მეორე ვარიაცია

 

(ტროცკი წერს)

ტროცკი:    ,,დღეს დაცული არავინაა.  ძალის გამოყენების დროა. შესაბამისად,  ჩაგვრის წინააღმდეგ აზვირთებული  პროლეტარული რევოლუცია სამუდამოდ, სამუდამოდ  უნდა გაგრძელდეს…’’

ქალბატონი ტროცკი: ლეონ!

ტროცკი:  ,,სამუდამოდ  მეთქი,  სა-მუ- და-მოდ!’’

ქალბატონი ტროცკი:   მომისმინე, ერთი წუთით.  აი, ენციკლოპედიას ვკითხულობდი და…

ტროცკი:   ბრიტანიკაა?

ქალბატონი ტროცკი:   მისმინე!

ტროცკი: (  დარბაზს):   რევოლუციური  სამყარო  გამარჯვებულთა  ხვედრია.

ქალბატონი ტროცკი: 1940 წლის 20 აგვისტოს,  მეხიკოს  გარეუბანში მდებარე სოფელ  კოიოკანში, ესპანელმა კომუნისტმა,  სახელად რამონ მერკადერმა   ტროცკის  წერაყინით  თავი  გაუტეხა. ტროცკი  მომდევნო დღეს  დაიღუპა.

ტროცკი: ( მოუთმენლად) : ხო, მერე?

ქალბატონი ტროცკი:  მგონი,  თავში  წერაყინი  გაქვს  ჩარჭობილი.

ტროცკი:    ეგ ისედაც ვიცოდი. დილით,  წვერის პარსვისას   შევნიშნე   წერაყინის ტარი, თუმცა  თავიდან  სადგისი მეგონა და  ავღელდი.

ქალბატონი ტროცკი:  არ არის სადგისი.

ტროცკი:  ნუ ამბობ  მაგ სიტყვას!  ხომ იცი,   კოშმარს  მახსენებს.

ქალბატონი ტროცკი:  კარგი, საყვარელო.

ტროცკი:   იმ კოშმარში კი სადგისი თავისით  მერჭობა  თავის ქალაში.

ქალბატონი  ტროცკი:  ხო, ძვირფასო.

ტროცკი:  სწორედ ამიტომაც ავუკრძალე  მოსამსახურეებს სადგისის ტარება.

ქალბატონი ტროცკი:  ხო, მაგრამ, ლეონ…

ტროცკი:  ვერავინ გაბედავს  სადგისით სიარულს, ვერც ის   ესპანელი კომუნისტი

ქალბატონი ტროცკი:  ლეონ!

ტროცკი:   ყინულის გარეშეც  გავძლებთ.  გაუზავებელ ლიქიორსაც მშვენივრად  დავლევ და გამთბარ კოკა-კოლასაც.  ვის რაში აინტერესებს როგორი  ზაფხული  იქნება კოიოკანში?  უი,   ,,ზაფხული  კოიოკანში’’: არც თუ ისე  ცუდი სახელია სიმღერის  სათაურისთვის ( ჩაწერს).   ისე, პრინციპში,   სახლში ყინულის შემოტანა   ნებადართული იქნება, უბრალოდ მხოლოდ მოზრდილი ბლოკების სახით. არავითარი  დაჩეხვა და დატეხვა.  ნუ, ყოველ შემთხვევაში, სადგისის მეშვეობით ნამდვილად არა.  ყინულის კუბებისთვის საჭირო ლანგარსაც დავუშვებდი, გამოგონებული რომ ყოფილიყო.   ისე,  არაფერი წერია მანდ   ლანგრის შესახებ? ანუ ნამდვილად  წერაყინი მაქვს  გარჭობილი თუ  ლანგარი?

ქალბატონი ტროცკი:   არ წერია აქ ლანგარი.

ტროცკი:  არა?

ქალბატონი ტროცკი:  არა.

ტროცკი:   ხედავ, როგორი იღბლიანი  ბედი მერგო? (  დარბაზს)  ეს კი მხოლოდ   status quo-ს კაპიტალისტური  ახსნაა.

ქალბატონი ტროცკი: ლეონ!

ტროცკი:  აი, შეხედე! (  უჯრიდან  თავის ქალას იღებს): იცი ეს რა არის?

ქალბატონი ტროცკი:  არა.

ტროცკი:   თავის ქალაა

ქალბატონი ტროცკი:  ეგ  კი ვიცოდი,  მაგრამ…

ტროცკი:   ვიყიდე. მე  ხომ  უკვე  მისი   მფლობელი ვარ. რამეს არ გაგონებს?

ტროცკები ( ერთდროულად):   ტროცკის  თავის ქალას.

ტროცკი:    შესაბამისად,  თუ ვთქვათ, მებაღედ  გადაცმული ესპანელი კომუნისტი  თავის ქალაში  რამის ჩარჭობას  გადაწყვეტს, ნუ, თუნდაც (    კინაღამ  სიტყვა ,,სადგისი’’ წამოსცდა!)… ხომ ხვდები არა, რასაც ვგულისხმობ-  ეს  სატყუარა აქ დახვდება.  შეხედავს,  მიხვდება, რომ  ჩემია, რასაც უნდა იმას ჩაარჭობს და  თავის გზაზე  წავა.  აღიარე, ხომ გენიალურია?

ქალბატონი ტროცკი:   თითქმის.

ტროცკი:  ეს კი იმის დამსახურებაა, რომ  ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც ტროცკი ვარ.

ქალბატონი ტროცკი:  ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, ლეონ (  ენციკლოპედიას აჩვენებს)

ტროცკი:   რაო, წერაყინითო?    გენიალურია!   (  კვდება.)

 

ზარი.

 

1 2 3 4 5