* * *
იმ ქალაქამდე მატარებლით ჩავედით და მერე გვიწევდა ავტობუსი, სოფლამდე. სადაც მივდიოდით. სადაც მიმყავდა. სადაც ხეები იყო და სიჩუმე, სიწყნარე. დორას მაშინაც ევასებოდა სიჩუმე და სიწყნარე, როცა ადამიანს ძირითადად ხმაური და დრაივი წყურია: თინეიჯერები ვართ და დორას არ ევასება ბარები და კლუბები და უყვარს სიჩუმე და სიწყნარე. ხეები და ბალახები. სუფთა პენსიონერი. თვითონაც ჩუმია და წყნარი. მიზის წინ კუპეში და ვუყურებ. მეგობრულად არ მიყვარს. მთლიანად მიყვარს. სულით და სხეულით. წმინდანებს რო აქვთ ფრესკებზე, ისეთი თვალებით. გოთურ სუბკულტურას ვაწვებით ორივე და ისე არ გვაცვია, როგორც სხვებს აცვიათ. ვუყურებ დორას და ვიცი, რო არაკომფორტულად გრძნობს თავს მოკლე შორტებში და ბადისებრ კოლგოტში. ვიცი, რო ჩვენს გამო, ჩემ გამო გოთობს და ფეხებზე კიდია ის მუსიკა, რასაც ჩვენ ვუსმენთ და სინამდვილეში პოტენციური ბოტანია, სქელშუშა სათვალით და ნაკეცებიანი გრძელი კაბით. და ვიცი რო ესიკვდილება თავისი ბოტანობა და რაც უფრო მეტად გრძნობს, როგორ განსხვავდება ჩვენგან, ჩემგან, მით უფრო რცხვენია და ცდილობს ჩვენ, მე დამემსგავსოს. შეხედულებითაც ისეთი სიფრიფანაა, ვერ წარმოიდგენ ამ სხეულს რაიმე წინაღმდეგობის უნარი გააჩნდეს, ან, ამ მონაზვნურად დახრილი თვალების მიღმა იმალებოდეს მეამბოხე თინეიჯერული სული – არაა შანსი. ასეთია დორა და ლექსებს წერს თან.
– ნახევარ საათში ჩავალთ. – ვეუბნები და კოლას ვხსნი, რომელშიც არაყია გარეული. ვსვამ და ვაწოდებ. სვამს და იჭყანება. ბავშვივით იჭყანება და მინდა ჩავიხუტო და მოვეფერო. დედობრივ ინსტინქტს მიხსნის ეს ჩემისა. მინდა, გულში ჩავიკრა და ვუთხრა, რო ყოველთვის დავიცავ. შეიძლება, საერთოდ, ლესბი ვარ და არ ვიცი. მაგრამ ზასაობა მარტო დორასთან მსიამოვნებს და სხვა ქალთან ზასაობის წარმოდგენაზეც კი გული მერევა. ბიჭები მევასება და მასტურბაციის დროს არასოდეს ვფიქრობ ქალზე, არადა, დორას რო ვეხები ჟრუანტელი მივლის და ლესბიც ვარ ალბათ. მონოგამი ლესბი. მარტო ერთ ქალზე ვსველდები და იმ ქალს ქვია დორა.
ბავშვობაში ვარ აქ ნამყოფი რამდენიმეჯერ. ეს თუნუქის ხიდიც ისევ ისეა გადებული ბაზართან, და ქვეშ ისევ ის ყავისფერი, ჭუჭყიანი ვიწრო მდინარე მოედინება. ავტოსადგურიც აქვეა. თუნუქის ხიდზე გადაივლიდა გრუხუნით ავტობუსი, შეუყვებოდა გზებს იქით, ოკუპირებული ნაწილისკენ. სოფელიც სადღაც იქ იყო, მახსოვს. დიდი ხნის უნახავი ბებიაჩემიც იქ ცხოვრობდა. დროდადრო, ზაფხულობით, ოდნოკლასნიკზე – სად იყო მაშინ ფბ – უცნაური მესიჯები მომდიოდა, სადაც მავანი უჩიოდა სიბერეს და წელის ტკივილებს, და მეპატიჟებოდა გალში. ხშირად არა, იშვიათად მოდიოდა მესიჯი და ძლივს ვხვდებოდი, რო ბებიაჩემი აწერინებდა ნაცნობს. თან მეცინებოდა: როგორია, გწერს ვიღაც, პროფაილზე ჯანიანი ფეხბურთელის ფოტოთი, და მოთქვამს რევმატიზმებზე და კატარაქტებზე. ასი წელი არ ვარ სოფელში ფეხის ჩამდგმელი. 16 წლის თინეიჯერს ძაან არ მევასება პასტორალური გარემო. მაგრამ ეგეთი მწვანე ჰორიზონტები ევასებოდა დორას. მე თუ კლუბებში დამყავდა, დორა სულ ბოტანიკურში და მსგავს გრინ-ფისა ადგილებში მიმათრევდა ყოველთვის. ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს ვიფიქრე, მოდი ვანახებ დორას ჩემს, ტყეებში ჩაფლულ სოფელს. ერთი კვირა კი გავძლებ რამენაირად დორას ხათრით. ჯანიან ფეხბურთელს დავუმესიჯე რო, – მეთქი, მოვდივარ ბებო, დაქალი მომყავს, შენი გაკეთებული ლობიო უნდა გავასინჯო. ახლა კი ვდგავართ ზუგდიდის ბაზრობაზე, ჩემი სოფლისკენ მიმავალი ავტობუსების ყველა რეისზე დაგვაგვიანდა და ვათვალიერებთ გარს შემოჯარულ ქვეყანა ხალხს: შუა ზუგდიდის ბაზარში ორი სული გოთის – თვალებდატუშული, ჯაჭვებასხმული და ლამის მთლიანად ტატუირებული ორი თინეიჯი გოგოს გამოჩენა არაა იოლი საქმე, დებო. – სატნები ეგენი! – ვიღაც ბებერი ქალი ყვირის დახლიდან და მეთქი ახლა დაგვიშვებს, წინ რაც ულაგია, ხილს თუ რაცაა. სხვებიც მტრულად, ავად გვათვალიერებენ და მე ფეხებზე მკიდია, მაგრამ ლამის დორა ჩამადნეს ხელში სირცხვილით. ბოლოს მოგვიახლოვდა ვიღაც ბიჭი და ძაან მაგარი მეგრული აქცენტით გვეკითხება: – საით, გოგოებო, ხომ არ დაგეხმაროთ! მეც ვუხსნი ვითარებას, რო ბებოსთან მივდივართ სოფელში და ვერ ჩამოვუსწარით ავტობუსს. – არაა ეგ პრობლემა, დაიკო! – ბიჭი გვიცინის, – აგერ ტაქსი მყავს მე და აგიყვანთ უცებ, ბევრს არ გამოგართმევთ! – მეთქი – ოკ. მაგას რა ჯობია. მადლი და დიდება შენ. დამელოდეთო, – ბიჭმა, მერე მივიდა იქვე, ტაქსებთან შეჯგუფებულ როჟებთან, ალბათ მძღოლებთან, ერთი გაიყვანა ცალკე და დააყენა მეგრული სიტყვების ქარბუქი; არ მესმის, ვერ ვიგებ ვერაფერს, მაგრამ ის, მეორე, არ მომწონს. შუა ლაპარაკში გვიყურებს დროდადრო, ქვეშ-ქვეშად, ბოროტად. ალბათ ამისთვისაც სატნები ვართ და ბოზანდარები, რავიცი. ბოლოს, პირველად რო გამოგველაპარაკა, იმ ბიჭმა დაგვიძახა და შეგვიპატიჟა ნაცრისფერ „ოპელში“. ჩვენი ზურგჩანთები საბარგულში ჩაალაგა, საჭესთან დაჯდა და გავბერეთ.
შუა ტყეში, გზიდან გადავიდა, მდელოზე შეაგორა მანქანა და გვეუბნება:
– ახლა პატარა შევისვენოთ გოგოებო, სიგარეტი გავაბოლოთ და წავიდეთ ისევ!
– არ ვეწევი, – ჩუმად ამბობს დორა.
ბიჭს გაეცინა: – ხო ხართ კიმარა თბილისლები? თბილისელ გოგოებს რო მოწევა გევასებათ კი ვიცი მე! – შემდეგ „ვინსტონი“ გააძრო და დორას მიაჩეჩა: – აჰა, ნუ გიტყდებათ, თქვენი თუ არ გაქვთ, ჩემი მოწიეთ!
– არ ვეწევიო, გოგო გეუბნება და ყრუ ხარ შენ ? – ვეკითხები ბიჭს, ჩემს სიგარეტს ვიღებ და უდარდელად ვაბოლებ. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რო ვღელავ. არ მომეწონა ტყეში წაპიკნიკების იდეა. ამ დროს, მოშორებით, გზაზე გამოჩნდა ლურჯი „შესტი“. ნელა მოდიოდა. ბოლოს, გზიდან გადმოვიდა, მდელოზე შემოგორდა და მოგვიახლოვდა. კარი გაიღო და გადმოვიდა ის ტიპი, სადგურში რო გვერდით გაიყვანა ჩვენმა მძღოლმა. რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს მეგრულად და ის, მეორე, დამცინავად გვეკითხება:
– ჰა, ერთობით? – თან თავიდან ფეხებამდე მტრულად გვათვალიერებს.
ვხვდები უკვე რაც ხდება. ნერვულ კანკალს არ ვიმჩნევ და ვპასუხობ:
– ჰო, რავი, ვცდილობთ.
ახლა მთავარია ისე მოგვარდეს, რო დორა ვერ მიხვდეს ვერაფერს. დორამ არ გაიგოს არაფერი. მშვიდობიანად და წყნარად გავაგრძელოთ გზა. ვიხსენებ, რა გზით ვიშორებდი თავიდან თბილისის ბარებიდან აკიდებულ მთვრალ მასტებს. ბუნებრივად და იოლად გამომდიოდა. როგორც წესი, ერთი მეგობრული – იდი ნახუი – კმაროდა. ყველაზე ცუდ ვარიანტში, შემაგინებდნენ და მიდიოდნენ. მაგრამ ახლა ბუნებრიობა და ლაღობა არ გამოდის. აქ უცხო ვარ. აქაური არაფერი ვიცი. არავის ვიცნობ. წამით ვინანე კიდეც, უფრო ხშირად რო არ ვაკითხავდი სოფელს… არაუშავს. იცანცარებენ და დავიშლებით. ზედმეტს არაფერს გაბედავენ, – მეიმედება და თან გარშემო ვიყურები – ადამიანის, მანქანის ჭაჭანი არაა არსად. ზედიზედ ვარტყამ ნაფაზს, დორას შევყურებ და გამალებული ვფიქრობ. დორა არა. დორა უნდა გავარიდო აქაურობას. საკუთარი თავი არ მედარდება, ფეხებზე მკიდია. სიგარეტის ნამწვი მოვისროლე, მანქანისკენ წავედი და ვამბობ:
– აბა, წავედით ახლა, გველოდებიან, გვაგვიანდება უკვე!
დორაც მორჩილად გამომყვა, მაგრამ უცებ ის, მეორე, იდაყვში წვდა და იკრიჭება:
– სად გეჩქარებათ, კიმარა?
და გადამეკეტა:
– ხელი გაუშვი, შე ნაბიჭვარო, შე ხანიგა სირო შენა !
ხო გასროლილი ბომბის კონდიციაში ვარ, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რო გაშრა. წამით ხელი შეუშვა დორას და პირდაღებული მომაშტერდა, მაგრამ ერთხელ რო დავიწყე, თითქოს მომეშვა, შიშმა გამიარა და ავკივლდი ბოლო ხმაზე:
– რას მიყურებ, შე ხურუშიანო, არ მიაკარო-მეთქი მაგას შენი ბინძური ხელი!
და ამ დროს გამინათდა თვალებში. ჩვენს მძღოლს უგლეჯია მუშტი.
არაადამიანურმა ყვირილმა რო მომიყვანა გონზე, ამას, ვინც გამარტყა, უკვე თავის მანქანაზე ვყავდი გადაკუზული, კაბის შიგნით ტრუსზე მეჯაჯგურებოდა და თან ნაზად ჩამჩურჩულებდა ყურში:
– შე თბილისელო წაკლა, შენა! ახლა გამიხდით პატიოსნები?
მაგრამ ფეხებზე მეკიდა და დორასკენ ვიხედებოდი. ისე ფართხალებდა და იგრიხებოდა, ვერაფრით ვერ მოეხელთებინა იმას, მეორეს, და იგინებოდა. ბოლოს მოახერხა და წაკუზა ლურჯი შესტის საბარგულზე, თან ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, კივილი რო ჩაეხშო. ხანდახან გზისკენ აპარებდა თვალს, მაგრამ გზა შორს იყო.
ამან, პირველმა, უკვე შემიდო და მჟიმავდა. მკვდარივით გაფითრებულ დორას ვუყურებდი, კივილის ძალაც რო აღარ ჰქონდა. დორას სახესთან დახრილ, აწითლებულ სიფათს ვუყურებდი, დროდადრო თავის მეგობარს რო გადმოსძახებდა რაღაცას მხიარულად და ესეც ეპასუხებოდა, თითქოს, ყანაში მუშაობენო.
დორა. ჩემი დორა…