ინგლისურიდან  თარგმნა გუგა მგელაძემ

 

დევიდ აივზი ( 1950):  ცნობილი ამერიკელი  დრამატურგი და სცენარისტი. ე.წ.  15 წუთიანი  პიესების  ავტორი.

 მისი  დრამატურგიული ტექსტები ხასიათდება კომიზმის, ტრაგიკომიზმის, შავი იუმორის და სატირის  ელემენტებით.

პიესა ,, ვარიაციები  ტროცკის სიკვდილზე’’  შედის კრებულში  ,,  All in  Timing’’  (1993) და წარმოადგენს ლევ ტროცკის მკვლელობის   სატირულ  ვარიაციებს.  ინდივიდუალური  ვარიაცია გულისხმობს  საპნის ოპერის,  მელოდრამის,  ტრაგედიის სქემატური მახასიათებლების  უტრირებას  გამომწვევად ტრაგიკომიკური ატმოსფეროს შექმნის მიზნით.

                                                                      მთარგმნელი

 

 

 

პერსონაჟები:

ტროცკი

ქალბატონი ტროცკი

რამონი

მექსიკა, კოიოკანი. ტროცკის კაბინეტი.   წიგნებითა  და ფურცლებით  სავსე მაგიდა.  კედელზე: სარკე.  მარცხნივ  კარი.  ფანჯრიდან   აყვავებული ტროპიკული მცენარეების  ტოტებსაც შეგვიძლია მოვკრათ თვალი.  კედლის მოგრძო  კალენდრის მიხედვით- 1940 წლის 21 აგვისტოა.

განათება   მაგიდასთან მყოფ    განრისხებულ ტროცკის ეცემა, რომელიც  რაღაცას წერს.  ბუჩქივით  თმა და თხასავით წვერი აქვს.  უკეთია  პატარა  სათვალე. აცვია მუქი ფერის   კოსტუმი.     უკნიდან,   თავში  გარჭობილი წერაყინის ტარი  ჩანს.

 

პირველი ვარიაცია

 

ტროცკი ( წერის პროცესში): ,,  პროლეტარიატი  მართალია!  უფრო  სწორად, ყოველთვის მართალი უნდა იყოს. რაც შეეხება, პროლეტარულ რევოლუციას, ის უნდა გაგრძელდეს, მე ვიტყოდი, სამუდამოდ!

(შემოდის  ბებოსავით საყვარელი ქალბატონი ტროცკი.   აცვია კოჭებამდე გრძელი კაბა და მაღალყელიანი ჩექმები.  გრძელი  წიგნი  მოაქვს.)

ქალბატონი ტროცკი:  ლეონ!

ტროცკი: ( წერს):  ,, სამუდამოდ, სამუდამოდ, სამუდამოდ…’’

ქალბატონი ტროცკი: მომისმინე, ლეონ!    ენციკლოპედიას ვკითხულობდი და…

ტროცკი: სტატიის სათაური?

ქალბატონი ტროცკი:  ,, ლეონ  ტროცკი’’.

ტროცკი:  მშვენიერია. ჩემზე ყოფილა.

ქალბატონი ტროცკი: ხოდა ყურადღებით მომისმინე ( კითხულობს) ,,  1940 წლის 20 აგვისტოს,  მეხიკოს  გარეუბანში მდებარე სოფელ  კოიოკანში, ესპანელმა კომუნისტმა,  სახელად რამონ მერკადერმა   ტროცკის  წერაყინით  თავი  გაუტეხა. ტროცკი  მომდევნო დღეს  დაიღუპა.’’

ტროცკი:   მოიცა, რომელი წლის ენციკლოპედიაა?

ქალბატონი  ტროცკი ( ამოწმებს): 1994 (  თუმცა ნებისმიერი წლის  მითითებაა შესაძლებელი).

ტროცკი: უცნაურია.

ქალბატონი ტროცკი: ხო.

ტროცკი:  უცნაური და საინტერესო.   მე ვარ ტროცკი!

ქალბატონი ტროცკი:  რა თქმა უნდა, ძვირფასო.

ტროცკი: ეს კი ჩვენი სახლია  კოიოკანში.

ქალბატონი ტროცკი:  კი.

ტროცკი: ხომ გვყავს  ესპანელი  მებაღე სახელად რამონი?

ქალბატონი ტროცკი: გვყავს.

ტროცკი: ჰმ… ნეტა, სხვა ტროცკებიც თუ  ცხოვრობენ  კოიოკანში?

ქალბატონი ტროცკი:  მეეჭვება. ყოველ შემთხვევაში,  მსგავსი სახელის მქონე  ნამდვილად არა.

ტროცკი: დღეს რა დღეა?

ქალბატონი ტროცკი ( კალენდარს გახედავს): 1940 წლის 21 აგვისტოა.

ტროცკი:  გადავრჩენილვარ! სტატიაში გარკვევით წერია, რომ  მკვლელობა ოცში მოხდა,ხომ? ესე იგი, გუშინ.

ქალბატონი ტროცკი:  ხო, მაგრამ ლეონ…

ტროცკი:  დღეს  კი წესით  მკვდარი უნდა ვიყო და თან  თავში წერაყინი  უნდა მქონდეს გარჭობილი!

ქალბატონი ტროცკი:  ლეონ…

ტროცკი:     ეს ხომ მატყუარა  კაპიტალისტური  პრესის ოინებია!

ქალბატონი ტროცკი:    შეხედე,   ტარი გიჩანს!

ტროცკი ( სარკეში  იხედება):  ხო, კი,   ნამდვილად  ჰგავს.   უი, ხო,  რამონი  მიყვებოდა  გუშინ   მთის  დალაშქვრის შესახებ. ახლა გამახსენდა, თან  ხელში  წერაყინი ეკავა, თუმცა  ნამდვილად არ მახსოვს ჰქონდა თუ   ისევ  ოთახიდან  გასვლის შემდეგ.  ( ყველაფერს აცნობიერებს)   იყო  დღეს რამონი სამსახურში?

(ტროცკი    სახით ეცემა მაგიდის ზედაპირს და კვდება.)

(ისმის ზარის ხმა.)

 

 

1 2 3 4 5