მერვე  ვარიაცია

 

ტროცკი:  კარგი, რამონ.  შეგიძლია წახვიდე!

(  რამონი კარისკენ მიემართება. ჩერდება)

რამონი:  ხო, მართლა,  რაღაც მინდა გკითხოთ, სენიორ ტროცკი!

ტროცკი:   გისმენ!

რამონი:   შეძლებთ   ნასტურციუმის დათვალიერებას?  ძალიან ლამაზია.

ტროცკი:   მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ.

რამონი:   დიდი მადლობა, სენიორ!  ჰასტა ლა ვისტა!   უფრო სწორად, ბუენოს  ნოჩეს! ( გადის)

ტროცკი:    მაშ, ასე! 1940 წლის 21 აგვისტო.  ამ დღეს  ვკვდები, არა?  საინტერესოა!

ქალბატონი ტროცკი:     მართლაც რა  შთამბეჭდავია, ლეონ, შენი ცოლი რომ ვარ!

ტროცკი:    სასიამოვნოა ამის მოსმენა!

ქალბატონი ტროცკი:  ისე, არ დაგიმალავ,  ხანდახან   მოსაწყენიც კია  ისტორიული პირის ცოლობა!

ტროცკი:    ბოდიშს  გიხდი, ხშირად რომ მიწევდა  სახლიდან გასვლა. უბრალოდ,  რევოლუციას ვჭირდებოდი.

ქალბატონი ტროცკი:   ხო, მესმის.

ტროცკი: ყველაფერთან ერთად,  სათანადო ემოციის გამოხატვაც მიჭირდა.

ქალბატონი ტროცკი: (  რბილად აპროტესტებს):  არ გინდა, გთხოვ!  არც მე  ვყოფილვარ ის,  ვინც უნდა ვყოფილიყავი!

ტროცკი:  მაინც გვიანია  სინანულისთვის. ხომ ხედავ, თავში  წერაყინი  ჩამიტოვეს!

ქალბატონი ტროცკი:   კი არ ჩაგიტოვეს, ჩაგარტყეს!

ტროცკი:  ესე იგი, ვკვდები არა სიბერის,  სიმსივნის  ან სადგისის  შედეგად,  რისიც  მთელი ცხოვრება მეშინოდა, არამედ    ესპანელი  კომუნისტი მებაღის  მიერ  მოქნეული  წერაყინის მეშვეობით!

ქალბატონი ტროცკი:    ვინ წარმოიდგენდა, ლეონ!

ტროცკი:   გამოდის, რომ  დაქირავებულ მკვლელსაც შეუძლია  ყვავილების მოვლა! მართალია,  მებაღეობას სიმულირებდა, თუმცა  ბაღი ხომ რეალური იყო, არა? საიდან  უნდა მცოდნოდა,  საკუთარ მკვლელთან  რომ მიწევდა ყოველდღიური შეხვედრა?  საიდან უნდა მცოდნოდა თქო, ნასტურციუმის მომვლელის რეალური ვინაობა?  საიდან  უნდა მცოდნოდა, რომ ვერასდროს შევძლებდი 1942-ში გადაღებული  ,,კასაბლანკას’’  ყურებას, რომელიც  მაინც არ მომეწონებოდა? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ  ვერასდროს  მოვესწრებოდი  ატომური  ბომბის შექმნას? ვერც ჰიროსიმაში დაღუპულ 80 000  მკვდარს? ვერც როკენროლს, ვერც გორბაჩოვს, ვერც  ისრაელის სახელმწიფოს?  წარმოდგენა არ მაქვს, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საკუთარი ქვეყნის წიგნებიდანაც ამომშლიდნენ?

ქალბატონი ტროცკი:  შეიძლება აღგადგინონ კიდეც! ნუ, ნაწილობრივ მაინც!

ტროცკი:     ყველას ცხოვრებაში  დგება მომენტი, როცა  რაღაც უცნაურ  ოთახში  შედიხარ და  ვეღარ გამოდიხარ ანუ შედიხარ და  სამუდამოდ რჩები! ( ირგვლივ იყურება)  ეს კი  ჩემი უკანასკნელი ოთახია!

ქალბატონი ტროცკი:  ხო, მაგრამ,  შენ აქ საერთოდ არ ხარ, ლეონ!

ტროცკი:  აი, ჩემი  მაგიდა, წიგნები, კალენდარი!

ქალბატონი ტროცკი:   არ ხარ მეთქი აქ, ძვირფასო!

ტროცკი:  ამჩნევ ფანჯრიდან შემომავალ შუქს?

ქალბატონი ტროცკი:    ყველაფერი გუშინ მოხდა.  ახლა საავადმყოფოში  ხარ, უგონო  მდგომარეობაში.

ტროცკი:  ყვავილებიან  ბაღში იდექი…

ქალბატონი ტროცკი:   გუშინდელ დღეს  იხსენებ,  ლეონ!

ტროცკი:  შეგიძლია  ის სტატია კიდევ ერთხელ წამიკითხო?

ქალბატონი ტროცკი: 1940 წლის 20 აგვისტოს,  მეხიკოს  გარეუბანში მდებარე სოფელ  კოიოკანში, ესპანელმა კომუნისტმა,  სახელად რამონ მერკადერმა   ტროცკის  წერაყინით  თავი  გაუტეხა. ტროცკი  მომდევნო დღეს  დაიღუპა.

ტროცკი:  წარმოგიდგენია?  კაცმა, რომელსაც  წერაყინი თავში   ჩაარტყეს,   კიდევ ერთი დღე იცოცხლა!    სულ ცოტა იმედის მომცემი მაინცაა , არა?  წავალ,   ნასტურციუმს  მაინც დავხედავ!

(ტროცკი კვდება.  ფანჯრიდან  ჩამავალი  მზის შედეგად  აწითლებული  მცენარეები  ჩანს.)

 

 

 

 

 

1 2 3 4 5