თეთრი მაიმუნები

 

მათ მოსვლამდე, აქერცლილ უკანალთა მოსვლამდე,

ჩვენ, ჩიტებს და ყვავილებს სიამაყე გვმოსავდა.

მოვიდნენ და ყვავილი მოათავსეს ქოთანში,

ჩიტი – გალიაში და ჩვენ ნომრებში მოვთავსდით.

ეს – მათ გამოიგონეს დილეგი და ტუსაღებს

ოქმში – ბრალი, საკეტში ხვრელი გამოუჩარხეს

და ცენზურის სახელით, მოჭრეს ენა ულევი –

ეს – მას შემდეგ, რაც გახდნენ ცივილიზებულები,

თეთრი მაიმუნები.

 

მათ მოსვლამდე, ბაღებში ხანა გვედგა ოქროსი,

ზამთარშიც კი ხარობდა ბანანი და ქოქოსი.

მოვიდნენ და მკვიდრები არ ჩაგვაგდეს არაფრად,

უფლებები აგვყარეს, გვდევნეს შეუბრალებლად.

ეს – მათ გამოიგონეს “ურჯულოთა” შემუსვრა,

ნადირობა სხვაზე და ყველა განსხვავებულზე,

მათზეც, ვინც კი აღშფოთდა სხვების განადგურებით –

ეს – მას შემდეგ, რაც გახდნენ ცივილიზებულები,

თეთრი მაიმუნები.

 

მათ მოსვლამდე, მამაკაცს ხელმწიფობა ეკავა,

ქალი დედოფლობდა და ყვავილობდა ქვეყანა.

მოვიდნენ და ხელმწიფე გადაიქცა მათხოვრად,

დედოფალი გაყიდეს – ვარდებს ჩამოათოვა.

ეს – მათ გამოიგონეს სიყვარული – მკრეხელი,

სიყვარული – ბიზნესი, ხელებგადაგრეხილი

ქალწულების ბაზარზე ნაკეთები ფულები –

ეს – მას შემდეგ, რაც გახდნენ ცივილიზებულები,

თეთრი მაიმუნები.

 

მათ მოსვლამდე, სიამე და მშვიდობა სუფევდა.

ომი, ათი სპილოდან, მხოლოდ ერთს თუ უწევდა.

მოვიდნენ და სამართალს წინ აღუდგნენ მახვილით

და ქვეყნიდან განდევნეს სახელმწიფოს სახელით.

ეს – მათ გამოიგონეს ასაცმელი სარები,

ტყვია, გაზის კამერა და ელექტროსკამები,

ატომური ბომბი და ყველა ბომბი უკლებლივ –

ეს – მას შემდეგ, რაც გახდნენ ცივილიზებულები,

თეთრი მაიმუნები.

 

 

 

ფრანგულიდან თარგმნა

ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

 

1 2 3 4 5 6