“ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია! აღტაცებული ვარ სიკეთით და თავაზიანობით, რაც იქ ვიხილე და რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში… საქართველოში, თითოეულ სუფრას ჰყავს… დამავიწყდა… ჰო – “თამადა”, და ეს კაცი სიტყვით გამოდის ყოველ ათ წუთში. ფეხზე დგება. მხოლოდ მასთან ერთად სვამენ. ცალკე დალევა არ შეიძლება… და იწყებს სიტყვის თქმას. ჰყვება, თუ რა კავშირია ქალის სხეულსა და მთის ფერს შორის მზის ჩასვლისას… და ამას ჰყვება, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებრად, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ, რომ ეს კაცი იმპროვიზირებს, ქმნის ერთგვარ პოეზიას დღის, სიტუაციის, თანამესუფრეების განწყობის და საუბრების მიხედვით… და ეს სავსებით ფანტასტიკურია! ქეიფობ და თან ერთგვარ პოეტურ რომანს ესწრები, რომელიც ამ ქეიფისას ვითარდება ქართული ღვინის, ხილის და უამრავი კერძის თანხლებით… და ეს კაცი ისევ დგება და ისევ ყველა უსმენს… მშვენიერია, მშვენიერი! რაღაც, პოეზიით თერაპიის მსგავსია. არაჩვეულებრივ შედარებებს აკეთებენ. ხშირი თემაა “ქალი”. ქალს უკავშირებენ უამრავ რამეს… ადიდებულ მდინარეს, რომელიც ჰგავდა ქალს, რომელსაც დაშორდნენ… და ეს არ არის მითი. ცოტათი მართლაც ასე ცხოვრობენ, ახერხებენ წონასწორობის შენარჩუნებას პოეზიასა და იმ რეალობას შორის, რომელიც იქ არის საბჭოთა სისტემის სახით. ბევრს არ მუშაობენ – გაცილებით ნაკლებს, ვიდრე აქ. გაცილებით მეტი დრო აქვთ. ცხოვრება თვალსა და ხელს შუა არ ეცლებათ… ძალიან მოვიხიბლე. დამატყვევეს!”- ამბობდა ჟაკ ბრელი (სტილი დაცულია) სატელევიზიო გადაცემა Discorama-ს 1966 წლის ვიდეოინტერვიუში (რომელშიც მომღერალი იხსენებს თავის ტურნეს სსრკ-ში), რომელსაც მის შემოქმედებაზე მუშაობისას, საფრანგეთის “ნაციონალური აუდიოვიზუალური ინსტიტუტის” (INA) საცავში გადავაწყდი და გადაცემის რეჟისორის, რაულ სანგლას და ბრელის შვილის, ფრანს ბრელის ნებართვით ვთარგმნე.

ჟაკ ბრელის სიმღერების მელოდიებს კარგად იცნობს ქართველი არაფრანკოფონი მსმენელი, თუმცა ტექსტები მხოლოდ უცხოენოვან თარგმანებში იყო მისთვის ხელმისაწვდომი ან დღემდე უცნობად რჩებოდა. ფრანგული შანსონი კი ტექსტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ოფლჩამომდინარე სახე და ფრთებივით მოფარფატე ხელები… – ასეთ ხატად შემორჩა ჟაკ ბრელი მაყურებლისა და მსმენელის ხსოვნას. სცენაზე, ბრელი ფენომენურ პერფორმანსს ქმნიდა. იგი, როგორც დრამატული მსახიობი, ისე წარმოადგენდა საკუთარი სიმღერების პერსონაჟებს. მისი გამომეტყველება და ქცევა ინსტრუმენტის თანხლებისა და ტექსტის შესაბამისი იყო. მის ხელოვნებას ჰიპნოზური ძალა ჰქონდა.

კლასიკური მუსიკის მოყვარული ჟაკი სიყმაწვილიდანვე, ყოველგვარი მუსიკალური პრაქტიკის გარეშე, ქმნიდა მელოდიებს პიანინოსა და გიტარაზე, თუმცა შანსონიეს დიდი ეპოპეა იმ მომენტიდან იწყება, როცა იგი ტალანტების აღმომჩენმა, ჟაკ კანეტიმ მიიწვია საფრანგეთის დედაქალაქში. კანეტი რის კანეტი იქნებოდა, ბრელის პოტენციალი გამოჰპარვოდა. Les Trois Baudets-ს მესაკუთრესა და Philips-ის მხატვრულ დირექტორს ტყუილად არ უწოდებენ “ფრანგული შანსონის პაპს”. ბრელამდე, სწორედ ჟაკ კანეტიმ გაუკვალა გზა სცენისკენ ჟორჟ ბრასენსს, ლეო ფერეს და ბორის ვიანს (კანეტის ქალიშვილმა, ფრანსუაზ კანეტიმ, ყალბი თავმდაბლობის გარეშე დამიდასტურა, რომ ყველა ეს ხელოვანი “მამამისის ხელში გაიზარდა” (მთ.)). ასე გამოიარა ბრელმა “პატაშუს ბარიც”, სადაც მანამდე “იშვა” ბრასენსი.

ბრელი, ხასიათების ერთგვარი მხატვარი, სახეებისა და ექსპრესიის დიდოსტატია. მისი მთავარი იარაღი გულწრფელობაა. პოეტი ირჩევს მრავალ თემას და სარკასტულად ამხელს ბურჟუა კონფორმიზმს. ცდილობს, წინამორბედებზე გულახდილი იყოს და არ ერიდება სიუხეშეთა ზედაპირზე გამოტანას. მოგვითხრობს ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებაზე, გადმოგვცემს მათ გრძნობებს, გასაჭირს, სიხარულს, შიშს, იმედებს… და ამხელს ყოველივეს, რაც ოდიოზური, იმპულსური, ბრიყვული, უსამართლო, ძალადობრივი და დამანგრეველია ადამიანის ბუნებაში.

ბრელმა თეატრშიც სცადა ბედი, დონ კიხოტის როლში – პერსონაჟისა, რომელსაც ასე ჰგავდა თვითონ.

წელს, ჟაკ ბრელის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. იგი დაკრძალულია მარკიზის კუნძულებზე, პოლ გოგენის საფლავის მახლობლად.

მთარგმნელისაგან

 

 

 

ამსტერდამი

 

ამსტერდამის პორტში

მეზღვაური მღერის

იმ განცდაზე, ხმელეთს

დაბრუნებულს რომ სდევს.

ამსტერდამის პორტში

მეზღვაურებს სძინავთ,

ვით ნაპირზე მძიმედ

ჩამოშვებულ დროშებს.

ამსტერდამის პორტში

თავს იხრჩობენ ურჩად

მეზღვაურნი ლუდში,

დრამასა და შფოთში.

ამსტერდამის პორტში,

მეზღვაურთა წყება

კვლავაც იბადება

ოკეანურ შტორმში.

 

ამსტერდამის პორტში

მეზღვაურებს შიათ,

სუფრა გაუშლიათ

უქათქათეს ჰოლში.

კბილები აქვთ ლამის

დანა-ჩანგლის მცვეთი,

ბაგირების მკვნეტი

და ჩამკბეჩი მთვარის.

თევზის სუნი ასდის

მოშიშხინე ფრიტებს,

თეფში რომ ვერ იტევს

და იყრიან მაინც.

შეჭამენ და ბოხი

ხმით ატეხენ ხარხარს,

შეიკრავენ ხვანჯარს,

წავლენ ბოყინ-ბოყინ.

 

ამსტერდამის პორტში,

მეზღვაურთა ცეკვას

ღამე ეშხში შეჰყავს,

ღამე მოჰყავს ხოშზე.

რიტმისაგან მთვრალებს,

გული როკვით უცემთ

და მუცელზე მუცლით

ეხებიან ქალებს.

და ამ ცეკვის შარმი

აკორდეონს ამკობს,

სანამ ბოლო აკორდს

არ ჩაყლაპავს ღამე.

მაშინ, წყვეტენ თამაშს,

სიამაყე ავსებთ

და იწვენენ მკლავზე

ბატავიელ ლამაზს.

 

ამსტერდამის პორტში,

მეზღვაურნი სვამენ,

სვამენ და კვლავ სვამენ

კათხითა თუ ტოლჩით.

სვამენ მეძავისას

ჰამბურგ-ამსტერდამის,

ქალებისას სვამენ,

ვინც სხეული მისცათ,

ვინც დანებდათ ვერცხლის

მონეტების ფასად

და ვინც ერთიასად

დაუბრუნათ ცეცხლი…

თვრებიან და მთვარეს

წვინტლებს ახოცავენ

და შარდავენ – როგორც

მე ცრემლს ვაღვრი ქალებს.

 

ამსტერდამის პორტში…

ამსტერდამის პორტში…

 

1 2 3 4 5 6