მთავარი გმირის დილემა
რუსთველოლოგები ბევრს დაობენ მთავარი სიუჟეტური ხაზისა და მთავარი გმირის შესახებ. თუმცა, საუკეთესო მიგნება აქაც პოეტს ეკუთვნის. თამარ ერისთავი ამტკიცებს, რომ ავთანდილი და ტარიელი ერთი და იგივეა.
ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნებს აღარც უნდა ტოვებდეს, რადგან მარტო ეს ორი პერსონაჟი და მთელი მათი გარემოცვა კი არა, მათი პრობლემებიც კი და მთლიანად არაბეთი და ინდოეთიც ერთმანეთის იდენტურია. საერთო პროტოტიპის (საქართველო) სხვადასხვა პროექციებს შორის (არაბეთი და ინდოეთი) საზღვრის გავლება სარკის ეფექტზეა აწყობილი. სარკის ერთ მხარეს ყველაფერი წაღმა ჩანს, მეორე მხარეს კი – უკუღმა.
რომელია ნამდვილი და რომელი – მეორადი, ამის ძიება ნაკლებად საინტერესო ხდება, თუ წინასწარ ვიცით, რომ, სინამდვილეში, ერთიც და მეორეც, კიდევ სხვა, რეალური ქვეყნის, საქართველოს ანარეკლია და წაღმა-უკუღმა შტრიხებიც ზუსტადაა გადანაწილებული – შავისა და თეთრის, თუნდაც დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის პრინციპის მიხედვით.
ერთი პროექციიდან მეორეში გადასვლისას, ქვეყნებთან ერთად, ადამიანებიც იცვლებიან.
ავთანდილი და ტარიელი აბსოლუტურად კონტრასტულები არიან, ისევე, როგორც როსტევანი და ფარსადანი, თინათინი და ნესტანი და წარმოიდგინეთ, მათი წინაპრებიც (ავთანდილის მამა, მოქმედების დაწყების მომენტში, სავარაუდოდ, მკვდარია, ისევე როგორც სარიდანი, რომელსაც უფრო მეტად გაუმართლდა და პოემის პერსონაჟად იქცა, რადგან ტარიელმა თავისი ბავშვობა გაიხსენა).
ყოფით დონეზე ამ ქვეყნებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ არაბეთში „ბედნიერების ჯაჭვური რეაქცია“ მუშაობს, ინდოეთში კი – უბედურების. იქ, სადაც ტოტალიტარიზმია, ყველა ადამიანი მსხვერპლად იქცევა და იმავდროულად ხდება მსხვერპლის მომტანიც.
ასე რომ, ტარიელი ისევეა ანტი-ავთანდილი, როგორც ინდოეთია ანტი-არაბეთი.
ტარიელს ქვეყნისა და ლაშქრის საპატრონოდ კი ზრდიან, მაგრამ სრულ ფუფუნებაშია, „ნიადაგ ლხინსა ჩვეული“ და ტიპიურ უსაქმურად ყალიბდება: ჯერ სროლა და ასპარეზი, მერე „მხეცნი და ნადირნი“, „მერმე ვიბურთი მოედანს“; მერე „მინდორით შემოქცეული“ ნადიმს შეექცევა… მამის სიკვდილამდე სულ ესაა – „ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა“. მერე ერთი წელი ბნელში ზის, ვიდრე მეფე არ ეტყვის, შავები გაიხადეო და ამირბარობას არ მისცემს. არც ამით არაფერი იცვლება, ისევ დურაჯებზე ნადირობა, ბაღჩაში ფრინველები სირინოზებივით გალობენ, ვარდის წყლის აბანოებში სარაჯები ელოდებიან… მისი ეს ხასიათი ნესტანმაც იცის, არ მოსწონს („გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი“) და მუდმივად გამოფხიზლებას ცდილობს: „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია“.
ავთანდილი, ამის საპირისპიროდ, მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე ცოდნის მიღება-გაცემაზეა ორიენტირებული. ვისგანაც სწავლა შეიძლება, სწავლობს და ვისაც სწავლა სჭირდება, ასწავლის. თავის სამშობლოში, სადაც გაიზარდა, ხალხს ასე მოიხსენიებს: “გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო“. ვინც წრთვნას ვერ იღებს, მისთვის პირუტყვია და ამას ტარიელსაც პირდაპირ ეუბნება: „რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია“. ტარიელი კი იმდენად უწრთვნელია, რომ მოწოდებით განმანათლებელ ავთანდილსაც მოთმინებას აკარგინებს: „ესე კმარის სწავლა სწავლად“.
ავთანდილი თავისუფალი ადამიანია, ყველა მოცემულობას პიროვნულ სპექტრში ფილტრავს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს, ან არ იღებს; და თუ არ იღებს, წინააღმდეგობის გაწევაც შეუძლია. ტარიელი, ამის საპირისპიროდ, უბრალო „შემსრულებელია“, საკუთარი „მე“ ფაქტობრივად არ გააჩნია და მუდმივად ვიღაც მიუთითებს, რა უნდა გააკეთოს და რა – არა. მას არ აქვს ინიციატივის და დამოუკიდებლი მოქმედების უნარი, მისი ცხოვრებით მუდმივად სხვები არიან დაკავებული.
შესაბამისად, ავთანდილიც ტექსტის დასაწყისიდან ბოლომდე ტარიელის პრობლემებს აგვარებს. თუმცა, არა მხოლოდ ტარიელის. ის მუდმივად საქმეშია. ქვეყანაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, დარბაზში ტარიელივით მეფე-დედოფლისთვის თავის საქნევად არ ზის და არაბეთსაც „სამსახურის“ მოტივით ტოვებს. მეგობრობაც კი მისთვის გამოდგომა და დახმარებაა („მისად რგებად ველთა რბენა“). შემოსავალი შრომის საზღაურია, რასაც თვითონაც დამსახურებულად იღებს, სხვასაც კარგად უხდის („ასი ათასი წითელი“) და შრომით უფლებებსაც აღიარებს: „პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”. ტარიელმა კი, შრომა და გამომუშავება საერთოდ არ იცის, რა არის. მას ან ეხმარებიან, ან პოულობს (დევების განძი), ან ართმევს (რამაზის განძი).
ავთანდილი სახელმწიფო მოღვაწეა. მისი საჯარო საქმიანობა ბევრ სფეროს ფარავს: სოციალური პოლიტიკა (“მიეც ზოგი ხანაგათა“; ხანაგა – თავშესაფარი დავრდმილებისთვის), ინფრასტრუქტურა („ზოგი ხიდთა ასაგებლად“), საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა (ეხმარება ვაჭრებს და ჩაგრულებს, ებრძვიც კრიმინალს და მეკობრეობას). ამ თვალსაზრისით, ტარიელს, შეიძლება ითქვას, რომ „კენჭი არ გადაუბრუნებია“ თავის ქვეყანაში (ერთ დაპყრობით ომს თუ არ ჩავთვლით, რაც ინდოეთს ლამის სახელმწიფოებრიობის დაკარგვად უჯდება).
თუ ავთანდილი რაციონალურია, საქმეს ცივი გონებით ეკიდება და გრძობების აყოლას „გამორჩევა, აზრობა“ ურჩევია, ტარიელი ნახევრად შეშლილია („კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი“). დაზუსტებისთვის, სიშმაგე მისი პორტრეტის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია და ამას სიყვარულის დაკარგვამდეც არაერთხელ ავლენს; ზოგჯერ ბნედამდე და ალუცინაციებამდე მიდის და შეუძლია გააფთრებულ ვეფხვსაც აკოცოს: “ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა“.
ავთანდილი პრაგმატულია. მისი ფილოსოფია გამოყენებითი ფილოსოფიაა. ზედმეტად პრაგმატულიც კი: „ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“. მიზნის მისაღწევად შეუძლია გრძნობების წინააღმდეგაც წავიდეს: „რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. ის, არა მხოლოდ ემოციებს, მეხსიერებასაც კი აკონტროლებს: „ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა“. პრობლემებს არასდროს გაურბის, მაგრამ გამოსავალს პოულობს და აბალანსებს: „თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”. დეპრესიაში არ ვარდება (“მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა, რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა“), მეტწილად ლაღი და მხიარულია („მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა შვენება… ტანი ლერწამობს რხევითა“), საუბრის მომხრეა („არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი“) და მუდმივად – შედეგზე ორიენტირებული („საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა“), ზედმეტად ორიენტირებულიც კი: „შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების“.
ოპტიმისტია („ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია“), მაგრამ რეალისტი ოპტიმისტი: „ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად“; მომღერალია, ასტრონომია, პოეტია („ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების“), ფსიქოლოგია („მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების“), ადამიანების გამოცნობა შეუძლია („კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”), ყველაფერი სჭირდება, რაც აქვს („არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა“) და ზედმეტიც არაფერი უნდა: „ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღა ღირდეს არცა ჩირად“.
ტარიელი, პირიქით, აბსოლუტურ დეპრესიაშია: „სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა; არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?“; ურთიერთობას და საუბარს გაურბის („რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად“) და მხოლოდ ემოცია მართავს: “ბრძენი! ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა“; ექსცენტრულია და თავგანწირვით, ან უფრო ხშირად, თვითგანადგურებითაა დაკავებული; ჩაკეტილი, ხელმოცარული („იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა”), აგრესიული და დეპრესიულია („სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად“), დამარცხებას ეგუება და სხვებშიც სიბრალულს იწვევს: “ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია: არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია“. დეპრესიის გამო ფასეულობებზეც კი უარს ამბობს: „არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა“.
საბოლოო ჯამში, თავისი ქვეყნის ტიპიური მსხვერპლის, ტარიელის გადარჩენას, მისი მეორე „მე“, ავთანდილი ცდილობს: „ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა? რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა“.
თუ ავთანდილს „რაც არ კლავს, აძლიერებს“ („ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა“), ტარიელს რაც აძლიერებს, ისიც კლავს: „აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით, მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით“.
თუ ავთანდილი გაჭირვების ფასს ბედნიერებისთვის იხდის („ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან“), ტარიელს, რომელიც საკუთარი თავის ჩრდილიღა დარჩენილა („აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა“), პირიქით, ყველა უბედურება მისი ბედნიერი ბავშვობის საზღაური ჰგონია: „მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები, აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები“.
თუ ავთანდილი ყველაფრის, მათ შორის, არსებობის გამართლებას ცდილობს („სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“) და თავგანწირვასაც ფასს ადებს (“შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა), ტარიელი მკრეხელობს და სიცოცხლესაც კი, როგორც ღირებულებას, ეჭვქვეშ აყენებს: „იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა“.
თუ ავთანდილი მოქმედების მომხრეა (ბედი, ცდა და… გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცაგვხვდების”), ტარიელი ფატალისტია და შეუძლია საკუთარი თავი გამოიგლოვოს: „მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“. თუმცა, ფატალიზმი ინდოეთის ყველა პერსონაჟს გასდევს: „ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“.
თუ ავთანდილი მომთხოვნია („რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა”), ტარიელი უპასუხისმგებლოა („უგულო კაცი ვერ კაცობს“).
თუ ავთანდილი მოგზაური და მისიონერია, ტარიელი და ნესტანი ემიგრანტები არიან: “დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია“.
თუ ავთანდილი მხსნელის და თუნდაც მკურნალის როლს ირგებს („სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი“), ტარიელისთვის ორგანული – მსხვერპლად დარჩენაა. არაბეთში ყველა ამ უცხო მოყმის გადარჩენის სურვილითაა შეპყრობილი („რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა”), თავად „ბენეფიციარი“ კი ამასაც შავ-თეთრად აღიქვამს: „თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით“.
ამდენი კონტრასტის შემდეგ, თუ მაინც გვინდა რომელიმეს უპირატესობა მივანიჭოთ და „ვეფხისტყაოსნის“ მთვარი გმირის ნომინაცია გადავცეთ, ეს, რა თქმა აუნდა, ავთანდილია.