ეპილოგი

რაკი მაინც „ვეფხისტყაოსანია“, ისე დავასრულოთ, როგორ სკოლაში:

ამრიგად, მთავარი ქართული მხატვრული ტექსტის უკან გაბედული პოლიტიკური ქვეტექსტია, რაც საქართველოს ოქროს ეპოქის ბნელ მხარეებს ააშკარავებს. დემოკრატიის და ტოტალიტრიზმის, განვითარების და დაცემის, მაშველის და მსხვერპლის მოდელები პოემაში „თეთრისა და შავის“ დაპირისპირების პრინციპზეა აგებული. არაბეთი და ინდოეთი, ავთანდილი და ტარიელი, თინათინი და ნესტანი, როსტევანი და ფარსადანი, ისევეა ერთი და იგივე, როგორც დღე და ღამეა ერთსა და იმავე სივრცეში დროის ურთიერთმონაცვლე ინტერვალი.

„ვეფხისტყაოსანში“ საქართველოს სამეფოს ორი პროექციის თეორია გასულ საუკუნეში საინტერესო პოეტმა და მთარგმნელმა, თამარ ერისთავმაც ჩამოაყალიბა. თუმცა, მან მხატვრული ტექსტებით ისტორიული მოვლენების გაცოცხლება სხვა მიმართულებით სცადა და ახალი, ნახევრად ნამდვილი და ნახევრად ლიტერატურული ფიგურა შექმნა: დემნა ბატონიშვილი, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

მეცნიერულად ყველაფერი სადავოა, მაგრამ შემოქმედებით სამყაროს სწორედ გაბედული იდეები ქმნიან. თამარ ერისთავის მიერ პოემის ორიგინალურმა გააზრებამ სიუჟეტი სრულიად ახლებულად გახსნა და მისი სხვადახვა მიმართულებით გაგრძელების შესაძლებლობები დატოვა, რაც ვეფხისტყაოსანს თავიდან გვაკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო და ამავდროულად, პარალელური პოლიტიკური სისტემები და მსოფლმხედედველობა საქართველოსთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6