარასთან მიდის და ქუჩას ალივერებს.   ამ ხნის კაცი თუ დენთის სუნში ვერ ერკვევა, ოთხმოცდაათიანების ჯორჯიან-ეპოქ გამოვლილი, ესა ყოფილა სირი. ან ნაემიგრანტალი.

– ისე, მეტროს და გუდრონის სუნი მიყვარს ბავშვობიდან, – თქვა რატომღაც.

– მეც მიყვარს. – ვუღიმი. არადა ვერ ვიტან კუპრის სუნს. კუპრი ჯოჯოხეთშიც მეყოფა.

ვსიო. აყვანილი ვარ სამსახურში. ბინის ქირა გადახდილია. მაცივარი სავსეა. პარასკევი საღამოები დამხობილია თავზე ბარებში. მდმა და გრამი ჰაშიში კვირაში ერთხელ შეძენილ არს. დორას საფლავზე მარმარილოს გალავანი შემოვლებულია. ციგანი ბოვშების პეშვებში ოხრად ხურდაა ჩაყრილი. ყველა მაღაზიის ნისია გასტუმრებულია. მუშაობას ვიწყებ, ამის დედაც. ბაყვებზე კაბას ოდნავ მაღლა ვიწევ შეუმჩნევლად.

ამ დროს ძიაკაცმა საათს დახედა: – უკვე ექვსი ყოფილა. წამოდით, სახლამდე მიგაცილებთ… – აქ ცოტახანს შეჩერდა, ყურადღებით შემათვალიერა და მერე გაუბედავად ამბობს:

– გზად სადმე ხომ არ შევიაროთ, ჰა? უფრო უკეთ გავიცნობდი ახალ თანამშრომელს.

– რატომაც არა! – სავარძლიდან ვდგები. – გავიაროთ, გამოვიაროთ.

თვალები გაუბრწყინდა ეგრევე. ხო ვიცი რასაც ფიქრობს. ხო ვიცი, როგორ აუდგა შარვალში თავისი მოკლე ჭუჭუა.

მაგრამ, დაე. მე სროლას მოვრჩი.

მდივანს გავუარეთ და გარეთ გავედით. გასაღები გააძრო და მაგარმა მანქანამ ატეხა წიკვინი.

დემონსტრაციულად გამიღო უკანა კარი: – დაბრძანდით!

ეს გალანტური ბებრუხანები არ გაიშვნენ, საყვარლები.

– წინ ჯდომა მიყვარს! – ვუღიმი და წინა კარს ვაღებ.

მივდივართ.

– კუს ტბაზე ვიცი ერთი კარგი კაფე! – ამბობს.

კუს ტბაზე. კუს ტბაზე. ფანჯარაში ვიყურები, შეკავებული სიცილი რო არ შემამჩნიოს. რა ევასებათ ეს კუს ტბა.  ცენტრელი მძღოლები ძირითადად კუს ტბისკენ მიმათრევენ ხოლმე, გარეუბნელები კი თბილისის ზღვაზე. ერთხელ მომიწია მარტო გლდანში, და არც ვიცოდი მანდ თუ ტბა იყო. ჭუჭყიანი, ნაგვით სავსე ტბორის ნაპირას ვახოხე მუხლებზე ვიღაც პიჟონი ტაქსისტი, მაგრამ თითქმის ბავშვი იყო და შემეცოდა, აღარ ვესროლე. იარაღის დანახვაზე ისედაც გაჭაღარავდა ლამის და დაპანიკებული ღრიალებდა: ეგრე რატომ იფიქრე, ცოლობა მინდოდა მეთხოვაო, პატიოსანი  ბიჭი ვარო. ძლივს გავაჩუმე. მოკლედ.

ხელჩანთას ვეფერები, სადაც ბრაუნინგი დევს.

მაგრამ შენ სროლას მორჩი.

მაგრამ შენ სროლას მორჩი, ევა, ხურუშიან მძღოლებზე მონადირევ.

ახლა ბოზობის,

ახლა ცხოვრების დროა.

მაგრამ, დორა?  ჩემი დორა…

და უცებ გახსნა.

აქამდეც  მილიონჯერ მიფიქრია. ღამე არ ყოფილა  დორა არ გამხსენებოდა. მაგრამ დრო გადიოდა და ის დამპალი დღე სიმძაფრეს კარგავდა ნელნელა. შურისძიების ისტერიულ სურვილს თანდათან მშვიდი და სტაბილური, მექანიკური ინერცია ენაცვლებოდა – რო რაიმე უნდა  მოვიმოქმედო. ვინმე უნდა დავსაჯო; არ შეიძლება, ვერ დავუშვებ, ასე, უბრალოდ, ვიღაც ნაძირლის გამო მომიკვდეს ძვირფასი ადამიანი და ამის შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება… მოკლედ, მავიწყდებოდა ნელნელა ის დღე და დორა. მაგრამ ახლა, ალბათ, რაღაც ისეთი ხდებოდა, ისე ხდებოდა, მეც რო ვერ ვიაზრებდი – უცებ ნიაღვარივით მოსკდა საიდანღაც ნაწვიმარი ტყის სუნი. წამის წინანდელივით ვხედავდი ლურჯი შესტის საბარგულზე გადაკუზულ დორას, მკვდარივით გათეთრებული რო შემომყურებდა და არ იღებდა ხმას. აღარ ეწინააღმდეგებოდა და რიტმულად ირწეოდა. და ისევ დავინახე დორას თავთან  დახრილი, აწითლებული, გაუპარსავი სახე. ხურუშიანი მამრის დაღებული დორბლიანი პირი… ჟრუანტელი მივლის. არ არის შანსი. არაა შანსი. ასე არ ხდება. ასე ხდება მარტო დებილ სერიალებში. არაა-მეთქი შანსი და ალბათ მე დამეწყო შიზოფრენია.

– ჰო, ვიცი კუს ტბა, – ვამბობ. მელანდება. ხო მელანდება, ღმერთო, თუ ვინცა ხარ? ხო მელანდება მეთქი ეს დედამოტყნული!  ხომ არ შეიძლება, რო ეს იყოს ის. რო ის იყოს ეს. ის ხანიგა გაუპარსავი ტაქსისტი ბიჭი იყოს ეს დახვეწილი ძიაკაცი. ასეთი ფორმაციების არ მჯერა. ან მეგრული აქცენტი სად გააქრო. თერთმეტი წელი რა ცხოვრებით უნდა იცხოვროს კაცმა, ასე რო შეიცვალოს… ან მე ვისზე რას ვამბობ? სადღაა ევა – გოთი თინეიჯერი. რამდენჯერ ყოფილა, ჩაუვლია ძველ, კარგ ნაცნობს წარსულიდან და არც არაფერი. ხოდა, ხომ არ მელანდება-მეთქი. ისე ვეძებდი ამდენი წელი, ისე მინდოდა მეპოვა, რო ტვინმა ვეღარ გაუძლო და ალბათ ახლა, სწორედ ამ დროს და ადგილას გადაწყვიტა მოვეტყუებინე, და შეექმნა იმ ახვარი ტაქსისტის ილუზია, რო მერე, ან საერთოდ უცხო კაცი მომეკლა, ან, უბრალოდ, დამეკიდებინა – ხო ვნახე. ხო ვიპოვნე დორას მკვლელი და მორჩა. მაგრამ ამ – მთელ სხეულში გამჯდარ განგაშის შეგრძნებას რა ვუყო? თითქოს ისევ იქ ვიყო, სამეგრელოს ნაწვიმარ ტყეში… და სიჩუმე დავარღვიე. საკუთარი ხმა ჩამესმა, სადღაც, შორეული მომავლიდან, კუს ტბის გზაზე მიმავალი მანქანიდან:

 

 

 

1 2 3 4