– გზა რო არ მეცნობა ? – ვეკითხები. ღიმილით. შიშის გარეშე.

იმიტომ, რო კაი ხანია ასეთებზე ვნადირობ და შევეჩვიე. ზოგი, ასე, ჩუმად გადადის სხვა მარშრუტზე, იმ იმედით რო ვერ შეამჩნევ, ან შეამჩნევ და მერე შენი რეაქციის მიხედვით გაგშიფრავს რას წარმოადგენ: თუ გაუჭედე, ძირითადად, ბოდიშობენ და ფრთხებიან. თუ არ გაუჭედე, მაინც ფრთხებიან, თუმცა ჯიუტად აგრძელებენ გზას სადმე მიყრუებული ჩიხისკენ ან წყლისპირისკენ, და ლაპარაკობენ გაუთავებლად რაღაც სისულელეს, ან პირიქით – საერთოდ არ იღებენ ხმას და სარკეში გითვალიერებენ მუხლებს. მაგრამ, უკანა სავარძელში ჩაჯდომა არ ღირს. არ ღირს – თუ უბრალო, ჩვეულებრივი მგზავრი არ ხარ. თუ  ჩემსავით, ხურუშიან მძღოლებზე მონადირე მდედრი ხარ, უკანა სავარძელში ჩაჯდომა არ ღირს, იმიტომ რო მძღოლთა საერთო კოდექსის, ზოგადეროვნული ტაქსო-მორალის მიხედვით, წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით დაჯდომას ძირითადად ირჩევს იოლად დასაკერი, არცთუ მძიმე ყოფაქცევის ქალი. მოკლედ, დებო, თუ ჩვეულებრივი მგზავრი არ ხარ, ახვარ კაცებზე ნადირობ  და ერთი სული გაქვს, აუცილებელი თავდაცვის მუხლით ტყვია მიაჭედო მავან ხურუშიანს, წინა, მძღოლის გვერდითა სავარძელი ძაან გამოსადეგი რამეა.

ჰოდა: – გზა რო არ მეცნობა-მეთქი? – შიშის გარეშე ვეკითხები. იმიტომ რო შევეჩვიე. იმიტომ, რო ჩანთაში ყოველთვის მიგდია ჩემი დის ნაჩუქარი პატარა ბრაუნინგი. ჯეიმს ბონდის ქალები რო კოლგოტის თავში იმაგრებენ ხოლმე, აი ეგეთი. ჩემი და თურქეთშია, და სავარაუდოდ, ბოზობს, ან შეიძლება არ ბოზობს, მაგრამ მშვენივრად ახერხებს, რასაც იქმს, რადგან ერთხელ, დილაუთენია, ვიღაც თურქი ჯეილი მომადგა სახლში, ბაფთით შეკრული ყუთი დამიდო მაგიდაზე და დამტვრეული რუსულ-ქართულით მიყვებოდა, როგორ მოხერხებულად გადმოიტანა ეს ყუთი სარფის საბაჟოზე, და სანამ მე ნახევრად მეძინა და პახმელიის ბურუსიდან ყუთს უაზროდ დავყურებდი, თურქი ახლა ჩემს დაზე მიყვებოდა და მივხვდი რო უყვარდა, ძალიან უყვარდა. სულ შენ გახსენებსო, გუშინ შენი დაბადების დღე იქაც აღვნიშნეთო, ანკარაში. ლუდი გამოვუღე და არ დალია თურქმა, დამემშვიდობა და წავიდა. მერეღა მივუბრუნდი ყუთს და შიგნით იდო დამსკი ბრაუნინგი და წერილი:  – ხო იცი რო ასე და ისეო, ხო იცი რო ისე და ასეო, და აეგრე ბურღავდა ტვინს ჩემი და ერთ ფურცელზე; ვიცი, რა ქვეყანაშიც დაგტოვე და ეს გამოგადგებაო, ბოლოში წერდა. მოგეწერა  მობზე ან ნეტში სადმე, – ვფიქრობ, – რო აღმიდგინე  ეპისტოლეების და შიკრიკა მტრედების ეპოქა. თურქი კუნთებიანი მტრედი in action. და ამიტყდა სიცილი. მერე ტირილი. მიყვარს და მენატრება ჩემი დეგენერატი და.

–  გზა რო არ მეცნობა? – ვეკითხები ღიმილით. შიშის გარეშე. არადა როგორ არ მეცნობა. მილიონჯერ მივლია ამ გზით. მაგრამ ახლა ხომ ლიბერთი სქვერზე მინდოდა მოხვედრა და არა თბილისის ზღვაზე. რა ჯანდაბა მინდოდა თბილისის ზღვაზე. მაგრამ ახლა ხომ არ ვიყავი გამოსული სანადიროდ და მივდიოდი გასაუბრებაზე ოფისში, და სულაც არ მეცვა ისე, როგორც მაცვია პროვოცირების დროს, როცა ხურუშიან მძღოლებს დავეძებ. ეს ტაქსისტიც მესიმპათიურა,  დროდადრო პიეროსავით, სევდიანად რო დამხედავს მუხლისთავებზე. მეც კაი შტერი ვარ წინ რო ჩავუხტი. არ ვაპირებდი დღეს იარაღის ტრიალს. ხოდა, დამხედავს დროდადრო პიერო და შეიძლება, სულაც არ უნდა ის, რასაც შვრება, მაგრამ ეს ქმედება აქვს ტვინის პროგრამაში უმთავრეს ბრაუზერად და რა ქნას: მოკლეკაბიანი უცხო ქალი გვერდითა სავარძელში, ფაქტობრივად, შემდგარი სქესობრივი აქტია და კიდევ ერთი საფეხური მამრულ ქვეცნობიერში;  სექსი ხომ ძალაა. ბევრი სექსი – ბევრი ძალა. დიდი ძალა. უტრაკო კაცის  ფორმულა – რაც უფრო ბევრ ქალს მოტყნავ, მით უფრო მაგარი ტიპი ხარ. მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია, სამსახურს ვეძებ და გასაუბრებაზე მივდივარ. დაველოდები რომელიმე უკაცრიელ ასახვევს და ფანჯარაში გავისვრი ჩემს ბრაუნინგს. სროლაც არ დაჭირდება ამას, მაგრამ, რაღაც, მხიარულ ხასიათზე ვარ. თან, ძალიან მიყვარს შიში მამრის სახეზე. ასე რო, გავისვრი ერთს და მერე უფასოდ გავაყვანინებ თავს ლიბერთი სქვერზე. დავაყაჩაღებ, ასე ვთქვათ. ამა ქვეყნის ფემინისტკებმა რო იცოდნენ, რამდენი მოძალადე მძღოლი მყავს გაფუჭებული ჩემი ბრაუნინგით, თუმცა სროლამ ხუთჯერ თუ ექვსჯერ მომიწია მარტო – იარაღის დანახვაზე იფუკებიან ხოლმე ეგრევე როგორც წესი, და მუხლებზე დგებიან და მავედრებენ შვილებს და შვილთაშვილებს, ოღონდ არ გავუხვრიტო შუბლი. რას ვამბობდი: ამა ქვეყნის ფემინისტკებმა რო ჩემზე იცოდნენ, ხო გახსნიდნენ ჩემი სახელობის სკვერს, ჩამდგარი ფალოსის ქანდაკებით. მაგრამ რა იციან, რო დაიარება ამ დამპალ ქვეყანაში ერთი გოგო, მოძალადე მამრებზე რო ნადირობს. და რა იციან, რო ამ დამპალ ქვეყანაში, თერთმეტი წლის წინ  დაიარებოდა მეორე გოგოც… რა იციან რო დორამ, ჩემმა დორამ, ჩემმა ბავშვობის და თინეიჯერობის განუყრელმა დაქალმა ერთი ახვარი მოძალადე ტაქსისტის გამო მთელი ყუთი ფსიქოტროპული აბები ხია და მოკვდა.

 

 

 

1 2 3 4