ადამიანი – სამყაროს ცენტრი

დიდი მხატვრული ტექსტები ეპოქებს, ძირითადად, წინ უსწრებს. თუმცა, ცვლილებისთვის გადამწყვეტი მომენტი მაინც ტექსტის შექმნას უკავშირდება და არა – მის აღიარებას. ჯერ ეპოქა ქმნის ტექსტს და მერე ტექსტი – ეპოქას.

„ვეფხისტყაოსანი“ სამყაროს ცენტრად ადამიანს აცხადებს, რომელსაც სრული უფლება აქვს მიწიერ მოთხოვნილებებზე. ავტორიც და შესაბამისად, მკითხველიც, მუდმივად ადამიანის ყოფით პრობლემებზე არიან ორიენტირებული.

კარგი სახელმწიფო ასევე ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოა და პირიქით, ტოტალიტალურ სახელმწიფოში ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება.

პოლიტიკური დისკურსის ჰუმანისტურ კონტექსტში გადატანა და პროექციების ამაზე მორგება, ისევ პოლიტიკური შეფასებებისთვის, ზედმეტად ამბიციური ჩანაფიქრია.

როსტევანის პრობლემა ხელქვეითის დაუმორჩილებლობა კი არა, ადამიანური დანაკარგია. შეთქმულების მეორე დღეს სახელწმიფოს პირველი პირი შეურაცხყოფილი და განრისხებული კი არა, გულნატკენია, ავთანდილს აღმატებულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს ერთი ადამიანი მთელს ქვეყანას უდრიდა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, გამაღარიბე, დამაგდე“. გლოვა შეთქმულების გამო კი არა, ავთანდილის წასვლის გამო ცხადდება: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა“.

გლოვის დღეების გამოცხადებას ოფიციალური ფორმა აქვს, დარბაზი ამტკიცებს და ჰუმანიტარული ელემენტებით ტვირთავს:  „დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ“. სოციალური აქციების შესახებ განკარგულებები გენდერულადაც დაბალანსებულია: „არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა“.

არაბეთში მარტო რენესანსი და ჰუმანისტური იდეები კი არა, სოციალიზმიც მწიფდება. ავთანდილი განამთავისუფლებელ იდეებს და თანასწორობას ქადაგებს: “ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები“. როსტევანის სამეფო გაიდლაინებიც იგივეა: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების“ (აქ დისკრიმინაციის ელემენტებიც გვაქვს, მაგრამ თანასწორობის იდეა მაინც აშკარაა).

მართვის რაციონალურად გათვლილი ინსტრუმენტი და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის სტრატეგიაც ესაა: „უხვი ახსნილსა დააბამს“; „უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია“; „მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“…

სოციალური პოლიტიკა თვითმმართველობის სამართლებრივ აქტებშიც დომინირებს: “მიეც გლახაკთა საჭურჭლე“.

ცხადია, ამ ყველაფრის უკან ქრისტიანული ჰუმანიზმიცაა, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრულ-ფილოსოფიურ ფორმულაში ზის: „რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია“.

ამ ნორმებისა თუ ნორმატივების რეალობაში განხორციელების პრეცენდენტებს ყველა ეპიზოდში ვხვდებით. პირველი, რასაც ტახტზე ასული თინათინი აკეთებს, საკუთარი ქონების დარიგებაა. საგულისხმოა, რომ არაბეთში სახელმწიფო ქონებას არ ეხებიან და პოლიტიკური კამპანიისთვის საჯარო რესურსებს არ ფლანგავენ. ყველაფერი, რასაც თინათინი, ავთანდილი და სხვები გასცემენ, არა სახელმწიფო ხაზინიდან, არამედ მათი პირადი ქონებიდანაა: „მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”.

არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეს, რომ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს „ჯერთ უწვერული“ სპასპეტი და მასზე კიდევ უფრო უმცროსი თინათინი (ტარიელიც 5-6 წლით უფროსია ნესტანზე) იკავებენ. ახალი თაობა მაქსიმალურად წახალისებულია და ამასაც ჰუმანიზმისა და ბუნების კანონებით ხსნიან: „თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა”.

ადამიანის, როგორც მთავარი ფასეულობის აღიარება, მხოლოდ სოციალური დახმარებებით და სოლიდარობით არ შემოიფარგლება. ესაა ცხოვრების, აზროვნების, ფიქრის ნაწილი. როსტევანი ჯერ სიცოცხლის წარმავალობითაა დადარდიანებული, მერე – უცნობი ადამიანის უცნაური ბედით, მერე – ძვირფასი მეგობრის და მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწის დაკარგვით. ყველა ამ შემთხვევაში, მის გონებას ადამიანური ბედისწერა, ადამიანად ყოფნის არსი და მისი ყოფითი პრობლემები იპყრობს.

როსტევანი ჰუმანისტია. ამაზე ის თავისუფალი გარემო და ჯანსაღი ურთიერთობებიც მეტყველებს, რაც სამეფო კარზეა მიღებული. მას პირდაპირი გაგებით ეღადავებიან: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ ამიკლო ამათზეო“; ჭიქებს ავსებენ და იმდენად უთამამდებიან, რომ იუმორი სარკაზმში გადასდით: “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო“.

ისიც ძალიან ადამიანურია, ავთანდილს შერმადინის რომ სცხვენია (სიტყვა-სიტყვით: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან“). ნაძლევიც სითამამის ნიშანია, მით უმეტეს, რომ წაგების შემთხვევაში, მეფე სამი დღით ქუდს და გვირგვინსაც უნდა დაემშვიდობოს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!” მეფის დამარცხებაც მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება (ნაძლევს ავთანდილი იგებს). ეს პრეცენდენტი მაშინვე ნორმაც იქცევა, როგორც კი სახელმწიფოს მოხუცი მეთაური ახალგაზრდა სპასპეტთან დამარცხებას სიხარულით მიიღებს: „გაცინებით შემოჰხედნა, კარგა ჰქმენო, – დაუმადლა“.

ერთი შეხედვით, „ტერიტორიაზე შემოჭრილი“ უცნობით მეფის დაინტერესება და თავისუფალი ადამიანის შეპყრობის სურვილი აბსოლუტური ძალაუფლების, ტერორის და იძულების გამოვლინებას გავს. თან როცა ჩვეულებრივ, რიგით „უცხო მოყმესთან“ კი არა, ყოველმხრივ „უცხოსთან“ გვაქვს საქმე, თავისი საგანგებო ჩაცმულობით, განსაკუთრებული გარეგნობით, ხასიათით, შესაძლებლობებით და ცხენითაც კი (მისი შავი ცხენი საუკეთესოა „ვეფხისტყაოსნის“ ცხენებს შორის).

მეფის ამ საქციელს, ადამიანური გადასახედიდან, ტარიელიც მკაცრად აკრიტიკებს (“რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით“), მაგრამ მეფეს ყველას და ყველაფრის დამორჩილების კი არა, ტრაგიკული პიროვნების დახმარების სურვილი ამოძრავებს („რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე“) და მასთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს: „არ კაცურად გარდამკოცნა; ჩემად ნახვად არ მოვიდა“. უცხო მოყმის გამო ის „ინაუგურაციის“ მთელ ცერემონიას ამთავრებს და სახელმწიფო ძალისხმევას ერთი ადამიანისკენ მიმართავს – მის მოსაძებნად ქვეყნის ოთხივე მხარეს ხალხს გზავნის.

ასე დრამატულად განსხვავდება არაბეთის ლაღი და თავისუფალი საზოგადოება ინდოეთის ჩაკეტილი და მსხვერპლად ქცეული ადამიანებისგან.

 

 

ინდოეთის დაპყრობითი და არაბეთის განმათავისუფლებელი ომები

ტოტალიტალურ ქვეყნებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი გამოარჩევთ – ომი.

თუ არაბეთში პირველობას სპორტში ისაკუთრებენ, ინდოეთში ბურთი და მშვილდოსნობა საკმარისი არ არის და თვითშეფასების ასამაღლებლად ომია საჭირო.

ამიტომ ინდოეთში ხან სამოქალაქო ომია, ხან იპყრობს, ხანაც აქეთ იპყრობენ, არაბეთში კი – ხანგრძლივი მშვიდობა. მეტიც, არაბეთი თვითონვე ხდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტი. მისი 80,000-იანი ჯარი გლობალურ უსაფრთხოებას ემსახურება და დაპყრობილ ქვეყნებს ათავისუფლებს.

ტოტალიტარულ ქვეყანას მიდრეკილება აქვს, რომ დიდი თუ ვერა, პატარა იმპერია მაინც გახდეს. სარიდანის მეშვიდე სამეფოც პატარა იმპერიაა, იგივე ტიპის მმართველობით და ამ პატარა იმპერიასაც მასზე პატარა ქვეყნების მიწები აქვს მიტაცებული: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები“. აქ ტიტული და ცერემონიები მოსწონთ („მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“), თორემ საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი პატრიოტიზმს და სენტიმენტებს არ განიცდიან. სარიდანის ფუფუნებას გვიანი შუა საუკუნეების მონარქებისკენაც მივყავართ: „სახელმწიფო – ეს მე ვარ“, ერთხელაც დავბერდები, მომწყინდება და სიკვდილის მოლოდინის კაეშანიც დამეუფლება, ჩემს მერე კი – „თუნდაც წარღვნა ყოფილა“. მეფეს შეუძლია სამეფო საერთოდ გააუქმოს, უფრო დიდი იმპერიის კარზე თანამდებობა ითხოვოს და ტკბილი სიბერე გაატაროს: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“. მისი პატარა, ნაომარ-ნაკოწიწები იმპერია ქრება, სახელსაც კი კარგავს, თავად სარიდანი კი – ბევრს არაფერს, მეფის სტატუსს თუ არ ჩავთვლით: „სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა“.

არ დაგვავიწყდეს ქაჯებიც, რომლებიც ინდოეთის მმართველობის საეჭვო, მისტიკური და იდუმალებით მოცული მოკავშირეები არიან. ისინი ინდოეთის ყველაზე ბნელ საქმეებს ემსახურებიან: იტაცებენ, ატყვევებენ, კლავენ. ეს არის კარგად ორგანიზებული სამხედრო შენაერთი, რომლის მიზანიც სხვადასხვა მისიის შესრულებაა. ცხოვრობენ გარნიზონში („არიან ერთად კრებულნი“), სარგებლობენ ხელშეუხებლებით და შეუძლიათ ყველაფერი („ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი“).

მთელი ამ საშინელებების მიუხედავად, მათი გავლენა სამეფო კარზე იმდენად დიდია, რომ მეფე საკუთარ დას ქაჯეთში ათხოვებს, ერთადერთ შვილს ქაჯეთში ზრდის და განათლებასაც ქაჯეთში აძლევს. ქაჯეთი ერთგვარი სპეციალური დანიშნულების რაზმია, ან არაკონტროლირებადი ტერიტორია, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფო საიდუმლო, მძიმე, უკანონო დავალებების შესასრულებლად იყენებს.

ერთი შეხედვით, ინდოეთი იმიტომაა ძლევამოსილი ქვეყანა, რომ მან მეზობელი სახელმწიფოები უნდა დაიმორჩილოს და ხარკი ახდევინოს. თუმცა, ხატაელებთან სრულიად უსამართლო ომში ყურადღებას იქცევს რამდენიმე დეტალი, რამაც, გმირი მებრძოლი ტარიელის მიმათ არსებული სიმპათიების მიუხედავად, ინდოეთის წინააღმდეგ უნდა განგვაწყოს.

პირველი, რა თქმა უნდა, ომის მიზეზი, უფრო სწორედ, მიზეზის არარსებობაა. ტარიელს ლომების ხოცვა ბეზრდება, ნესტანს – თავისი რჩეულის უსაქმურობა, სამეფო კარზე მისი უფუქნქციობა აღიზიანებს, ზემოდან ერთი წვეთი იმპერიალიზმიც („ჩვენნი სახარაჯონია“) და ომის მოტივიც მზადაა. წადი, ტარიელ, დაერიე ხალხს, ილაშქრე და იმოროდიორე („ინაპირე“), გამარჯვებული დაბრუნდები და მეც შენი გავხდები – ასეთია ნესტანის ბრძანება: „წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე“.

ტარიელიც, როგორც ტიპიური დამპყრობელი, ხატაელებს ჯერ მეფის კარზე იბარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სისხლიანი ლაშქრობით იმუქრება („რბილი ძალა“ და სამხედრო ინტერვენცია). ის, რომ ინდოთ მეფე „ღმრთულებრ ძლიერია“; ის, რომ მასთან ერთგულება პირადი კეთილდღეობის გარანტიაა, არდამორჩილება კი – თავის დაღუპვა („ვინცა ურჩ ექნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი“) – აგრესორის ტიპიური გზავნილებია სუსტი სახელმწიფოს დასაჩაგრად.

ხატაელები მუქარას ღირსეულად პასუხობენ, რაც ტარიელისთვის, როგორც დამპყობლისთვის, შეურაცხმყოფელია: “სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია“. ალბათ, ეს „ლაღნი და უკადრონი“ შემთხვევით არ არის გამოყენებული და ერთი მხრივ, ხატაელების უფლებებსა და თავისუფლებაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი – ამ ღირებულებების უარყოფაზე აგრესორის მხრიდან.

მართლაც და, რას ეპატრონება ინდოეთი ხატაეთს, ცხოვრობენ თავისთვის, ქმნიან დოვლათს და ისეთ ტექნოლოგიებს ავითარებენ, ინდოეთს კი არა, გულანშაროსაც რომ არ დასიზმრებია: “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად“. ნაალაფარი ყაბაჩა და რიდე, ჯერ ნესტანის, მერე კი მრავლისმნახველი ფატმანის ხელში გაივლის და მისთვისაც ამოუხსნელი დარჩება: „ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა“.

ომის მზადების პროცესშივე ჩანს, რომ ხატაელებს შანსი არ აქვთ: „იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია“.

„დიდი ომი“ – ასეთია ხატაეთში ლაშქრობის სტატუსი. ხატაელები იძულებული არიან, რომ მტრის ლაშქრის სიმრავლეს, თავისი მოხერხებულობა დაუპირისპირონ („ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია“), მაგრამ აქედანაც არაფერი გამოსდით და მარცხდებიან. ტარიელი ჯარს ძარცვის უფლებას აძლევს, როგორც ნესტანმა დაარიგა: “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე“.

ინდოეთი ხატაეთს იმორჩილებს და გადასახადსაც უწესებს, მაგრამ დროებით. ეს უკვე იმპერიის ბედისწერაა: “იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად“. ერთ დროს სახარაჯო ერთ დღესაც დამყრობელს იქით იპყრობს: „იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია; მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია“; წინწილის და ებნის ხმა ვაებად იცვლება:  “ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!  წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო“.

აქ უკვე ლიტერატურის, პოლიტიკის და ისტორიის სრული სინთეზი გვაქვს – საქართველოს „შავი პროექცია“ კატასტროფიდან მისმა „თეთრმა“ ალტერნატივამ უნდა იხსნას: „ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა, თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცასჭრიდითა”. დაპყრობით ომს გამათავისუფლებელი ომი ანაცვლებს. ეს უკვე საზეიმო ბრძოლაა: „შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია“. კოალიციური ჯარი სამი დროშით შედის დაცემულ ქვეყანაში: „ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია, დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია; არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია; ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია“.

გაერთიანება, რა თქმა უნდა, არაბეთიდან იწყება, ტარიელის წარსულში გადაბარგებულ ფრიდონსაც უკან ავთანდილი აბრუნებს: „რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა“.

პროექციის თეორიას თუ მივყვებით, კოალიციური ჯარის მიერ ინდოეთის გათავისუფლება, სინამდვილეში, ინდოეთის იმპერიის დამხობაა. დემოკრატიული არაბეთი ინდოეთს ხატაეთისგან კი არა, საკუთარი ტოტლიტარიზმისგან ათავისუფლებს. ინდოეთში კეთილდღეობა მკვიდრდება, დედოფალი შავებს იხდის, რამაზს იწყალებენ, ღარიბს ამდიდრებენ… თუმცა, სამწუხაროდ, ხატაეთს ხარკს მაინც აკისრებენ და ასმათსაც სახელდახელოდ ათხოვებენ (მენტალური ცვლილება ერთ დღეში შეუძლებელია).

რაც მთავარია, „მტრის ხატი“, რომელსაც ეს 80,000-იანი ჯარი დაუპირისპირდა, მთლიანად იმსხვრევა. ამდენი ნეგატივის შემდეგ რუსთველი ახერხებს და ორჯერ დამარცხებული და ორჯერ მოღალატე რამაზის ნამდვილ სახეს სულ ბოლო მომენტში მაინც გვაჩვენებს: ესაა პატრიოტი მეფე, რომელიც თავს წირავს საკუთარი ხალხის გადასარჩენად: “ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია; სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია”. აქედანაც ჩანს, რომ ინდოეთი პატრიოტ მეფეს კი არა, მხოლოდ საკუთარ ტოტლიტარიზმს ამარცხებს.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6