მოხუცები
აღარ საუბრობენ. მათი მეტყველება მხოლოდ თვალებია.
ფულით მდიდრები და მაინც ღარიბები, შველას არ ელიან.
მათთან, სურნელია ქონდრის და ლავანდის და ძველი ღმერთების –
როდესაც ბერდები, თუნდაც პარიზელი, პროვინციელდები.
ნუთუ წარსულ წლებში სიცილის ბრალია, ხმა რომ გაბზარვიათ?
ან დარდის გამოა, თვალებში დღესაც რომ ცრემლთა ხანძარია?
და რომ კანკალებენ, ნუთუ ეს იმიტომ, რომ კედლის საათი
ქანქარებს ულმობლად და რეკავს აღსასრულს მათი მისამართით?
აღარ ოცნებობენ. ძველი როიალის ჟღერაც აღარ ისმის.
კატაც მოკვდომიათ. კვირის ლიქიორიც აღარ ახალისებთ.
აღარ მოძრაობენ. სამყარო მცირე და ცივია მორგივით:
ლოგინი – ფანჯარა, ლოგინი – დივანი და ისევ – ლოგინი.
და თუ გამოდიან, ზოგჯერ, სამზეოზე, მკლავგამოდებულნი –
რომ დაკრძალონ ვინმე, მათზე მოხუცი და დანაოჭებული,
რათა ქვითინისას, წუთით დაავიწყდეთ, რომ კედლის საათი
ქანქარებს ულმობლად და რეკავს აღსასრულს მათი მისამართით.
არასდროს კვდებიან. უბრალოდ, საღათას ძილით იძინებენ.
ხელჩაჭიდებულნი, ერთმანეთს გვერდიდან აღარ იცილებენ.
და როცა ერთ-ერთი მაინც იკარგება, როგორც მეტეორი,
მეორე, ვინც რჩება, ნამდვილ ჯოჯოხეთში ეშვება მეორე.
შეამჩნევთ, დროდადრო, ჩაძირულს დარდის და ნაღველის წვიმაში –
თითქოსდა ნანობდეს, რომ ისევ აქაა, ცოცხლების წინაშე…
და უკანასკნელად ცდილობს, დაივიწყოს, რომ კედლის საათი
ქანქარებს ულმობლად და რეკავს აღსასრულს მისი მისამართით.
ქანქარებს ულმობლად და რეკავს აღსასრულს ჩვენი მისამართით.